რამდენიმე თვეა ბენზინისა და დიზელის ღირებულება 4 ლარიან ნიშნულზეა და ამას საზოგადოების მხრიდან პროტესტიც მოჰყვა. 16 მაისის მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა კონკურენციის სააგენტოს მიერ საწვავის ინდუსტრიის მოკვლევის შუალედური ანგარიშის წარდგენის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრებს ნავთობკომპანიებთან შეხვედრა დაავალა. ამავე დღეს ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კომპანიებს ან უნდა დაედასტურებინათ მოკვლევის მიგნებები და ფასი შეემცირებინათ „ან ჩვენ ველოდებით მყარ არგუმენტებს, რაც მე არ მგონია ამ შემთხვევაში არსებობდეს. ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს“ - თქვა ეკონომიკის მინისტრმა.
რაც შეეხება სააგენტოს მიგნებებს, მოკვლევის შედეგებში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის ქვეყნებიდან საწვავის იმპორტის ღირებულება რუსულ იმპორტთან შედარებით უფრო მაღალია. „რუსეთიდან იმპორტირებული საწვავი გამოირჩევა მნიშვნელოვნად დაბალი თვითღირებულებით ევროპულ საწვავთან შედარებით, თუმცა მსხვილი კომპანიების შემთხვევაში, საცალო ფასი განსაზღვრულია ევროპის ქვეყნებიდან იმპორტირებული საწვავის იდენტურ ნიშნულზე. თვითღირებულებაში სხვაობა შეადგენს საშუალოდ 30-60 თეთრს, 1 ლიტრი რეგულარის მარკის საწვავზე“, - ნათქვამია კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მოკვლევის შედეგებში. მარეგულირებელი ორგანოს ხელმძღვანელმა ირაკლი ლექვინაძემ კი პარლამენტში განაცხადა: „ბევრ კომპანიას აპრილში ფასნამატები ჰქონდა გაზრდილი. მათ შეეძლოთ მომხმარებლებისთვის ბევრად უფრო იაფად მიეწოდებინათ პროდუქტი, დაახლოებით 20-25-თეთრიანი დაბალი ფასით, თუმცა ეს არ გააკეთეს“.
BM.GE-იმ საკითხის შეფასება ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელს ვანო მთვრალაშვილს სთხოვა. დარგის წარმომადგენელი კონკურენციის სააგენტოს საწვავის ფასის საკითხის მოკვლევას მნიშვნელოვნად მიიჩნევს და ამბობს, რომ დღეს საწვავი არამხოლოდ საქართველოში არამედ მსოფლიოშიც გაძვირებულია.
„ომის დაწყებიდან და მას შემდეგ საერთაშორისო ბაზარზე ნავთობის ფასი გაიზარდა: თებერვალში ბენზინის საშუალო ფასი 857 დოლარი იყო; მარტში - 1065 დოლარი; აპრილში - 1047 დოლარი; მაისში კი ბოლო 4-5 დღის განმავლობაში ბენზინის საერთაშორისო ფასი 1 286 დოლარია, რაც ისტორიულად ყველაზე მაღალი ფასია. ბაიდენმა სტრატეგიული მარაგების გამოტანის შესახებ განცხადება გააკეთა, რამაც ნავთობის ფასის კლება გამოიწვია და ეს მხოლოდ 2-3 დღე გაგრძელდა, ამ დროს დაემთხვა საქართველოში განცხადებებიც, რომ ფასები შემცირდებოდა“, - განაცხადა მთვრალაშვილმა.
ნავთობიმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი იმ ფაქტორებს განმარტავს, რომლებმაც მცირე და საშუალო გასამართ სადგურებს მარტ-აპრილში საწვავის გაიაფების შესაძლებლობა გაუჩინა.
„როგორ მოხდა ფასების შემცირება ქვეყანაში? ევროპული ქვეყნებში საწვავის ფასი საერთაშორისო ფასიდან გამომდინარეობს, მომწოდებელს მისი შემოტანისას პარტნიორებთან გარკვეული ვალდებულებები აკავშირებთ და ევროპული საწვავის შემომტან კომპანიებს, რომელთა რიცხვი საქართველოში ბევრია, მომწოდებლის შეცვლის შესაძლებლობა არ აქვთ. თუმცა ამ პერიოდში ქვეყანაში რუსული ფასდაკლებული საწვავის შემოსვლა დაიწყო. მაშინ როდესაც წინა პერიოდებში რუსული ბენზინი, რაც მხოლოდ რეგულარის ტიპის საწვავია, თითქმის ევროპულ ფასებად შემოდიოდა. შემცირებული ფასის პირობებში კი მარტ-აპრილში რუსული ბენზინის იმპორტი ბენზინის მთლიან სტრუქტურაში 50% შეადგენდა. ამიტომ მცირე და საშუალო იმპორტიორებმა, ვისაც რუსული ბენზინი შემოჰქონდა, გასამართმა სადგურებზე ფასები შეამცირეს.
რაც შეეხება დიდ კომპანიებს, ისინი ძირითადად ევროპულ პროდუქტზე არიან ორიენტირებულები და მათ ამის საშუალება არ ჰქონდათ. თუმცა აპრილში კომპანიები ლოიალურ და კორპორატიულ მომხმარებელს, რაც გაყიდვების 60-70% მოდის, საწვავის ფასის 20-25 თეთრიან ფასდაკლებას სთავაზობდნენ“, - განმარტა ნავთოპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.
კითხვაზე - ნიშნავს თუ არა ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები პირდაპირ ზეწოლას დარგზე და თუ დაუსაბუთეს ნავთობ იმპორტიორებმა შეხვედრაზე მინისტრებსა და კონკურენციის სააგენტოს ის არგუმენტები, რის გამოც მსხვილი ნავთობიმპორტიორები საწვავს ვერ გააიაფებდნენ, ვანო მთვრალაშვილმა შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა და თქვა: „საწვავზე მაღალი ფასი მსოფლიოში პრობლემას წარმოადგენს და საზოგადოების განწყობაზე მოქმედებს. ხელისუფლება ისეთ მგრძნობიარე საკითხზე როგორც საწვავის ფასია, აკეთებს განცხადებებს, რომელიც საზოგადოების მხრიდან დადებითად იქნება აღქმული. მინდა აღვნიშნო, რომ შეხვედრისას იმპერატიული ტონი არ ყოფილა, საკმაოდ კონსტრუქციული და საქმიანი საუბარი შედგა“.
დარგის წარმომადგენელი არსებულ მძიმე ვითარებაში გამოსავალს ისევ ალტერნატიული ბაზრების მოძიებაში ხედავს, თუმცა ამბობს, რომ ეს მაინცდამაინც რუსეთი არ უნდა იყოს. მთვრალაშვილს უჭირს იმის თქმა, რომელი ბაზრები შეიძლება განიხილებოდეს ალტერნატივა და ვერც იმას აკონკრეტებს რა პერიოდში შეძლებენ კომპანიები გადაწყობას, იმისთვის რომ ქვეყანაში იაფი საწვავი გაჩნდეს.
„ალტერნატიული წყაროების მოძიება მნიშვნელოვანია, თუმცა საუბარი არ არის რუსულ ბაზარზე გადაწყობაზე, რადგან ეს არასტაბილური მიმართულებაა და თუ აპრილში რუსული ბენზინი ფასდაკლებით მოდიოდა, მაისის თვეში, დარწმუნებული ვარ ეს შეიცვლება და ასეთი ფასდაკლებით აღარ შემოვა, რადგან რუსული რუბლი მყარდება. უნდა მოვძებნოთ ალტერნატიული წყაროები, თუმცა მე ამაზე საუბარი დღეს გამიჭირდება. ეს კომპანიების პრიორიტეტული სტრატეგიული მიდგომა იქნება უახლესი პერიოდის განმავლობაში. იმის თქმაც რთულია რამდენ ხანში შეძლებენ კომპანიები ამ შედარებით იაფი საწვავის ბაზრების მოძიებას.
დღეს ისეთი მაღალი საერთაშორისო ფასებია, საუბარი იმაზე ხვალ-ზეგ რა იქნება ძალიან რთულია“, - უთხრა BM.GE-ს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელმა.