მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

პარაპლანით ფრენები პრობლემაა, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს - შს მინისტრი

62e41845d89e5
თამთა ჯიჯავაძე
29.07.22 21:23
1222
პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რეგულაციები გამკაცრდეს ან საერთოდ აიკრძალოს - ამის შესახებ შს მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა გუდაურში მომხდარ დღევანდელ ტრაგედიასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთებისას განაცხადა. მისი თქმით, კვირა არ გავა, რომ პარაპლანით მოსარგებლეების სამაშველო ოპერაცია არ გახდეს საჭირო.

„პარაპლანით ფრენები დიდი პრობლემაა. არაერთხელ მოხდა... თითქმის კვირა არ გავა, რომ არ მოხდეს სამაშველო ოპერაციის ჩატარება და ვერტმფრენის ჩართვა. არის გარდაცვალების ფაქტები. ალბათ, უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ რეგულაციები გამკაცრდეს, ან საერთოდ აიკრძალოს. არ ვიცი, ასე ხშირად რატომ ხდება პარაპლანის ჩამოვარდნა, ქარია, ხეობებია, ან არა არიან პროფესიონალები. ლიცენზიებიც როგორ გაიცემა, საინტერესოა. ამასაც „ჩავყვებით“ აუცილებლად. მანამდე სანამ ეს ყველაფერი დასრულდება, უნდა გაჩერდეს პარაპლანით ფრენა და შესწავლის შემდეგ მხოლოდ იმ ადამიანებზე გაიცეს ლიცენზიები, ვინც ნამდვილად პროფესიონალია. ამ დღეების განმავლობაში სანამ პასუხი არ გვეცოდინება, ფრენა შეჩერდება“, - განაცხადა გომელაურმა.

მან დაადასტურა, რომ ავიაკატასტროფის შედეგად გარდაცვლილია რვა ადამიანი. რაც შეეხება მიზეზებს, მისი თქმით, ჯერ ზუსტად ცნობილი არ არის და შემთხვევას ექსპერტები სწავლობენ.

ამ დროისთვის შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფები გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან და ყველა საჭირო ღონისძიებას ატარებენ.

შეგახსენებთ, დღეს, გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.

შსს-ს ცნობით, ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განაგრძობს პარაპლანის ინსტრუქტორის, თანმხლები მგზავრის და ვერტმფრენის ბორტზე მყოფი პირების სამაშველო ღონისძიებებს.

საჰაერო ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 275-ე მუხლით მიმდინარეობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები