მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მთის კურორტების ჩაკეტვით, დაახლოებით, 1.3 მლნ ლარის შემოსავალი დაგვაკლდა" - Inn Group

5fc11d4847b5c
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 10:50
1274
ტურიზმის სექტორში მოქმედი კომპანია Inn Group გუდაურსა და ბაკურიანში 2 სასტუმროს - Bakuriani Inn-სა და Gudauri Inn-ს მართავს. ბიზნეს ჯგუფი მთის სასტუმროებს სეზონისთვის ამზადებდა და ერთ-ერთ მათგანში ჯავშნებიც მიღებული ჰქონდა, თუმცა სახელმწიფოს მიერ მთის კურორტებზე დაწესებული შეზღუდვებით სასტუმროები დეკემბერში ადგილობრივ დამსვენებლებს ვერ მიიღებენ.

„შეზღუდვების დაწესებით ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ, დაახლოებით, ბაკურიანში - 0.5-დან 1 მლნ ლარამდე, ხოლო გუდაურში 300 000 ლარს ვკარგავთ“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ერეკლე კოკაიამ.

მისივე თქმით, დღეისთვის თუ სასტუმროებში 150-მდე ადამიანი იყო დასაქმებული, ამოქმედების შემდეგ ადგილობრივი დამსვენებლის მხრიდან მოთხოვნა იმდენად მაღალი იყო, რომ ამ ორ სასტუმროში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზრდებოდა.

„ბაკურიანში რამდენიმე დღის წინ დავიწყეთ გაყიდვები და მოთხოვნა საკმაოდ მაღალი იყო. ათობით ადამიანი იყო დაინტერესებული და 20 დეკემბრიდან ჯავშნებიც შემოდიოდა. ეს ნიშნავდა იმას, რომ ამ ზამთარსაც გადავაგორებდით. წინა წლებში გუდაურში ჩვენი სტუმრების 99% უცხოელები იყვნენ. წელს ვერგებოდით ადგილობრივი ბაზრის მოთხოვნებს - ძალიან ბევრი რამის შეთავაზება გვინდოდა მომხმარებლისთვის, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მუშაობის საშუალება არ გვექნება“, - ამბობს ერეკლე კოკაია.

Inn Group-ის ხელმძღვანელი ამბობს, რომ სასტუმროების სრულ დახურვას და დღეისთვის იქ დასაქმებულთა სახლში გაშვებას არჩევენ, რომ სახელმწიფოს კოვიდ-სასტუმროების პროგრამაში ჩაერთონ. 

„ან დავიხურებით ან სახელმწიფო აიღებს კოვიდ-სასტუმროებად. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ამაში სახელმწიფო დაბალ ფასს იხდის, თუმცა ამით თანამშრომელთა შენარჩუნებას მაინც შევძლებთ. გადასახადების გაუქმება მნიშვნელოვანია, რათა არ გაკოტრდეს ბიზნესი, თუმცა არაა საკმარისი, რომ თანამშრომლები შევინარჩუნოთ; საჭიროა, ოპერაციებიდან მიზერული შემოსავალი მაინც გვქონდეს“, - განმარტავს ერეკლე კოკაია.

აღსანიშნავია, რომ კომპანია აქტიურად იყო ჩართული საკარანტინე სივრცეების პროგრამაში, თუმცა ერეკლე კოკაია ამბობს, რომ დღეს საკარანტინე სასტუმროების დატვირთვა შემცირებულია, რაც კომპანიისთვის არ არის ხელსაყრელი.

„თქვეს, რომ საკარანტინე ზონებად შეძლებენ სასტუმროები მოქმედებას, მაგრამ არ ვიცით რამდენი ხანი დასჭირდებათ საკარანტინე სივრცეები, რადგან ქვეყანაში შემოსულ პირებისთვის კარანტინის გავლა სავალდებულო აღარაა. თუ ზაფხულში საკარანტინე სასტუმროების დატვირთვა 70%-დან 85%-მდე იყო, ახლა დაკავებულობა 40%-ც არ არის. ამ პირობებში საკმარისი შემოსავალი არ არის და ხარჯიც მეტია“, - უთხრა BM.GE-ის Inn Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები