მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბათუმის ნავთობტერმინალის” $48-მილიონიანი ქონება დაყადაღებულია

617bf23ba7b0a
შოთა ტყეშელაშვილი
29.10.21 17:45
2495
“ბათუმის ნავთობტერმინალის” $48 მილიონიანი ქონება დაყადაღებულია - ამის შესახებ კომპანიის მიერ გამოქვეყნებული ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.

ყაზახეთის სახელმწიფო საინვესტიციო ფონდის საკუთრებაში არსებული “ყაზტრანსოილი” ბათუმის ნავთობტერმინალის მესაკუთრეა. თავის მხრივ, “ბათუმის ნავთობტერმინალი” ბათუმის პორტის მართვის ექსკლუზიურ უფლებას ფლობს.

კომპანიის ფინანსური ანგარიშის თანახმად, 2021 წლის თებერვლის შემდეგ ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, შემოსავლების სამსახურმა კომპანიის საკუთრებაში არსებული $48.5 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები დააყადაღა.

“2021 წლის 9 თებერვალს, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ქონება 48,484,736 აშშ დოლარის ოდენობით დროებით დაყადაღდა, თუმცა „ბათუმის ნავთობტერმინალის“ საოპერაციო საქმიანობები არ შეწყვეტილა და მასზე რიმე სხვა სახით გავლენას ადგილი არ ჰქონია. 2021 წლის 4 მარტს „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობამ გაასაჩივრა ზემოთ ხსენებული დარიცხვები, თუმცა საქართველოს შემოსავლების სამსახურმა ის არ დააკმაყოფილა.

საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებების და საქართველოს მთავრობის 2021 წლის 17 მაისით დათარიღებული ინიციატივის შესაბამისად, „ბათუმის ნავთობტერმინალს“ აქვს უფლება, საგადასახადო ხელშეკრულება გააფორმოს საქართველოს შემოსავლების სამსახურთან, რომლითაც მოითხოვება დაკისრებული ჯარიმების გაუქმება, თუ ძირითადი გადასახადი გადაიხდება 2021 წლის 31 დეკემბრამდე. 2021 წლის 21 ივნისს „ბათუმის ნავთობტერმინალმა“ განაცხადი შეიტანა საქართველოს შემოსავლების სამსახურში.

შესაბამისად, „ბათუმის ნავთობტერმინალის“ ხელმძღვანელობამ აღიარა ანარიცხი მხოლოდ დღგ-სა და აქციზის გადასახადებზე, რამაც 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, 602,726 აშშ დოლარი შეადგინა, ხოლო 614,949 აშშ დოლარის ოდენობით დაკისრებული ჯარიმების დაფარვის რისკი ნაკლებ შესაძლებლად მიიჩნია.

„ბათუმის ნავთობტერმინალმა“ ასევე განიხილა 2021 წლის ივნისში ჩატარებული ინვენტარიზაცია და აღიარა ანარიცხი დღგ-ის, აქციზის გადასახადის და დაკავშირებული ჯარიმებისთვის, რომლებიც გამოვლენილ ნაკლებობებს და ზედმეტობებს უკავშირდებოდა, 2020 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით 1,857,081 აშშ დოლარის ოდენობით", - ნათქვამია კომპანიის ფინანსურ ანგარიშში.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, 2021 წლის 9 თებერვალს, შპს “ბათუმის ნავთობტერმინალის” მთელ ქონებას შემოსავლების სამსახურის მოთხოვნით საგადასახადო გირავნობა/აკრძალვა დაედო, რაც დღემდე ძალაშია.

ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ბათუმის ნავთობტერმინალს” 2020 წელს 25.74 მილიონი დოლარის შემოსავალი და 6.07 მილიონი დოლარის ზარალი ჰქონდა. კომპანიის მთლიანი აქტივები 102.8 მილიონი დოლარია.

BMG საკითხთან დაკავშირებით შეეცდება "ბათუმის ნავთობტერმინალის" და შემოსავლების სამსახურის განმარტებებიც მიიღოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები