მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"Phubber უკრაინისთვის" - ქართული პლატფორმა უკრაინაში ახალ პროექტით ბრუნდება

626a69297be90
ვიქტორია მღებრიშვილი
28.04.22 22:00
920
სამოსის და აქსესუარების გაყიდვების ქართული პლატფორმა Phubber-ი უკრაინელი ხალხისა და მწარმოებლების დასახმარებლად უკრაინულ ბაზარზე ახალი პროექტით ბრუნდება. მაისიდან ქართველი მომხმარებელი Phubber-ში უკრაინელების მიერ წარმოებული სამოსისა და აქსესუარების შეძენას შეძლებს.

კომპანიის თანადამფუძნებელი გიორგი ჩუგოშვილი BM.GE-სთან საუბრისას განმარტავს, რომ ახალი პროექტის ინიციატორები Phubber-ის უკრაინელი თანამშრომლები იყვნენ. როგორც ცნობილია, ონლაინ გაყიდვების პლატფორმა უკრაინულ ბაზარზე გასული წლის აგვისტოში შევიდა, თუმცა ომის დაწყების შემდეგ კომპანიის 7-კაციანმა უკრაინულმა ჯგუფმა ოპერირება დროებით შეაჩერა. გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ უკვე დღეისთვის უკრაინაში ადგილობრივი მწარმოებლები თავიანთი წარმოების გამოცოცხლებას ცდილობენ, რაშიც ხელშეწყობა სჭირდებათ.

„უკრაინელი მწარმოებლების დიდი ნაწილი შიდა ბაზარზე იყო ორიენტირებული, იქ კი მსყიდველობითუნარიანობა დაწეულია და ახლა სამოსისა და აქსესუარების შეძენის შესაძლებლობა მაინცდამაინც არ აქვთ. ამიტომ მათ ქვეყნის გარეთ რეალიზაცია სჭირდებათ, რისთვისაც არც უნარები და არც მარკეტინგული რესურსი არ აქვთ, თუმცა ძალიან გახსნილები და მონდომებულები არიან, რომ ვინმე დაეხმაროთ.

გადავწყვიტეთ მათი გემოვნებიანი, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი პროდუქცია თავდაპირველად ქართველი მომხმარებლისთვის შეგვეთავაზებინა, ანუ გადავწყვიტეთ უკრაინული მიწოდება ქართულ მოთხოვნასთან დაგვეკავშირებინა“, - ამბობს გიორგი ჩუგოშვილი.

ამისთვის კი მაისის დასაწყისიდან Phubber-ის აპლიკაციაში უკრაინული სექცია გაჩნდება. ამ განყოფილებაში შეძენილ სამოსსა და აქსესუარებს ქართველი მომხმარებელი გარკვეული დროის შედეგ მიიღებს. ახალი პროექტი უკრაინელი მწარმოებლების, დიზაინერების და უბრალოდ ხალხის დახმარების მიზნით 3 მიმართულებას მოიცავს.

„ჩვენი პარტნიორების ხელშეწყობით ამ სექციაში შეძენილ ნივთებს მხოლოდ Phubber-ის მინიმალური საკომისიო დაემატება. ჩამოტანა უფასო იქნება. მთავარია ჩვენმა მომხმარებელმა არჩევანი უკრაინულ ნაწარმზე გააკეთონ.

პროექტს 3 მიმართულება აქვს:

1. იყიდე უკრაინული, ანუ უკრაინული ბრენდის ან უკრაინელი დიზაინერის პროდუქტი;
2. იყიდე უკრაინელისგან - ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი უცხოური ბრენდის სამოსი ან ნივთი, თუმცა აუცილებლად უკრაინელი გამყიდველის მიერ იქნება შემოთავაზებული, რათა მათ დამატებითი შემოსავალი გაუჩნდეს.
3. იყიდე უკრაინელისთვის - ჩვენს ახალ ვერსიის გაშვების შემდეგ იქნება ჩამონათვალი, თუ რა სჭირდება უკრაინელ ხალხს. ამ საჭიროებებს თავად უკრაინელები მიუთითებენ. ქართველებს ამ პროდუქციის ყიდვა და ჩვენი მეშვეობით ადგილზე მიწოდება შეეძლებათ. ამგვარად პირდაპირ ხალხთან შევძლებთ მათთვის საჭირო თანხის და ნივთების მიტანას და არა რომელიმე ორგანიზაციის გავლით“, - უთხრა BM.GE-ის კომპანიის თანადამფუძნებელმა.

ის აღნიშნავს, რომ უკრაინაში გაშვების შემდეგ Phubber-ს 10 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავდა, დღეს კი ახალი პროექტის ფარგლებში უკრაინაში მოქმედი 20-მდე მცირე და საშუალო მეწარმე თუ ბრენდი თავისი პროდუქციის რეალიზების მიზნით Phubber-თან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს.

გიორგი ჩუგოშვილი ამბობს, რომ უკრაინიდან საქართველოში სამოსისა და აქსესუარების მიწოდებით Phubber-ი საერთაშორისო გადაზიდვების ჯაჭვის მონაწილე გახდება, რაც მას ონლაინ გაყიდვების პლატფორმაზე განთავსებული ნივთების სხვა ქვეყნებში გაყიდვისა და გატანის შესაძლებლობას მისცემს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები