მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მთავრობის დაკვეთით MTBS-მა “ანაკლიის პორტის” პოტენციალზე კვლევა განაახლა - შინაარსი საიდუმლოა

6180f3a33d921
შოთა ტყეშელაშვილი
02.11.21 13:10
1155
საქართველოს მთავრობის დაკვეთით, კომპანია MTBS-მა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პოტენციალთან დაკავშირებით ახალი კვლევა ჩაატარა, თუმცა როგორც ირკვევა, აღნიშნული კვლევა კონფიდენციალურია და სახელმწიფო მის შედეგებს არ გაასაჯაროებს.

შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულმა დესტრუქციულმა ნაბიჯებმა ამ ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელება შეაჩერა, რამაც ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. კონსორციუმი აღნიშნავს იმასაც, რომ საქართველოს ექს-პრემიერს აქვს ბიზნეს ინტერესები ფოთის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, რაც ბიძინა ივანიშვილის საინვესტიციო ფონდმა მიმდინარე წლის ოქტომბერში დაადასტურა.

გასული წლის ბოლოს საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ ანაკლიის პორტის პროექტის შესახებ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტი ხელახლა უნდა მომზადდეს. საკონსულტაციო კომპანია MTBS-სთან კვლევის მომზადების თაობაზე ხელშეკრულება მიმდინარე წლის მაისში გაფორმდა, 1 ივნისს კი მოსამზადებელ დოკუმენტს კონფიდენციალური ინფორმააციის სტატუსი მიენიჭა.

2021 წლის 18 ოქტომბერს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომ პროექტში ახალი ინვესტორის მოზიდვის მიზნით, განიხილება, რომ “მთავრობის მონაწილეობა უფრო მეტად წონადი იყოს”.

„რამდენიმე თვის წინ მოვიწვიეთ საერთაშორისო კონსულტანტები - კომპანია MTBS, რომელიც საზღვაო და საპორტო ინფრასტრუქტურაში სხვადასხვა სანდო კვლევებითაა ცნობილია. მათ ჩვენთვის ამ პროექტის და საინვესტიციო შეთავაზების განახლება გარკვეულწილად განახლებული სტრუქტურით გააკეთეს, სადაც მთავრობის მონაწილეობა შეიძლება უფრო მეტად წონადი იყოს და უფრო მიმზიდველი გავხადოთ ეს პროექტი,” - აცხადებს ნათია თურნავა.

თუმცა BMG-ის კითხვაზე, მინისტრი აცხადებს, რომ “წონად მონაწილეობაში” მას სახელმწიფოს მიერ პროექტის გარანტორობა არ უგულისხმია.

„სახელმწიფო ისედაც ძალიან კარგად იყო წარმოდგენილი. გარანტორი სახელმწიფო ამ პროექტში არ უნდა იყოს, რადგან ის საკმაოდ მიმზიდველია. კონკრეტულად რა სტრუქტურით იქნება ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ, მაგრამ სახელმწიფო კვლავ წარმომადგენლობითად იქნება პროექტში და ჩვენ მის პერსპექტივას ვხედავთ, განსაკუთრებით როდესაც პოსტ-კოვიდ ვითარებაში თანდათან ხდება გამოცოცხლება და მიუხედავად კოვიდისა, ტვირთების ტრანზიტი საქართველოზე გავლით არათუ შემცირდა, არამედ მთელი რიგი მიმართულებით გაიზარდა. ეს კვლავ ძალიან მიმზიდველი სფეროა“, - განმარტა ნათია თურნავამ.

ანაკლიის პორტის პროექტის პარალელურად, საქართველოს მთავრობას მოლაპარაკებები აქვს ფოთის პორტის ოპერატორ APM Terminals-თან, რომელიც ფოთის პორტში ახალი ტერმინალის აშენების პროექტს განიხილავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები