NCDC-ის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდსიტუაციის გაუარესების დინამიკას ნახტომისებური სახე არ აქვს, თუმცა ბოლო 20 დღის განმავლობაში გაუარესების დინამიკა შესამჩნევია.
"ეპიდვითარებისთვის დამახასიათებელი ყველა ინდიკატორი ნელ-ნელა იმატებს. მხედველობაში მაქვს 100 000 მოსახლეზე ახალი შემთხვევების რიცხვი, რეპროდუქციის ინდექსი, რომელიც ერთს ასცდა; დადებითობის მაჩვენებელმა ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ორს გადააჭარბა; ასევე აქტიური ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა შეიმჩნევა. ეს, დაახლოებით, ისეთი სურათია, რომელიც გვქონდა ოქტომბრის დასაწყისში. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთდეს, გამოვიყენოთ გამოცდილება, რაც გვქონდა და მოვახდინოთ ეპიდსიტუაციის შემდგომი გაუარესების პრევენცია", - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
მან პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ „მთავარია, მაქსიმალურად გამოვიყენოთ პირბადე".
"პირბადეების გამოყენების სტატისტიკა ცოტა გაუმჯობესდა და 43%-ის ნაცვლად უკვე 51%-ია ანუ ჩვენმა საუბარმა, რომ აუცილებელია პირბადის გამოყენება, გარკვეულ შედეგამდე მიგვიყვანა. უნდა ავიდეთ 75%-80%-მდე, საუკეთესო შემთხვევაში კი 90%-მდე", - თქვა გამყრელიძემ.