მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა იცვლება ე.წ. გაკოტრების ახალი კანონპროექტით?

5e3d395bc35bf
შოთა ტყეშელაშვილი
07.02.20 15:10
5042
საქართველოს მთავრობის მიერ მომზდაებული კანონპროექტით, ქვეყანაში გაკოტრების პროცედურა ფაქტობრივად სრულად იცვლება. განსხვავებული მიდგომა, პროცესის ეფექტიანობის გაზრდას და საწარმოთა რეაბილიტაციის რაოდენობის გაზრდას ისახავს მიზნად. 

საქართველოს პარლამენტი ახალ კანონპროექტს მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე განიხილავს და მის ამოქმედებას პირველი ივნისიდან ითვალისწინებს. 

ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ, მაღალი ალბათობით საქართველო გაიუმჯობესებს შეფასებას "მსოფლიო ბანკის" Doing Business-ის რეიტინგში, სადაც საქართველოს ყველა კრიტერიუმს შორის ყველაზე დაბალი შეფასება გადახდისუუნარობის საქმის წარმოების პროცედურებში აქვს და 64-ე ადგილს იკავებს. პარლამენტში შესული კანონპროექტით, არსებული წესების მნიშვნელოვანი ლიბერალიზაცია მოხდება. 

მთავრობა ამ კანონპროექტზე გასული რამდენიმე წლის განმავლობაში მუშაობდა. ინიციატივის განმარტებითი ბარათიდან ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 2015 USAID-ის პროექტ "მმართველობა განვითარებისთვის" ქვეყანაში არსებული გაკოტრების მექანიზმის შეფასება მომზადდა. 2016 წელს საქართველოში გადახდისუუნარობის სისტემა ასევე შეაფასა გერმანიის ეკონომიკურმა გუნდმა, რომლის დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთა, რომ ქართული გადახდისუუნარობის კანონმდებლობა უფრო მეტად ორიენტირებულია მოვალის სწრაფ გაკოტრებაზე, ხოლო საქმისწარმოების მნიშვნელოვანი ასპექტები ბუნდოვანი ან სრულად დაურეგულირებელია. 

რა იცვლება კანონპროექტით?

1) გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის პროფესიის დანერგვა 

კანონპროექტს შემოაქვს და საკანონმდებლო დონეზე არეგულირებს „გადახდისუუნარობის პრაქტიკოსის“ პროფესიას - ახალი წესებით რეაბილიტაციის/გაკოტრების მმართველი, რეაბილიტაციის ზედამხედველი და რეგულირებული შეთანხმების ზედამხედველი შეიძლება იყოს მხოლოდ გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი, რომლის ავტორიზაციის წესი და პირობები იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტით განისაზღვრება. 

კანონპროექტის მიხედვით, გადახდისუუნარობის პრაქტიკოსი შეირჩევა ავტომატურად, ელექტრონული სისტემის მეშვეობით, საქმეთა შემთხვევითი განაწილების პრინციპის დაცვით, რაც მიკერძოების რისკებს ამცირებს. 

2) რეგულირებული შეთანხმება(ალტერნატიული მექანიზმი) 

“რეგულირებული შეთანხმება ნოვაციაა ქართულ საკანონმდებლო სივრცეში და წარმოადგენს ე.წ. „სასამართლოსმიღმა პროცესს“ - საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცეულ მოლაპარაკებებს მოვალესა და კრედიტორს შორის. ეს არის ალტერნატიული პროცედურა, რომელიც მოვალეს აძლევს შესაძლებლობას, სასამართლოს არსებითი ჩარევის გარეშე და ნაკლები დანახარჯებით გამონახოს ფინანსური სირთულეების დაძლევის გზები და მიაღწიოს შეთანხმებას კრედიტორებთან. 

რეგულირებული შეთანხმება დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში შემოღებული და დამკვიდრებული გადახდისუუნარობის პროცედურაა. მისი დაწყების აუცილებელი წინაპირობაა მოვალის გადახდისუუნარობა ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობა. პრაქტიკაში რეგულირებული შეთანხმების ფარგლებში კრედიტორთა მიერ მოვალის მართვა 2-დან 5 წლამდე გრძელდება. მსგავსი ფორმის ურთიერთკომპრომისული შეთანხმების საკანონმდებლო რეგულირება სხვა სისტემებშიც გვხვდება. 

რეგულირებული შეთანხმების ერთადერთი უშუალო მიზანი მოვალე სუბიექტის გადარჩენაა, რაც გამორიცხავს მის ლიკვიდაციას, მაგალითად, მოვალის ბიზნესის, როგორც ერთიანი კომპლექსის, მიწოდების განხორციელებისას. სწორედ ეს რაციონალი შეიძლება ამართლებდეს კრედიტორების მხრიდან მასშტაბურ კომპრომისს, რის გამოც კრედიტორები მათი მოთხოვნების ერჯერადად დაკმაყოფილებას კონკრეტული სუბიექტის ბაზარზე შენარჩუნებას ამჯობინებენ,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

3) გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობა და მისი შედეგები

"კანონპროექტის 47-ე მუხლი ადგენს ვადებს, რომლის განმავლობაშიც სასამართლომ უნდა იმსჯელოს განცხადების დასაშვებად ცნობაზე და მიიღოს განჩინება მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განჩინების დასაშვებად ცნობის ან დასაშვებად ცნობაზე უარის შესახებ. აგრეთვე, საყურადღებოა, რომ „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონი არ ითვალისწინებს მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ კრედიტორის მიერ განცხადებით მიმართვის შემთხვევაში მოვალისათვის გზავნილის ჩაბარებას და საკითხის გადაწყვეტამდე სასამართლოს მიერ მოვალის პოზიციის მიღების შესაძლებლობას, გარდა საგამონაკლისო შემთვევისა. კანონპროექტი აღმოფხვრის ამ ხარვეზს და ნებისმიერ შემთხვევაში საშუალებას აძლევს მოპასუხეს, სასამართლოს წარუდგინოს თავისი პოზიცია გადახდისუუნარობის განცხადების დასაშვებად ცნობის საკითხის გადაწყვეტამდე.

გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებობის საკითხს სასამართლო, როგორც წესი, წყვეტს ზეპირი მოსმენის გარეშე, რაც ემსახურება კანონის მიზნის მიღწევას, მოვალის ფინანსური სირთულეები გადაწყვეტილი იქნეს სწრაფად და თანმიმდევრულად. ამასთან, სასამართლოს ეძლევა შესაძლებლობა, დაადგინოს ზეპირი განხილვა, თუ ეს ხელს შეუწყობს საქმის გარემოებათა გარკვევას. კანონპროექტი ითვალისწინებს სასამართლოს მიერ მოვალის გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების დასაშვებად ცნობაზე უარის სამ საფუძველს. ეს ის შემთხვევებია, როდესაც განცხადება არ აკმაყოფილებს კანონით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს და ხარვეზი არ იქნება გამოსწორებული 5 სამუშაო დღის ვადაში;

სასამართლო მიიჩნევს რომ მოვალე არ არის გადახდისუუნარო ან მოსალოდნელი გადახდისუუნარობის წინაშე მყოფი; ასევე, თუ მოვალე გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებით მოითხოვს გაკოტრებას და სასამართლო დაადგენს, რომ გადახდისუუნარობის შესახებ განცხადების შეტანის დროისათვის გაკოტრების რეჟიმის დაწყების შემთხვევაში მოვალე თავისი ქონებით ვერ უზრუნველყოფს საპროცესო ხარჯების დაფარვას. თუკი არსებობს ეჭვი იმის თაობაზე, თუ რამდენად დააკმაყოფილებს მოვალის ქონება საპროცესო ხარჯებს, სასამართლო საკითხს წყვეტს მოვალის მიმართ გადახდისუუნარობის განცხადების დაკმაყოფილების სასარგებლოდ,"- წერია კანონის განმარტებით ბარათში. 

4) გადახდისუუნარობის მასა - ანუ რა თანხას შეეხება გაკოტრების საქმის წარმოება? 

"კანონპროექტის პროექტის VI თავი განსაზრავს იმ ქონების ნუსხას, რომლის განკარგვაც კრედიტორთა მოთხოვნების დასაკმაყოფილების მიზანს ემსახურება. იცვლება მოვალის ქონების სახელწოდება და სამეურვეო ქონების ნაცვლად, „გადახდისუუნარობის მასად“ იწოდება. გადახდისუუნარობის მასა მოიცავს მთელ ქონებას, რომელიც მოვალეს ეკუთვნის განცხადების დასაშვებად ცნობის მომენტისათვის, ასევე ამ მომენტიდან შეძენილ/მიღებულ/წარმოებულ ქონებას. „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონის მსგავსად, გადახდისუუნარობის მასაში არ შედის ქონება, რომელზეც, არ დაიშვება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, იძულებითი აღსრულება. 

კანონპროექტის ერთ-ერთი სიახლე იმაში მდგომარეობს, რომ იგი მკაფიოდ განსაზღვრავს მოვალის ქონებაში მყოფ ცალკეულ ნივთებთან დაკავშირებული სანივთო უფლებების საკითხს; უფრო ამომწურავად და, რაც მთავარია, სამართლიანად არის განსაზღვრული მოვალის ქონების ის ნაწილი, რომელიც ამორიცხულ უნდა იქნეს გადახდისუუნარობის მასიდან. კერძოდ, ის პირები, რომელთაც პირობადებული საკუთრების ან სალიზინგო ურთიერთობიდან გამომდინარე, ან ვალდებულების არსებითად შესრულების გამო, გააჩნიათ უფლება გადახდისუუნარობის მასაში შემავალ საგანზე, არ განიხილებიან გადახდისუუნარობის კანონმდებლობიდან გამომდინარე კრედიტორებად. შესაბამისად, მათი დაკმაყოფილება ხდება სანივთო ან ვალდებულებით სამართლებრივი მოთხოვნის განხორციელებისათვის დადგენილი საერთო წესით. ანალოგიურად, თუ გადახდისუუნარობის მასაში შემავალ კონკრეტულ ქონებასთან დაკავშირებით არსებითად დასრულებულია სააღსრულებო წარმოება და სახეზეა საკუთრებაში გადაცემის შესახებ განკარგულების გამოცემისათვის აუცილებელი ყველა წინაპირობა, ასეთი ქონება უფლებამოსილ პირს უნდა გადაეცეს (მე-60 მუხლის მე-3 პუნქტი). ასეთი მიდგომა გადახდისუუნარობის მასაში შემავალი ქონების ცალკეულ ნაწილებზე უფლებამოსილი მესამე პირების ლეგიტიმური ინტერესების დაცვისაკენ არის მიმართული. ამავდროულად, მმართველს უფლება აქვს, უარი უთხრას დაინტერესებულ პირს ამგვარი ქონების გამოყოფაზე, თუ ეს ეწინააღმდეგება მოვალის რეაბილიტაციის ინტერესებს და ამასთან, უზრუნველყოფილია რეაბილიტაციის შედეგად ამ კრედიტორის სრულად დაკმაყოფილება,"- წერია დოკუმენტში. 

5) რეაბილიტაციის ან გაკოტრების რეჟიმის დაწყება

"მოქმედი კანონი „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოვალის რეაბილიტაციის და გაკოტრების შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს მომრიგებელ საბჭოს. არსებული პრაქტიკა ადასტურებს, რომ მომრიგებელი საბჭოს საქმიანობა არ არის ეფექტიანი, პრობლემურია მომრიგებელ საბჭოში შესაბამისი კომპეტენციის, დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი პირების შეყვანა. კანონი არ ითვალისწინებს მომრიგებელი საბჭოს წევრების შრომის ანაზღაურების წესს. შედეგად, მომრიგებელი საბჭოს გადაწყვეტილებები არ არის სანდო, რაც მნიშვნელოვნად განაპირობებს საზოგადოების მიერ გადახდისუუნარობის პროცესის მიმართ უნდობლობას. 

კანონპროექტი მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილებას ანიჭებს საქმის განმხილველ მოსამართლეს. სასამართლო რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად განიხილავს კრედიტორთა პირველად რეესტრში ასახული იმ კრედიტორებისათვის ხმის უფლების მინიჭების საკითხს, რომელთა მოთხოვნებიც სადავოდ არის გამხდარი.

სასამართლო მოვალის რეაბილიტაციის/გაკოტრების რეჟიმის დაწყების თაობაზე განჩინებით ასევე იღებს გადაწყვეტილებას რეაბილიტაციის რეჟიმის მმართველის/ზედამხედველის ან გაკოტრების რეჟიმის მმართველის დანიშვნის შესახებ. ამასთან, განჩინება უნდა მოიცავდეს მორატორიუმის სრულ აღწერას. კანონპროექტი გარკვეულ გარანტიებს აძლევს კეთილსინდისიერ და გულისხმიერ მოვალეს მართვის შენარჩუნებისათვის. კერძოდ, მაშინაც კი, თუ დაკმაყოფილდება კრედიტორის განცხადება მოვალის რეაბილიტაციის შესახებ, რომლითაც კრედიტორი ითხოვს რეაბილიტაციის მმართველის დანიშვნას, სასამართლოს შეუძლია მოვალე დატოვოს მართვაში, თუ ეს უკანასკნელი სასამართლოსთვის დამაჯერებლად დაასაბუთებს, რომ სამეწარმეო საქმიანობას უძღვებოდა კეთილსინდისიერად და სათანადო ზრუნვის მოვალეობით, იმ გონივრული რწმენით, რომ მისი ქმედებები და გადაწყვეტილებები მოვალისათვის ყველაზე ხელსაყრელი იყო. 

მოვალის მართვაში დატოვებისას სასამართლო მოვალეს უნიშნავს რეაბილიტაციის ზედამხედველს,"-ნათქვამია განმარტებით ბარათში. 

6) საწარმოს რეაბილიტაცია

“რეაბილიტაციის“ ცნებას კანონპროექტი უფრო ფართოდ იყენებს, ვიდრე ეს მისი სიტყვასიტყვითი მნიშვნელობიდან გამომდინარეობს. კერძოდ, რეაბილიტაცია შეეხება როგორც მოვალეს, ასევე მის ბიზნესს (ბიზნესის მოვალის სუბიექტისაგან გამოცალკევებით და მოვალის შემდგომი ლიკვიდაციით) იმ აუცილებელი პირობით, რომ ნებისმიერ შემთხვევაში, ამგვარი რეაბილიტაცია კრედიტორების კოლექტიური დაკმაყოფილების ან მათი ინტერესების პრიორიტეტული დაცვისაკენ უნდა იყოს მიმართული. შესაბამისად, მართვაში დარჩენილი მოვალე ან რეაბილიტაციის მმართველი რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების მომენტიდან წარმოადგენს მოვალეს იმ სპეციფიკით, რომ ფიდუციური მოვალეობები მას ამჯერად უკვე მოვალის კრედიტორთა ერთობლიობის მიმართ გააჩნია, ნაცვლად მოვალის პარტნიორებისა.

კანონპროექტით რეაბილიტაციის რეჟიმს ცალსახა და უპირობო პრიორიტეტი ენიჭება, რაც გამოიხატება როგორც გაცხადებული მიზნებისა და პრინციპების დონეზე, ასევე რეაბილიტაციის წამახალისებელი არაერთი მექანიზმის გათვალისწინებით, როგორიცაა მოვალის მართვაში დატოვება, გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციაში კონვერსიის შესაძლებლობა და სხვ. პრიორიტეტების მიხედვითაა დალაგებული თავად რეაბილიტაციის წარმართვის გზები. კერძოდ, რეაბილიტაციის გეგმა უპირატესად მიმართული უნდა იყოს მოვალე-სუბიექტის გადარჩენისკენ, რა დროსაც კრედიტორული მოთხოვნები სრულად უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო თუ კრედიტორული მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, რეაბილიტაციის გეგმა შეიძლება ითვალისწინებდეს კრედიტორული მოთხოვნების იმგვარ დაკმაყოფილებას, რომლის დროსაც თითოეული კრედიტორი მიიღებს მინიმუმ იმდენს, რასაც მოვალის გაკოტრებისას მიიღებდა (ფულადი ვალდებულებების შესრულების ხანგრძლივობასთან მიმართებით ინტერესის გათვალისწინებით); ამასთან, კრედიტორთა უმრავლესობისათვის რეაბილიტაციის გეგმით გათვალისწინებული უნდა იყოს იმაზე უკეთესი შედეგი, ვიდრე მოვალის გაკოტრებისას დადგებოდა. ამ შემთხვევაში რეაბილიტაცია შეიძლება მოიცავდეს მოვალის, როგორც მოქმედი ბიზნესის, გადარჩენას, ასევე მოვალის მთლიანი/არსებითად მთლიანი ბიზნესის/ქონების გასხვისებას, საქმიანობის გაგრძელებას კრედიტორების გრძელვადიანი დაკმაყოფილების მიზნით და სხვ. მნიშვნელოვანია, განვასხვავოთ რეაბილიტაციის დროს ერთიანი კომპლექსის სახით ბიზნესის გაყიდვა გაკოტრებაში განხორციელებული იმავე ტიპის რეალიზაციისაგან. რეაბილიტაციაში ამგვარი გაყიდვა იმ პირობით დაიშვება, რომ ის უკეთესი შედეგების მომტანი უნდა იყოს კრედიტორთა ერთობლიობისთვის, ვიდრე გაკოტრებისას მისაღები მინიმუმია (გამოიანგარიშება წმინდა მიმდინარე ღირებულების მეთოდით).

ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ რეაბილიტაცია არ არის დისტრიბუციის პროცედურა, არამედ ის კომპანიის ან ბიზნესის გადარჩენის პროცედურაა და სწორედ ამ გადარჩენის სქემის ფარგლებში ხდება კრედიტორთა დაკმაყოფილება ფულადი ან არაფულადი ფორმით (წილები, მოგებაში მონაწილეობა, დასაქმება და სხვ.). შესაბამისად, როდესაც ბიზნესის გაყიდვისას კრედიტორები მხოლოდ ფულს იღებენ დისტრიბუციის გზით - ეს გაკოტრების დროს გაყიდული ბიზნესია, ხოლო როდესაც ისინი ბიზნესს „გადაჰყვებიან“ – ეს არის რეაბილიტირებული კრედიტორი და ბიზნესი ერთად.

კანონპროექტით გათვალისწინებულია რეაბილიტაციის რეჟიმში მართვის ახალი ფორმა - „მოვალე მართვაში“ - რა დროსაც არსებული მენეჯმენტი, რომელიც კეთილსინდისიერად ახორციელებდა საქმიანობას, აგრძელებს მართვას და ზედამხედველთან ერთად მონაწილეობს კრედიტორებთან მოლაპარაკებაში რეაბილიტაციის რეჟიმის წარმატებით დასრულების მიზნით. მოვალის მართვაში დატოვება დაუშვებელი იქნება იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის რეჟიმში მოვალე შედის წარუმატებელი რეგულირებული შეთანხმების რეჟიმიდან, რა დროსაც მას უკვე ჰქონდა შესაძლებლობა, მოვალე-სუბიექტის მენეჯმენტის შენარჩუნებით მოეგვარებინა ფინანსური კრიზისი. თუ კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევაში ან სასამართლოს გადაწყვეტილებით მოვალე არ რჩება მართვაში, ინიშნება რეაბილიტაციის მმართველი.

კანონპროექტი აგებულია „რეაბილიტაციის მმართველის“ ტერმინის ირგვლივ, იმ ზოგადი მითითებით, რომ მოვალეს მართვაში გააჩნია ანალოგიური უფლებამოსილებები და მოვალეოებები, გარდა კანონით გათვალისწინებული გამონაკლისებისა, კერძოდ, უშუალოდ ზედამხედველისთვის განსაზღვრული ფუნქციების გარდა, რეაბილიტაციის მმართველის მსგავსად ანაზღაურების მიღების და შეცილების უფლებისა. მოვალის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს მიღმა ვალდებულების აღება/ხელშეკრულების დადება მართვაში მყოფ მოვალეს შეუძლია მხოლოდ რეაბილიტაციის ზედამხედველის თანხმობით. დაინტერესებულ პირთა მიმართვის საფუძველზე სასამართლო უფლებამოსილია შეცვალოს მართვაში მყოფი მოვალე რეაბილიტაციის მმართველით, თუ სახეზეა შეცილების საფუძვლები (რომლის შედავების უფლებამოსილება მართვაში მყოფ მოვალეს არ გააჩნია) - მოვალის თაღლითობა, არაკეთილსინდისიერება, მოტყუება, არაკომპეტენტურობა, აუცილებელი ზრუნვის მოვალეობის დარღვევა, მმართველობითი საქმიანობის მნიშვნელოვანი დარღვევებით წარმართვა ან მართვის მიტოვება.

კანონპროექტი ითვალისწინებს უზრუნველყოფილ კრედიტორთა უფლებების რეალიზების ისეთ მნიშვნელოვან ინსტრუმენტს, როგორიცაა უზრუნველყოფის საგნად გამოყენებული ქონების რეალიზაციის მოთხოვნის უფლება (ე.წ. right to separate satisfaction). კერძოდ, უზრუნველყოფილი კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს მისი მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დატვირთული ქონების მიმართ მორატორიუმის მოხსნის შუამდგომლობით, თუ მას ზიანი ადგება მორატორიუმის ღონისძიების გამოყენებით (მაგალითად, ქონების ღირებულება მცირდება) და ამ ზიანის თავიდან აცილების ინტერესი კრედიტორთა თანაბარზომიერი დაკმაყოფილების კანონისმიერ მიზანზე მნიშვნელოვანია.

თუ რეაბილიტაციის მმართველი არ ეთანხმება აღნიშნულ მოთხოვნას, ის ვალდებული იქნება ამტკიცოს რომ ქონება, რომელზედაც კრედიტორი ითხოვს მორატორიუმის ცალკეული ღონისძიების გაუქმებას, საჭიროა რეაბილიტაციის მიზნებისთვის. 

რეაბილიტაციის რეჟიმი სრულდება რეაბილიტაციის გეგმის ძალაში შესვლისთანავე. კანონპროექტი უშვებსრეაბილიტაციის რეჟიმის გაკოტრების რეჟიმში გადასვლის (კონვერსია) შესაძლებელობას იმ შემთხვევაში, თუ რეაბილიტაციის გეგმა არ დამტკიცდა, ან თუ რეაბილიტაციის მმართველი მიიჩნევს, რომ რეაბილიტაციის მიზნის მიღწევის გონივრული ალბათობა არ არსებობს. ამ უკანასკნელი საფუძვლის არსებობას ამოწმებს სასამართლო. 

კანონპროექტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია გადახდისუუნარობის მასის რეალიზაცია განახორციელოს ქონების რეალიზაციისათვის კანონმდებლობით ნებადართული ნებისმიერი ფორმით, მოქმედი ბიზნესის სახით, გადახდისუუნარობის მასის ერთიანი კომპლექსის სახით ან ნაწილ-ნაწილ. ფორმის შერჩევისას გაკოტრების მმართველმა უნდა მოახდინოს ქონების იმ გზით რეალიზაცია, რომლიდანაც მოსალოდნელია უფრო მეტი თანხის ამოღება. გაკოტრების მმართველს აქვს რეალიზაციისათვის ნებისმიერი დასაშვები ფორმის გამოყენების შესაძლებლობა, რაც განაპირობებს ქონებიდან მაქსიმალური თანხის ამოღებას და კრედიტორთა მოთხოვნების მაქსიმალურად დაკმაყოფილებას.

კრედიტორთა მაქსიმალური ჩართულობისათვის გაკოტრების მმართველი აქვეყნებს რეალიზაციის ფორმის შერჩევის თაობაზე ინფორმაციას და კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს მას ქონების რეალიზაციის ალტერნატიული შეთავაზებით, რომელიც კრედიტორთა ერთობლიობისთვის უფრო მომგებიანი იქნება. აღნიშნული წესი უზრუნველყოფს პროცესის გამჭვირვალობას. რეალიზაციის ფორმის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს გაკოტრების მმართველი, რაც მოქნილი და სწრაფი პროცედურების წინაპირობაა, ვინაიდან ამ უკანასკნელს კანონით დაკისრებული პასუხისმგებლობის ფონზე, უნდა ჰქონდეს თავისუფლება, იმოქმედოს დამოუკიდებლად და სწრაფად. სხვადასხვა სახის შეფერხებების არსებობის შემთხვევაში შესაძლოა, პროცედურები გაჭიანურდეს და ამას მოჰყვეს ქონების გაუფასურება. ასეთი მოწესრიგება მნიშვნელოვნად განსხვავდება „გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ“ მოქმედი კანონის რეგულაციებისგან. მოქმედი კანონის მიხედვით, ქონების გასხვისება შესაძლებელია მხოლოდ აუქციონის გზით, რა დროსაც პირველ აუქციონზე ყველა შემთხვევაში ერთიანი სახით ხდება ქონების გატანა, თუნდაც ერთიან ქონებაში შემავალი ნივთები/ერთეულები არ იყოს ერთმანეთთან დაკავშირებული და შეუძლებელი იყოს მათი ერთად გასხვისება,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

7) ახლებურად წესრიგდება გაკოტრების პროცესში კრედიტორთა დაკმაყოფილების რიგითობა

"თუ მოქმედი კანონით შემოთავაზებული უზრუნველყოფის ინსტიტუტი ეკონომიკური ურთიერთობებისთვის და ბიზნეს სექტორისთვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, კანონპროექტით ეს პრობლემა აღმოფხვრილია, - უზრუნველყოფილი კრედიტორის კავშირი ნივთთან აღარ უქმდება, ხოლო ერთ ნივთზე რამდენიმე უზრუნველყოფის არსებობის შემთხვევაში შენარჩუნებულია სანივთო უფლებების ის რიგითობაც, რაც რეგისტრირებულია საჯარო რეესტრში.

სიახლეა ასევე გაკოტრების რეჟიმის რეაბილიტაციის რეჟიმში გადასვლის შესაძლებლობა. კანონპროექტის შესაბამისად, გაკოტრების მმართველი უფლებამოსილია რეაბილიტაციის განცხადებით მიმართოს სასამართლოს, თუ ხედავს რეაბილიტაციის გონივრულ ალბათობას.

სიახლეა ისიც, რომ გაკოტრების დასრულების შემდეგ დარჩენილი ქონება პარტნიორებს შორის ნაწილდება მათი წილის პროპორციულად. მოქმედი კანონი განაწილების შემდეგ დარჩენილი ქონების ბედს განსხვავებულად განსაზღვრავს და მას სახელმწიფო საკუთრებაში მიაქცევს. ასეთი მიდგომის კონსტიტუციურობის საკითხი ეჭვქვეშ დგას და მიუხედავად იმისა, რომ პრაქტიკაში ძალიან მცირეა იმის შანსი, რომ პროცესის დასრულების შემდეგ მართლაც დარჩეს რაიმე სახის ქონება, ახალი რეგულაცია აღმოფხვრის არსებულ თეორიულ თუ პრაქტიკულ პრობლემას,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

8) სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალე 

“კანონპროექტით ჩნდება სპეციალური რეჟიმის სტატუსის მქონე მოვალის ცნება. თუ მოვალის საქმიანობის შეჩერება/შეწყვეტა არსებით ზიანს მიაყენებს სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ინტერესს, სასამართლოს შეუძლია ასეთ პირს მინიჭოს სპეციალური რეჟიმის მქონე მოვალის სტატუსი. ასეთი მოვალის ქონების რეალიზაცია ხორციელდება ერთიანი კომპლექსის სახით ან სხვა იმგვარი ფორმით, რომელიც ხელს არ შეუშლის მისი საქმიანობის უწყვეტობის შენარჩუნებას. დაუშვებელია შემძენის მიერ აღნიშნული მოვალის პროფილის შეცვლა. შემძენი იღებს ვალდებულებას, რომ გააგრძელებს იმავე საქმიანობას, რასაც ეწეოდა გაკოტრებული მოვალე. 

ამგვარი სტატუსის შემოღების საჭიროება პრაქტიკაში გამოვლენილმა შემთხვევებმა განაპირობა, როდესაც საქმე ეხება კონკრეტული რეგიონის თუ მთლიანად ქვეყნისათვის საჭირო ისეთი სერვისის მიმწოდებელ მოვალეს, რომლის ქონების ცალ-ცალკე გაყიდვა და მისი პროფილის შეცვლა გამოიწვევს კონკრეტული სერვისის პარალიზებას, თუ მისი სხვა მომწოდებლით ჩანაცვლება შეუძლებელია ან ეს რთული და ხანგრძლივი პროცესი იქნება. ასეთ სერვისად შეიძება მოიაზრებოდეს კომუნიკაციების, სამედიცინო სერვისის მიწოდება, უსაფრთხოების უზრუნველყოფა და ა.შ,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში. 

9) გაკოტრების პროცესის ხარჯები

“კანონპროექტის XIII თავი ახლებურად არეგულირებს პროცესის ხარჯებს. სახელმწიფო ბაჟის მთლიანი ოდენობა შეადგენს შეადგენს გადახდისუუნარობის მასის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 500 და არაუმეტეს 10 000 ლარისა. აღნიშნული თანხის გადახდა პროცესის საწყის ეტაპზე განსხვავებულად ხდება იმის მიხედვით, თუ ვინ არის განმცხადებელი,”- წერია განმარტებით ბარათში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები