მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პირობებით ამოქმედდება განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემა?

637342d0c54a1
ვიქტორია მღებრიშვილი
15.11.22 12:01
890
ეკონომიკის მინისტრის მოადგილის რომეო მიქაუტაძის განცხადებით, მთავრობის მიერ წარმოდგენილი განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის ახალი სქემის მიხედვით, აუქციონებში მონაწილეობის შესაძლებლობა ყველა იმ კომპანიას ექნება, რომელსაც ენერგეტიკული პროექტი მშენებლობამდე აქვს მიყვანილი. ამის შესახებ მან ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენლებისა და საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრების შეხვედრამდე ჟურნალისტებს განაცხადა, სადაც მთავრობის განახლებადი ენერგიების მხარდაჭერის სქემას ბიზნესის წარმომადგენლებს წარუდგენენ.

„რამდენიმე კვირის წინ პრემიერ-მინისტრმა ენერგეტიკაში ინვესტიციების მოსაზიდად და განახლებადი ენერგიების განსახორციელებლად ახალი მხარდაჭერის სქემა დააანონსა.

დღეს ჩვენ ვხვდებით პოტენციურ ინვესტორებსა და დეველოპერებს, რომელთაც პროექტები გარკვეული განვითარების ეტაპზე აქვთ და მათ ავუხსნით რა სარგებელი შეიძლება ნახონ ახალი სქემით და როგორ მუშაობს იგი.

15 წლის განმავლობაში სახელმწიფო იღებს ვალდებულებას აუქციონში გამარჯვებულ ფასად შეისყიდოს ელექტროენერგია გარანტირებულად. როგორ და რა კრიტერიუმებით მოხდება შერჩევა, ამის გასაცნობად მოეწყო დღევანდელი შეხვედრა, რომ ბიზნესსექტორი ამ ახალი წამოწყებისთვის მოემზადოს“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

კითხვაზე - რა პირობებით ამოქმედდება სქემა და როგორი იქნება აუქციონის ვადები, რომეო მიქაუტაძემ უპასუხა, რომ აუქციონში მონაწილეობას ყველა დაინტერესებული დეველოპერული კომპანია შეძლებს, ხოლო პროექტის განხორციელებისას კონტრაქტორ კომპანიას გარკვეული გამოცდილება უნდა ჰქონდეს.

„აუქციონის მოქმედების ვადა იქნება 45 დღე, აუქციონში შემოსვლა ყველას შეეძლება, ვისაც პროექტი მშენებლობის ეტაპამდე აქვს მიყვანილი. თუ დეველოპერი უკვე აშენებს ჰიდრო ელექტროსადგურს, ან ნებისმიერ სხვა ობიექტს, ეს ნიშნავს, რომ მას მხარდაჭერის სქემა არ სჭირდება. ახალი მხარდაჭერის სქემა იმ პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს, რომელიც ვერ ვითარდება, სჭირდება დამატებითი სტიმული, რომ მისი განვითარება მოხდეს.

სამართლიანი იქნება თუ კომპანიების მიმართ რაიმე შეზღუდვები არ იქნება და შემოსვლა ყველას შეეძლება. რაც შეეხება უშუალოდ აუქციონის პროცესში პროექტის დეველოპმენტით ვინც არის დაკავებული, შემოსვლა ყველამ უნდა შეძლოს, ხოლო იმის შემდეგ, რაც ესა თუ ის სუბიექტი გადაწყვეტს მშენებლობას უკვე კონტრაქტორი კომპანია თავისთავად გარკვეული "ბექგრაუნდის" მქონე უნდა იყოს“, - განმარტა რომეო მიქაუტაძემ.

განახლებადი ენერგიის მხარდაჭერის ახალი სამთავრობო სქემის მიხედვით, ენერგოპროექტების ხელშეწყობის მექანიზმი კონკურენციისა და საბაზრო პრინციპებს ეფუძნება. ამ სქემით განხორციელებული პროექტებზე წარმოებული ელექტროენერგია მხოლოდ ორგანიზებულ ბაზარზე უშუალოდ მწარმოებლის ან საბითუმო სავაჭრო სერვისების ორგანიზაციის მიერ უნდა გაიყიდოს. ამასთან მხარდაჭერის სქემაში შეძლებენ ელექტროსადგურის პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის შესწავლის ეტაპზე არსებულ პროექტებს.

მხარდაჭერის სქემის ძირითადი პირობებია:

• მხარდაჭერის სქემა ხორციელდება ესკოს, როგორც საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ;
• ესკოსა და მხარეს შორის ურთიერთობა რეგულირდება „საბითუმო საჯარო მომსახურების ორგანიზაციის მიერ მომსახურების გაწევის წესის“ შესაბამისად;
• ფასთა სხვაობის ხელშეკრულება - ესკოს/მხარის მიერ ფასთა სხვაობა, მხოლოდ იმ შემთხვევაში გადაიხდება თუ ელ.ენერგიის დღით ან დღის ჭრილში ბაზარზე ელ.ენერგიის ბირჟაზე ყოველ საათში, 1 კვტ.სთ-ზე დაფიქსირებული ფასი მეტია/ნაკლებია ხელშეკრულების გათვალისწინებულ ფასზე;
• ანგარიშსწორება განხორციელდება ყოველ საათში სადგურის მიერ სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიის მოცულობაზე;
• დეველოპერი სრულად პასუხისმგებელია უბალანსობაზე.

ხელშეკრულებიდან გამოსვლის შესაძლებლობა იქნება ორჯერ - 5 წლისთავზე და 10 წლის თავზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები