მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"პირველ რიგში უნდა განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი"

5e87086b2ac25
ინგა მურუსიძე
03.04.20 21:17
2562
"პირველ რიგში უნდა განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი", - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

"დღეს პრემიერ-მინისტრმა ეკონომიკური ბლოკის მინისტრებს დაგვავალა პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობის დაწყება. ეს იქნება ეკონომიკის აღორძინების გეგმა მას შემდეგ, რაც დავამარცხებთ კორონავირუსის გამოწვევას. ჩვენ ვართ სახელმწიფო, რომელიც ცნობილია იმით, რომ რამდენიმე ნაბიჯით ვუსწრებთ მოვლენებს და სამაგალითო სახელმწიფო ვართ იმით, რომ უმკლავდება სწრაფად ამ გამოწვევას. ეკონომიკაშიც ასე მოვიქცევით, მართალია ჯერ კიდევ კორონავირუსთან ბრძოლის შუა ეტაპზე ვართ, მაგრამ მზად უნდა შევხვდეთ იმ ეტაპს, როცა ვირუსს დავამარცხებთ და დავეხმარებით ეკონომიკას, რომ ამოიქოქოს. ამისთვის უნდა ვიყოთ მზად. პრემიერის დავალების თანახმად, ამ გეგმაში ავსახავთ და ავამოქმედებთ უკვე არსებულ ყველა ბერკეტს, იქნება ეს აწარმოე საქართველოში, რომლის ფარგლებშიც პირბადეებს ვკერავთ. ჩვენი მთავარი ამოცანა იქნება პირველ რიგში განვავითაროთ იმპორტის ჩამნაცვლებელი ქართული ბიზნესი", - განაცხადა თურნავამ.

მისივე თქმით, "აწარმოე საქართველოში" სრულიად ახალ ეტაპზე გადავა.

"ვიზრუნოთ იმაზე, რომ საკუთარი თავის უზრუნველყოფა შევძლოთ კრიტიკულ სიტუაციაში. პროგრამა "აწარმოე საქართველოში" სრულად გადაერთვება ამ ახალ ამოცანებზე, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ბერკეტია საკრედიტო-საგარანტიო სქემა. ეს წინა პერიოდში ძალიან მოთხოვნადი არ იყო, თუმცა კრიზისის დროს ასეთი ტიპის მექანიზმები არის უფრო აქტუალური. ახლა ამ მექანიზმის გაფართოება არის დროული. ეს დაგვეხმარება გადავარჩინოთ ასობით ბიზნესი. კონკრეტულ ფორმას უახლოეს დღეებში შევთავაზებთ ქართულ ბიზნესს.  ჩვენ ყველა შესაძლო ბერკეტს ვამოქმედებთ, რომ ადგილობრივი წარმოება იყოს დაცული, განვითარდეს და მისი კონკურენტუნარიანობა ამაღლდეს. პირველ რიგში უნდა დავაკმაყოფილოთ საკუთარი ბაზრები და მერე, როგორც კი საშუალება მოგვეცემა, ექსპორტზე დავიწყოთ ზრუნვა", - განაცხადა მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები