მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"გალიფ ოზთურქის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერება არ აღმოჩნდა" - "მეტრო ჰოლდინგი"

62c449a9f0e18
თათია ჩაფიჩაძე
05.07.22 18:26
4846
"გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები" - ამის შესახებ "მეტრო ჰოლდინგის" განცხადებიდან ირკვევა. ორგანიზაციის განცხადებით, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ექსპერტიზის დასკვნის გასაჯაროება გადაწყვიტეს. ამასთანავე, კომპანიას გალიფ ოზთურქის დაკავების დროს ნარკოტიკული ნივთიერების აღმოჩენასთან დაკავშირებით კითხვები აქვს. 

ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი 30 მაისს, ბათუმში მის საცხოვრებელ სახლში დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიებას ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური აწარმოებდა, რომლის მიხედვითაც ბიზნესმენმა დიდი ოდენობით გადასახადებს აარიდა თავი, თუმცა ოზთურქს ამ დრომდე ფინანსურ დანაშაულზე ბრალი წარდგენილი არ აქვს. 2 ივნისს საქართველოს პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენს ნარკოდანაშაულისთვის წაუყენეს ბრალი, რაც 7.2 გრამი კოკაინის შენახვას უკავშირდებოდა. ბრალი 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.

"მეტრო ჰოლდინგის" განცხადება:

"გასული თვის განმავლობაში განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა ბიზნესმენი გალიფ ოზთურქი, რაც განპირობებული იყო მისი დაკავებითა და წარდგენილი ბრალდებით, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვაში. დაკავების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ბატონმა გალიფ ოზთურქმა აღნიშნა, რომ წარდგენილ ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს, შექმნილ ვითარებას უწოდა გაუგებრობა და მთავარ პრობლემად, მის საკუთრებაში არსებული “მეტრო ჰოლდინგი”-ს შეუფერხებელი მუშაობა და ჰოლდინგში დასაქმებულ 5000-მდე პირის შემდგომი ბედი დაასახელა.

ბატონ ოზთურქს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დღემდე „მეტრო ჰოლდინგი“ ყველა ოფიციალურ განცხადებაში აღნიშნავდა, რომ მასში შემავალი კომპანიები მაქსიმალურად იყვნენ ჩართულნი საგამოძიებო ღონისძიებებში, რათა საქმეზე დროულად დადგენილიყო ობიექტური ჭეშმარიტება და საზოგადოებაში არსებულ კითხვებს გასცემოდა პასუხი.

დღეს ბ-ნი ოზთურქის ადვოკატები ასაჯაროებენ ქიმიურ-ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის შედეგებს, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში გამოძიებამ მიაწოდა დაცვის მხარეს, კერძოდ, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2022 წლის 21 ივნისს დასკვნით დადგენილია, რომ გალიფ ოზთურქის სისხლის ნიმუშში არ აღმოჩნდა ნარკოტიკული საშუალებები და ფსიქოტროპული ნივთიერებები.

"მეტრო ჰოლდინგის" ადვოკატათა განცხადებაში ნათქვამია, რომ „აღნიშნული კიდევ უფრო ამყარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომელსაც ბრალდებულის დაკავების დღიდანვე გამოვხატავდით; კეძოდ, ამოღებული ნარკოტიკული საშუალებები არ ეკუთვნის ბ-ნ გალიფ ოზთურქს და მისი „აღმოჩენა“ მთელ რიგ კითხვებს ბადებს, რომელსაც ახლო მომავალში აუცილებლად გაეცემა პასუხი. ჩვენს ხელთ არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა გვაძლევს საფუძველს განვაცხადოთ გალიფ ოზთურქის უდანაშაულობის შესახებ წარდგენილ ბრალდებაში, რაც სასამართლოსა და ფართო საზოგადოების წინაშე დადასტურდება საქმის სასამართლოში განხილვის დროს," - ნათქვამია განცხადებაში. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები