მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"2021 წლის ზაფხულიდან ძალიან საინტერესო პერიოდი დაიწყება" - არჩილ გაჩეჩილაძე

5fd4c99168d17
თამთა ჯიჯავაძე
12.12.20 22:00
4860
მგონია, რომ 2021 წლის ზაფხულიდან ძალიან საინტერესო პერიოდი დაიწყება, - ამის შესახებ საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა არჩილ გაჩეჩილაძემ გიორგი ისაკაძის გადაცემა Forbes Talks-ში საუბრისას განაცხადა.

მან 2020 წელი შეაჯამა და აღნიშნა, რომ ამ წლის შეფასებისას სიტყვა „კმაყოფილების“ გამოყენება ძალიან გადაჭარბებული იქნება, თუმცა, მისივე თქმით, ეს სიტყვა კრიზისულ პერიოდში ბანკის გუნდის ერთიანობის მიმართ შეიძლება გამოვიყენოთ.

გარდა ამისა, საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მიუხედავად იმ მაღალი და განუსაზღვრელი რისკებისა, რომელიც 2020 წლის დადგომისთანავე გაჩნდა, დღეს უკვე თამამად შეიძლება ითქვას, რომ ეს რისკები შეფასებული და გადალახულია.

„გადალახვაში ვგულისხმობ იმას, რომ შესაბამისი რეზერვებია შექმნილი და ეს უკვე ასახულია ჩვენს მაჩვენებლებში. ასე რომ, როგორც კაპიტალის, ასევე ლიკვიდურობის მხრივ გვაქვს აბსოლუტურად მყარი სიტუაცია იმისათვის, რომ კომფორტულად მოვემსახუროთ ჩვენს მომხმარებლებს, დავეხმაროთ მათ ზრდაში და დიდი ნაბიჯების გადადგმაში 2021-ში. 2021 იქნება განსაკუთრებული წელი, იმიტომ რომ როგორც კი ვიგრძნობთ, რომ ეს [კრიზისი] სრულდება, უნდა შევძლოთ, რომ შევასრულოთ და განვახორციელოთ ის იდეები, რაც ჩვენ უკვე დიდი ხანია გვაქვს. ამ შემთხვევაში ჩვენს მომხმარებლებს ვგულისხმობ“, - განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.

მისივე თქმით, 2021 წლის ზაფხულიდან ის ელოდება მომხმარებლების გააქტიურებას.

„მგონია, რომ 2021 წლის ზაფხულიდან ძალიან საინტერესო პერიოდი დაიწყება. ერთი მხრივ კრიზისიდან როცა გამოდიხარ, მნიშვნელოვანია რომ რაღაცნაირად ბუფერები შექმნა თითოეული ოჯახის დონეზე, რაღაც გადადებული თანხა გქონდეს, რომელიც ამ კრიზისის პერიოდში შეიძლება დახარჯე და მოიხმარე, მეორე მხრივ ეს შეიძლება იყოს ბიზნესის გაფართოება, ახალი გეგმების განხორციელება, რომელიც დაპაუზებული გქონდა, იმიტომ რომ რთული პერიოდი იყო.

ასე რომ 2021 წლის ზაფხულიდან ველოდებით ჩვენი მომხმარებლების გაქტიურებას, განსაკუთრებით ბიზნესის კუთხით“, - განაცხადა გაჩეჩილაძემ.