მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები... სახელმწიფო "ბორჯომის" თანამფლობელი იქნება"

62a70fa105cf2
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.22 14:17
798
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ “ბორჯომის” აქციონერებთან და საერთაშორისო მარეგულირებლებთან მოლაპარაკებები უკვე დასრულებულია. სწორედ ამიტომ მთავრობის სხდომაზე დღეს აქციების პაკეტის გადაცემის დასადასტურებლად სპეციალური დადგენილების პროექტს განიხილავენ. 

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, კომპანიის აქციების პაკეტის სახელმწიფოსთვის გადმოცემა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით მოხდება, ხოლო გადმოცემის შემდეგ კი კომპანიის და მასში დასაქმებული პირების პრობლემები სრულად მოგვარდება. პრემიერმა ასევე გააკრიტიკა კომპანიის ქართული მენეჯმენტი, რომელმაც სამსახურიდან 50 თანამშრომელი გაათავისუფლა.

“წარმატებით დავასრულეთ მოლაპარაკებები "ბორჯომის" აქციონერებთან და ჩვენი სახელმწიფო - საქართველოს მთავრობა გახდება აქციონერი იმ ჯგუფის, რომელიც არის "ბორჯომის" ქარხნის მეპარტონე. ეს არის უსასყიდლო გარიგება და უსასყიდლოდ გადმოგვეცემა აქციები. ამის შემდეგ სახელმწიფო გახდება "ბორჯომის" - ჩვენი ეროვნული სიმდიდრის და სიამაყის თანამფლობელი, ყველა ის პრობლემა, რომელიც ჰქონდა ბორჯომს და მის თანამშრომლებს შექმნილი, ყველა ეს პრობლემა იქნება მოხსნილი. ეს საკითხი შევათანხმეთ ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებთან რეგულატორრებთანაც გვქონდა კონსულტაციები დიდ ბრიტანეთში. ეს გარიგება გაფორმდა საერთაშორისო სამართლის ნორმების სრული დაცვით. მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს, რომლებმაც ძალიან აქტიუტრად და ნაყოფიერად იმუშავეს. ვულოცავ ბორჯომის თითოეულ თანამშრომელს.

უსამართლოდ მოექცა რამდენიმე ათეულ თანამშრომელს ადგილობრივი კომპანია და 50 თანამშრომლის გაშვება მოხდა. მე ამის თაობაზე წინა კვირასაც მოგახსენეთ და ბატონი ზურაბ აზარაშვილს ვთხოვე ჩართულიყო საქმეში. ახლა როდესაც სახელმწიფო გახდება აქციონერი და თანამფლობელი, უფრო აქტიურად მოგვიწევს ჩავერთოთ და ეს პრობლემა მოვაგვაროთ. მინდა ამ ჩვენს თანამოქალაქეებს მივმართო, რომ არცერთი არ დარჩება სიმართლის გარეშე, არცერთი მათგანი დაიჩაგრება. მე ვიცი, რომ გარკვეული კითხვები არსებობდა ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი და ბატონო ზურაბ [აზარაშვილი] და ბატონო ლევან [დავითაშვილი] მიიყვანეთ ეს საქმე ბოლომდე. ყველა სამართლიანი მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და არ უნდა იყოს ხმაური და განცდა, რომ იქ ვინმე იჩაგრება”, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობა “ბორჯომის” აქციების მფლობელებთან მოლაპარაკებებს ბოლო ერთი თვის განმავლობაში აწარმოებდა.