მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართულ ბანკებს ეკონომიკაზე 41.7 მილიარდის სესხები აქვთ გაცემული - კრედიტები წლიურად 11%-ით გაიზარდა

61c3450a39212
შოთა ტყეშელაშვილი
22.12.21 23:45
767
საქართველოს საბანკო ასოციაციის მონაცემებით, 2021 წლის ნოემბრის მდგომარეობით, ქართული ბანკების მიერ გაცემული კრედიტების ჯამი 41.7 მილიარდ ლარს შეადგენს. ეს თანხა 2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11%-ით მეტია.

ხოლო თუკი დაკრედიტების მოცულობას ოქტომბრის მონაცემებს შევადარებთ, დავინახავთ, რომ ნოემბერში ქვეყანაში კრედიტების ნაშთი 0.7%-ით შემცირდა.

თუმცა, ეს კლება გამოწვეულია იმით, რომ ნოემბერში ლარი გამყარდა, რამაც უცხოურ ვალუტაში გამოსახული კრედიტების ნაშთი შეამცირა, კურსის ეფექტის გამო კი მთლიანი საკრედიტო პორტფელიც მცირედით შემცირდა.

ბანკებს შორის საკრედიტო პორტფელის სიდიდით პირველ ადგილზე “თიბისი ბანკია”, რომელსაც 15.88 მილიარდის სესხები აქვს გაცემული. 2020 წელთან შედარებით ბანკის კრედიტების მოცულობა 6.54%-ით არის გაზრდილი. საქართველოს ბანკს ეკონომიკაზე 14.89 მილიარდის სესხები აქვს გაცემული და მისი ზრდა 11.7%-ია, ლიბერთის 1.91 მილიარდის სესხები აქვს გაცემული, რაც წინა წელთან შედარებით 14.5%-ით არის გაზრდილი.

ნოემბრის მდგომარეობით თითქმის ერთი პროცენტული პუნქტით არის გაუმჯობესებული კრედიტების ლარიზაციის დონე და ის 49.43%-ს შეადგენს (ოქტომბერში 48.42% იყო).

მათ შორის კორპორაციულ პორტფელში ლარის წილი მხოლოდ 30.8%-ია, მცირე ბიზნესში კი 46.4%. გაცილებით მაღალია ლარიზაცია ფიზიკურ პირებზე გაცემულ კრედიტებში და ის 67.1%-ს შეადგენს. 2020 წლის დეკემბერთან შედარებით, ფიზიკური პირების კრედიტების ლარიზაცია 5 პროცენტულ პუნქტზე მეტად გაიზარდა, რაც საბაზრო პროცესთან ერთად 200,000 ლარამდე სავალუტო სესხების აკრძალვასაც უკავშირდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები