მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობა სახელმწიფო სამკერვალო "დემეტრე 96"-ს 3.9 მილიონად ყიდის - აუქციონი დაიწყო

6066de4f4d085
ვიქტორია მღებრიშვილი
02.04.21 12:56
4097
შპს „დემეტრე 96“ ერთ-ერთია იმ 10 სახელმწიფო საწარმოს შორის, რომელსაც საქართველოს მთავრობა პროექტის - "100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს" - ფარგლებში ყიდის.  eauction.ge-ზე შესაბამისი აუქციონი უკვე დაიწყო და 13 აპრილს დასრულდება. სახელმწიფო სამკერვალოს საწარმოს 100%-ს 3.9 მლნ ლარად ყიდის.

„ჩემი შვილივით ნაზარდი კომპანია იყიდება. სირცხვილი ქვეყანას“, - დაწერა სოციალურ ქსელში აღნიშნულ აუქციონთან დაკავშირებით დიზაინერმა თათა ვარდანაშვილმა. 

საქმე ისაა, რომ წინა მთავრობამ სამკერვალო საწარმო "დემეტრე 96" დიზაინერს 2010 წელს ჩამოართვა. ხელისუფლება მაშინ მიზეზად ”იაფი სესხის” სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2008 წელს 1.3 მლნ ლარის კრედიტის გაცემას ასახელებდა, რომელიც თათა ვარდანაშვილმა ვერ დააბრუნა. სახელმწიფო სესხით დიზაინერს კომპანია უნდა გაეფართოებინა, გადაეიარაღებინა და სტუდენტებისთვის სასწავლო ბაზა შეექმნა. თავად ბიზნესმენი კი აცხადებს, რომ წინ ხელისუფლებამ კომპანია უსამართლოდ ჩამოართვა.

თათა ვარდანაშვილი კომპანია „დემეტრე 96“-თან დაკავშირებულ პრობლემებზე მედია საშუალებებთან ჯერ კიდევ 2014 წელს საუბრობდა. მისი ინფორმაციით, კომპანია თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე 2012 წელს გადავიდა და ყველაფერს, რაც ჯარისკაცს ესაჭიროებოდა, ჟილეტებიდან დაწყებული, ფეხსაცმელების ჩათვლით, ის უკერავდა. ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე გადაყვანის შემდეგ კი, შეკვეთების მისაღებად ტენდერებში მონაწილეობა უწევდათ. დიზაინერის თქმით, კომპანია იმ პერიოდისთვის სრული დატვირთვით ვეღარ მუშაობდა და მთლიანად შეკვეთებზე იყო დამოკიდებული. შესაბამისად, 400-მდე დაქირავებული თანამშრომელი ანაზღაურებას გამომუშავებით იღებდა, რაც მათ უკმაყოფილებას იწვევს.

 

უფრო კონკრეტულად "დემეტრე 96"-ზე დიზაინერი თათა ვარდანაშვილი დღეს, 13:30 საათზე გადაცემა „ანალიტიკაში“ ისაუბრებს. 

რაც შეეხება საწარმოს გასხვისების პირობებს დეტალურად,  წულაძის N22, (ნაკვეთი 34/014), 2771.00 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი (ს/კ 01.17.11.034.014) და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საწყისი ღირებულება 3 921 000 ლარია.

ამასთან, აუქციონზე გაწერილია კომპანიის კუთვნილი არამატერიალური ქონებრივი მდგომარეობა:

• შპს ,,დემეტრე 96'' (ს/კ 205221614) წარმოადგენს შპს ,,ეროვნული ნაწარმის გაყიდვების სამსახურის“ (ს/კ 206337748) და შპს ,,მოდის სახელობო ლიცეუმის“ (ს/კ 206337677) 100% წილის მესაკუთრეს;
• კომპანიის აქტივები, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 4 123 491.53 ლარი;
• კომპანიის ვალდებულებები, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 2 232 832.59 ლარი;
• კომპანიის საკუთარი კაპიტალი, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით - 1 890 658.94 ლარი;
• საპრივატიზებო საწარმოს კუთვნილი უძრავი ქონების (ს/კ 01.17.11.034.014) ნაწილი (მე-3 სართულის 100 კვ.მ-მდე ფართობი) დაკავებულია ფაქტობრივი მოსარგებლეების მიერ და გამოიყენება საცხოვრებელი დანიშნულებით;
• საპრივატიზებო კომპანიის მთელ ქონებაზე რეგისტრირებული საგადასახადო გირავნობა/იპოთეკის უფლების და საჯარო სამართლებრივი შეზღუდვის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამონაწერში მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიულ პირთა რეესტრიდან (ამონაწერი იხილეთ დანართში);
• საპრივატიზებო კომპანია რეგისტრირებულია მოვალეთა რეესტრში;
• საპრივატიზებო კომპანიის არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე რეგისტრირებულია გირავნობა/ლიზინგის უფლება;
• საპრივატიზებო კომპანიის ბიუჯეტის მიმართ არსებული დავალიანების დაფარვის მიზნით დაწყებულია ყადაღადადებული ქონების რეალიზაციის შესაბამისი ღონისძიებები.

 


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები