აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 2022 წლის იანვარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადი 70%-ით აღდგა.
კერძოდ, 2022 წლის იანვარში აეროპორტი 39 049 მგზავრს მოემსახურა, 2019 წლის იანვარში ეს მაჩვენებელი 55 895 მგზავრს შეადგენდა. აქედან გამომდინარე, 2022 წლის იანვარში 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მგზავრების ოდენობა 30%-ით არის შემცირებული.
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკაა ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. სახელმწიფო კომპანიის ცნობით, იანვარში აეროპორტში რეისების 87% აღდგა და ჯამში ის 164 რეისს მოემსახურა. ( 2019 წლის იანვარი - 188 რეისი).
ამ ეტაპზე ქუთაისის აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 24 მიმართულებით დაფრინავს.