“ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ 2023 წელს საინტერესო სიახლეებითა და გეგმებით იწყებს. ჯგუფის მმართველი პარტნიორი გუგა ცანაცა Facebook-ის პირად გვერდზე წერს, რომ რეგიონში პირველი აუთლეტ სოფლის პროექტი, რომელიც თბილისში, ლილოში გაფორმების ეკონომიკური ზონის მიმდებარედ შენება სულ მალე ამოქმედდება.
10 ჰექტარზე მშენებარე 100 მლნ დოლარის ღირებულების აუთლეტ სოფლის გახსნის თარიღის გასარკვევად BM.GE “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველ პარტნიორს გუგა ცანავას დაუკავშირდა. მისი განცხადებით, აუთლეტ სოფლის გახსნა 2023 წლის სექტემბერში იგეგმება.
უნდა აღინიშნოს, რომ კომპანია „აუთლეტ სოფლის“ გახსნას, ჯერ კიდევ 2022 წელს გეგმავდა, თუმცა რუსეთ-უკრაინის ომის გამო მსოფლიოში შექმნილმა ლოგისტიკურმა სირთულეებმა პროექტის შესრულების ვადები გაახანგრძლივა. გუგა ცანავა ამბობს, რომ ამ ეტაპისთვის ადგილზე სამშენებლო პროცესები აქტიურად მიმდინარეობს.
„დომუს ჯგუფმა“ მსოფლიოში არსებული ლოგისტიკური სირთულეების დასაძლევად, დუბაიში მშენებლობის ახალ მეთოდოლოგიას მიაგნო, შესაბამისად მშენებლობისთვის საჭირო რკინის კონსტრუქციების დუბაიდან ჩამოტანა და აქ ააწყო. დღეს სტანდარტული სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს და სამშენებლო პროცესი მარტივ ფაზაში გადავიდა. ვფიქრობთ, ეს პროცესები დაახლოებით 4-5 თვეში დასრულდება და ბრენდებს საკუთარი მაღაზიების დიზაინზე მუშაობის დაწყების საშუალება ექნებათ“, - განმარტა ცანავამ.
მისი თქმით, საერთაშორისო ბრენდებთან “ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ აქტიური კომუნიკაციითა და მუშაობით ქვეყანაში აუთლეტ სოფლის გახსნამდე 22-მდე ბრენდი შემოდის, რომლებიც მაღაზიებს გახსნიან, შემდგომ კი საკუთარ ადგილს სოფელშიც დაიკავებენ.
„მიუხედავად იმისა რომ სოფლის მშენებლობა მიმდინარეობს, მსოფლიო ბრენდების 70% უკვე დაკონტრაქტებულია. ამ პროექტმა მათ შორის უამრავი ახალი ბრენდი მოიზიდა - Pinko, Patrizia Pepe, Donna Karan და რამდენიმე სხვა ბრენდმა საქართველოში მაღაზიები ჩვენს გამო უკვე გახსნეს. საქმე ის არის, რომ ბრენდი აუთლეტში ვერ შედის თუ ქვეყანაში მუდმივი ხაზი არ აქვს. ჩვენ ვპოულობდით ინვესტორებს, ვაკავშირებდით რიტეილერებთან... ამ მიდგომამ იმდენად გაამართლა, რომ ქვეყანაში 22 ახალი ბრენდი შემოვა, რომელიც საქართველოში შემოსვლას არ აპირებდა. ეს ბრენდები სხვადასხვა კატეგორიებიდან არის ფეხსაცმლის, პრემიუმის, ლაქშერის და სხვა. აქედან 22 ბრენდი საქართველოში შემოვა და ქუჩებსა და მოლებში გაიხსნება და შემდეგ წარმოდგენილნი იქნებიან აუთლეტ სოფელში.
„აუთლეტ სოფელში“ სულ 120 ბრენდი იქნება წარმოდგენილი. ჩვენი სტრატეგია საშუალო და მაღალი სეგმენტის ბრენდების შემოყვანაა, ამიტომ ძალიან ბევრ ბრენდს, რომელსაც ჩვენთან თანამშრომლობა უნდოდა უარი ვუთხარით“, - აღნიშნა გუგა ცანავამ.
“ჯორჯიან აუთლეტ ენდ რეზორტს გრუპის“ მმართველი პარტნიორი იმასაც ამბობს, რომ მაღალი დონის ბრენდებს მოლებში შესვლა არ უნდათ და მაღაზიების გასახსნელად, ისინი ადგილს რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირზე ეძებენ. გუგა ცანავა ბრენდებს არ აკონკრეტებს, თუმცა ამბობს, რომ ჯგუფის ჩართულობით ამ ადგილების მოძიება მიმდინარეობს და ლოკაციების შერჩევისთანავე გახსნიან მაღაზიებს.