მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მაგთის" აბონენტთა რაოდენობა 44 ათასით, "სილქნეტის" კი 76 ათასით შემცირდა - ზრდა აქვს "ბილაინს"

601989d7deb09
BM.GE
03.02.21 00:10
10983
2020 წლის განმავლობაში საქართველოში მოქმედ მობილურ ოპერატორებში აბონენტების, ანუ აქტიური სიმ-ბარათების რაოდენობა შემცირდა. კომუნიკაციების კომისიის თანახმად, 2019 წლის ნოემბერთან შედარებით 2020 წლის ნოემბრს კლება 115 ათასს შეადგენდა.

შედეგად, 2020 წლის ნოემბრისთვის ქვეყანაში სულ 4.86 მილიონი აბონენტი (სიმ ბარათი) იყო აქტიური, რაც ნიშნავს, რომ თითოეულ მოსახლეზე 1.3 აქტიური ნომერი მოდის.  აბონენტთა რაოდენობის კლების მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ 2020 წელს საქართველოში უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა 81%-ით შემცირდა, შესაბამისად ის უცხოელები, რომლებიც გრძელვადიანი პერიოდით მოიხმარდნენ ქართულ ნომრებს, ქვეყანაში აღარ იმყოფებოდნენ. ასევე ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ აბონენტთა ნაწილმა, რომელთაც 2 აქტიური ნომერი ჰქონდათ, ეკონომიკური კრიზისის ფონზე ერთი ბარათი დროებით გააუქმა.

კომუნიკაციების კომისიის ანგარიშის მიხედვით, აქტიური სიმ-ბარათების რაოდენობა ყველაზე მეტად - 76 ათასით "სილქნეტის" ქსელში შემცირდა, "მაგთის" ქსელში კი კლებამ 44 ათასი შეადგინა. ერთადერთი ოპერატორი, რომელსაც აბონენტების რაოდენობა გაიზარდა "ვიონი საქართველოა".

კომუნიკაციების კომისიის თანახმად აბონენტების (აქტიური სიმ-ბარათების) მიხედვით, ოპერატორების რეიტინგი და წინა წელთან შედარებით აბონენტების ზრდა/კლება ასე ნაწილდება:

"მაგთიკომი" - 1,959,149 აბონენტი, კლება წინა წელთან -43,986;
"სილქნეტი" - 1,651,829 აბონენტი, კლება წინა წელთან -75,879;
"ვიონი საქართველო" - 1,248,051 აბონენტი, ზრდა წინა წელთან 5,357.

მობილური მომსახურებიდან მიღებული საცალო შემოსავლები 2019 წლის იანვარ-ნოემბერთან შედარებით შემცირდა 8.4 მლნ ლარით და მან 2020 წლის იანვარ-ნოემბერში 447.7 მილიონი ლარი შეადგინა.

თანხობრივად შემოსავლებში კვლავ “მაგთი” ლიდერობს, კომპანიამ 2020 წლის იანვარ-ნოემბერში აბონენტებისგან 203 მილიონი ლარი მიიღო.

მობილური საცალო მომსახურებიდან მიღებული შემოსავლების რეიტინგი იანვარ-ნოემბერში:

"მაგთიკომი" - 203,375,281 ლარი, კლება წინა წელთან -3.49%
"სილქნეტი" - 163,408,291 ლარი, ზრდა წინა წელთან 0.45%
"ვიონი საქართველო" - 80,904,535 ლარი, კლება წინა წელთან -1.97%.

მობილური ოპერატორებისთვის ერთ-ერთი მთავარი ინდიკატორი ერთი აბონენტიდან თვის განმავლობაში მიღებული შემოსავლებია. ამ კუთხით ყველაზე მეტი შემოსავალი 2020 წლის ნოემბრის თვეში (9.74 ლარი) "მაგთის" აქვს, მეორე ადგილზეა "სილქნეტი" 9.03 ლარით, მესამეზე კი "ვიონი" 6.05 ლარით.