მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"თბილისში ჯამში 10 ათასამდე ავარიული შენობა გვაქვს" - როგორ აპირებს მერია პრობლემის მოგვარებას?

616421bd70b5e
ინგა მურუსიძე
11.10.21 15:43
2839

თბილისის ვიცე-მერ, ირაკლი ხმალაძის ინფორმაციით, თბილისში ჯამში 10 ათასამდე ავარიული შენობაა. როგორც ხმალაძემ დღეს ჟურნალისტებს უთხრა, თბილისის მერობის კანდიდატ, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამაში გაწერილია გეგმა, რომელიც ითვალისწინებს ავარიული შენობების არა გამაგრებას, არამედ ჩანაცვლებას.

„ავარიული შენობები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია ჩვენი ქალაქის ცხოვრებაში და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენ ვფიქრობთ, რომ მთავარი უნდა იყოს ავარიული სახლების ჩანაცვლება. ეს პრობლემა დღეს არ დაწყებულა. ბოლო 4 წელი აქტიურად ვიმუშავეთ ამაზე. 365 ავარიული შენობის რეაბილიტაცია მოახდინა მუნიციპალიტეტმა ამ წლების განმავლობაში და ყოველწლიურად, ბიუჯეტში 15-20 მლნ აუცილებლად იყო გათვალისწინებული ავარიული შენობების რეაბილიტაციისთვის. 62-ის გამაგრება დღესაც მიმდინარეობს. მომდევნო 4 წელიწადში გვინდა განახლებული პროგრამით ვიმუშაოთ და ვგულისხმობთ ავარიული შენობების არა განახლებას, არამედ ჩანაცვლებას.

თბილისში ჯამში გვაქვს 10 ათასამდე ავარიული შენობა. ჩვენ გვაქვს შეთავაზება მოსახლეობისთვის, რომელიც ითვალისწინებს, მოსახლეობის დროებით, ქირით ფართებით უზრუნველყოფას და 2 წლის განმავლობაში ჩანაცვლების პროგრამის განხორციელებას. თუმცა ეს არ იქნება 5-10 სართულიანი კორპუსის მშენებლობები, არამედ ჩანაცვლება ტერიტორიის, რომ ურბანული სივრცეები არ ავითვისოთ“, - განაცხადა ხმალაძემ და დასძინა, რომ 4-6 წელი ავარიული შენობების ჩანაცვლებას არ ეყოფა, თუმცა მთავარია, რომ პროცესი არ შეჩერდეს.

მისი თქმით, კალაძის პროგრამაში გაწერილია ძირითადად ე.წ. ხრუშოვკების ჩანაცვლება, თუმცა აქ იგულისხმება არა მხოლოდ ხრუშოვკების, არამედ სწორედ ავარიული შენობების ჩანაცვლებაც. ხმალაძის განმარტებით, პროგრამაში დეველოპერები არ ჩაერთვებიან, აქ ჩაერთვებიან სამშენებლო კომპანიები.

„მუნიციპალიტეტი აცხადებს ტენდერს, მოსახლეობასთან აქვს კომუნიკაცია, იხდის თანხას და სამშენებლო კომპანია ახორციელებს პროექტს. ეს არის სქემა“, - განმარტა ხმალაძემ.

კითხვაზე, კანონმდებლობის დონეზე იგეგმება თუ არა რაიმეს შეცვლა, ვიცე-მერმა უპასუხა, რომ კანონმდებლობის დონეზე ყველაფერი კარგადაა, რადგან უკანონო მიშენებები და დაშენებები ისედაც აკრძალულია.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები