„მაკშაურმას“ დამფუძნებელი რამაზ ხარებავა სოციალურ ქსელში, ერთ-ერთი მომხმარებლის მიერ გავრცელებულ რუსულენოვან ქვითართან დაკავშირებით განმარტებას bm.ge-ისთან აკეთებს.
"თვითმომსახურებისას მომხმარებელი ტერმინალის ენას თავად ირჩევს" – აცხადებს რამაზ ხარებავა.
საქმე ის არის, რომ გუშინ, სოციალურ ქსელში მოქალაქემ „მაკშაურმას“ რუსულენოვანი ქვითრის ფოტო გაავრცელა. „რუსულად რატომ უნდა იძლეოდნენ ჩეკს ბათუმის საშაურმეში?! უცხოელებისთვის ინგლისურად რომ დაწეროთ, ღირსება შეგელახებათ?! დიდი სირცხვილი თქვენ და ორ დღეში ამას თუ არ გამოასწორებთ, თავს არ დავზოგავ, რომ თქვენს ქსელს პრობლემები შევუქმნა! რა შემიძლია ერთ ადამიანს, ამას თვალნათლივ ნახავთ, ამიტომ არ გირჩევთ საპასუხო პოსტების წერას. უბრალოდ, თავი დახარეთ და გამოასწორეთ ეს ხარვეზი ზუსტად ორ დღეს გაძლევთ!“, - წერდა ლევან სებისკვერაძე.
თავის მხრივ, „მაკშაურმას“ დამფუძნებელი ირწმუნება, რომ რუსულენოვანი მენიუ არ დაუმატებიათ.
„თვითმომსახურების ტერმინალებში, რომელიც ჩვენს ფილიალებში დგას, ჩატვირთულია სამი ენა: ქართული, ინგლისური და რუსული. ამ შემთხვევაში მომხმარებელმა აირჩია რუსული ენა და ტერმინალმაც რუსულენოვანი ქვითარი მისცა. ასეთივე ტერმინალები სადაც დგას, იგივე სისტემით მუშაობს ყველა“, - განაცხადა BMG-ისთან რამაზ ხარებავამ.
ამასთან, როგორც „მაკშაურმას“ დამფუძნებელი ამბობს, მცდარი ინფორმაციის გავრცელების გამო, რაც ბრენდს რეპუტაციას ულახავს, კომპანიის იურისტებს რეაგირება ექნებათ.
„იმდენად არასწორად გავრცელდა ინფორმაცია, ნერვიულობისგან მთელი ღამე არ მიძინია. ყველა ხედავს, როგორ ვუდგები და როგორ მიყვარს ჩემი საქმე და ისეთი კუთხით ამიგორეს ეს ყველაფერი, რომ კომენტარიც არ მაქვს. ითქვა, რომ თითქოს რუსულ ენაზე გვაქვს მენიუ და რუსულ ენაზე ვემსახურებით მომხმარებელს, რაც ტყუილია. ყველგან, სადაც თვითმომსახურების ტერმინალები დგას, იქაც იგივე სისტემაა, ვიდეოსაც დავდებთ, თუ როგორ მუშაობს ტერმინალი. ამ საკითხზე მუშაობენ ჩემი იურისტები და რეაგირება აუცილებლად მოჰყვება“, - აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი და დირექტორი რამაზ ხარებავა.