მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა პრინციპით ჩაერთვება 15 საავადმყოფო კოვიდის მართვაში? - მინისტრის პასუხი

5f9a69eaa9221
ვიქტორია მღებრიშვილი
29.10.20 11:00
746

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კოვიდ-ინფექციის სამართავად პროცესში საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა რეგიონის კლინიკები ჩაერთვებიან, რათა არ მოხდეს ყველა ინფიცირებულის თბილისში გადმოყვანა. ამის შესახებ მან BM.GE-ის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მინისტრის მიერ ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას შეეხებოდა, რომელიც კოვიდის მართვაში დამატებით 15 საავადმყოფოს ჩართვას გულისხმობს. 

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, რეგიონებში საავადმყოფოების პროგრამაში ჩართვა მეტად უსაფრთხო იქნება როგორც პაციენტებისთვის, ასევე სამედიცინო პერსონალისთვის.

„ჩვენ ვუყურებთ კოვიდ-ინფექციის მუდმივ გადანაწილებას და მათი გადანაწილება გეოგრაფიულად თანაბარი იქნება; ის არ იქნება მხოლოდ ლოკალიზებული თბილისში, ვინაიდან მსგავსი ინფექციის მართვის კომპონენტში მნიშვნელოვანია, როცა ლოკალიზება და განთავსება ხდება რეგიონში პაციენტის უსაფრთხოებიდან გამომდინარე და ასევე პერსონალიდან გამომდინარე, რომელსაც ხშირ შემთხვევაში უწევს პაციენტის გადაყვანა სხვადასხვა რეგიონიდან ცენტრალიზებულად და ისინი ამ პროცესში პაციენტთან ერთად დახურულ სივრცეში 4 საათს ატარებენ, შესაბამისი ეკიპირებით, მაგრამ ეს მოიცავს ძალიან დიდ რისკებს, ამიტომ გადანაწილება იქნება აუცილებლად თანაბარი და ეს ყველაფერი გეგმაშია გაწერილი“, - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

 

 

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა მისაღებად მობილიზებულია 4639 ადგილი. როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განმარტა, იმ საავადმყოფოების ბაზაზე, რომელიც კოვიდ პანდემიის მართვაშია ჩართული, არის რესურსი, რომ დამატებით 6616 საწოლის მობილიზაცია მოხდეს. 

 

"ასევე არსებობს გარკვეული გეგმა, რის შედეგადაც შეგვიძლია ჩავრთოთ კიდევ დამატებით 15 საავადმყოფო, შესაბამისად 2 ათასზე მეტი საწოლფონდით“, - განაცხადა დღევანდელი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ტიკარაძემ.