მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ეს არის მათი პასუხისმგებლობა, ვინც ქსელი უკანონოდ დააერთა" - ხმალაძე წყნეთში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე

64ae8e787417c
თინათინ ნატმელაძე
12.07.23 15:23
351
"ჩემი აზრით, ეს გადის იმ ადამიანების პასუხისმგებლობაზე, რომლებმაც ეს უკანონო ქმედება ჩაიდინეს", - ამის შესახებ თბილისი ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა კითხვაზე იმის შესახებ, თუ ვის ეკისრება პასუხისმგებლობა წყნეთში, სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდებარე ტერიტორიაზე  მოზარდის დენის დარტყმით გარდაცვალების ფაქტზე.

ირაკლი ხმალაძე აღნიშნავს, რომ უბედურ შემთხვევაზე გამოძიება დაწყებულია და ყველა გარემოებას სამართალდამცავი ორგანოები დაადგენენ.

"პირველ რიგში, მწუხარებას გამოვთქვამ მომხდართან დაკავშირებით. არ მაქვს სურვილი, გავასწრო მოვლენებს. ყველამ კარგად ვიცით, რომ ძალოვანი უწყებები ამ გარემოებებს იკვლევენ. დადგინდება ყველა საჭირო გარემოება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. არ მინდა, ჩემი განცხადებებით ზედმეტი ინფორმაცია გავცე, ან ხელი შევუშალო საგამოძიებო პროცესებს. რაც ნიშანდობლივია - უკანონოდ დაერთებულმა ქსელმა ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. მინდა, ყველა ადამიანს მივმართო, ვისაც მსგავსი რამ განზრახული აქვს - უკანონოდ შეჭრა ქსელზე, ეს არის დენთან თამაში და არაფრით შეიძლება. ეს არის ერთადერთი, რაც ვიცი, რაც მიზეზობრივ კავშირშია მომხდარ ტრაგედიასთან", - აცხადებს თბილისის ვიცე-მერი.

მისივე თქმით, გასწია თუ არა ვინმემ ამის სათანადო მონიტორინგი და ვის ევალებოდა ეს, ამას პასუხი საგამოძიებო პროცესმა უნდა გასცეს.

შეგახსენებთ, რომ უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა და თვითმხილველების თქმით, სამედიცინო დახმარების მიუხედავად, მოზარდის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები