მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რა სქემით იმუშავებს ენერგეტიკის დაფინანსების CFD სქემა? - დადგენილება

639315bc2089f
BM.GE
09.12.22 17:30
1213
საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა მთავრობის დადგენილება, რომელშიც ენერგეტიკის სექტორის ინვესტორებისთვის დაფინანსების ახალი მოდელი არის აღწერილი. საუბარია ელექტროენერგიის გარანტირებული შესყიდვის PPA ხელშეკრულებების ალტერნატიულ CFD მოდელზე.

PPA ხელშეკრულებებისგან განსხვავებით, CFD მოდელში სახელმწიფო არ შევა ინვესტორებთან პირდაპირ მოლაპარაკებებში. ამის ნაცვლად, CFD კონტრაქტები აუქციონის პრინციპით გაფორმდება და მასში საკუთარ ფასებს მთავრობას ენერგოსადგურები წარუდგენენ, ხოლო საუკეთესო ფასების მქონე ობიექტები კი შესაბამის დაფინანსებებს მიიღებენ.

მთავრობის დადგენილება CFD მექანიზმის შესახებ:

მუხლი 1. ზოგადი დებულებები
1. „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემა და სიმძლავრის აუქციონის წესები“ (შემდგომში − მხარდაჭერის სქემა) განსაზღვრავს დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ საქართველოში განახლებად წყაროზე მომუშავე 0.5 მეგავატზე მეტი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგურის (შემდგომში − ელექტროსადგური) მშენებლობისა და ოპერირების ხელშემწყობ ღონისძიებებს.

2. ამ მხარდაჭერის სქემის მიზანია განახლებადი ენერგიის წყაროების წახალისება და პროექტის განხორციელების უფლების გადაცემა იმ პირზე, რომელიც ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულებს საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით დადგენილ პირობებს.

მუხლი 2. ტერმინთა განმარტება

1. ამ დადგენილებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დაინტერესებული პირ(ებ)ი − ფიზიკური ან კერძო სამართლის იურიდიული პირ(ებ)ი, რომელიც/რომლებიც პროექტის განხორციელების მიზნით საინიციატივო შეთავაზებას წარუდგენს/წარუდგენენ სიმძლავრის აუქციონის კომისიას;

ბ) სამინისტრო − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო;

გ) სიმძლავრის აუქციონი − აუქციონი, რომელიც ცხადდება განახლებადი ენერგიის წყაროების მეშვეობით საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული დადგმული სიმძლავრის ათვისების მიზნით;

დ) ესკო − სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორი“;

ე) ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულება − ხელშეკრულება, რომელიც ფორმდება სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ პირსა და ესკოს შორის ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების საფუძველზე და რომლის საფუძველზეც ესკო ვალდებულია, სიმძლავრის აუქციონში შერჩეულ პირს აუნაზღაუროს შემოთავაზებულ ტარიფსა და საბითუმო ფასს შორის სხვაობა, თუ შემოთავაზებული ტარიფი საბითუმო ფასზე მაღალია. თუ საბითუმო ფასი შემოთავაზებულ ტარიფზე მაღალია, სიმძლავრის აუქციონში შერჩეული პირი ვალდებულია, ესკოს აუნაზღაუროს საბითუმო ფასსა და შემოთავაზებულ ტარიფს შორის სხვაობა;

ვ) საბანკო გარანტია – ელექტროსადგურის მშენებლობის განხორციელებადობის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ეტაპზე საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენი წინასამშენებლო გარანტია ან ელექტროსადგურის მშენებლობის ეტაპზე საქართველოს მთავრობისთვის წარმოსადგენი სამშენებლო გარანტია;

ზ) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია − აუქციონში მონაწილეობის მიღების მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევით განსაზღვრული ყოველი 1 მეგავატი დადგმული სიმძლავრისთვის წარმოსადგენი საბანკო გარანტია;

თ) სიმძლავრის აუქციონის კომისია − სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემისა“ და სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს მიერ სიმძლავრის აუქციონში მონაწილე დაინტერესებულ პირებს შორის საუკეთესო განაცხად(ებ)ის შერჩევის მიზნით შექმნილი კომისია;

ი) წინარე ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა − ამ მხარდაჭერის სქემის მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული კვლევების ერთობლიობა;

კ) სრული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა − დაინტერესებული პირის მიერ მასთან გაფორმებული შესაბამისი ხელშეკრულების თანახმად მომზადებული და სამინისტროსთვის წარდგენილი დასრულებული ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით;

ლ) ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება − აუქციონში გამარჯვებულ პირსა და საქართველოს მთავრობას შორის გაფორმებული ელექტროსადგურის მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის საკითხების შესწავლის შესახებ ხელშეკრულება;

მ) მედიანური ტარიფი − ზრდადობის მიხედვით დალაგებული შემოთავაზებული ტარიფების წყებიდან შერჩეული შუა ტარიფი. თუ შემოთავაზებულია ლუწი რაოდენობის ტარიფები, მაშინ შუა ორი ტარიფის საშუალო არითმეტიკული ტარიფი;

ნ) მედიანური ტარიფის პრინციპი − სიმძლავრის გადანაწილება მედიანურ ტარიფზე ან მასზე დაბალ შემოთავაზებულ ტარიფებზე. სიმძლავრის აუქციონზე გამოტანილი სიმძლავრის სრულად აუთვისებლობის შემთხვევაში, სიმძლავრის გადანაწილების შეთავაზება განხორციელდება მედიანურ ტარიფთან მიახლოებულ მაღალ ტარიფებზე, რიგითობით, თუმცა მედიანური ფასით;

ო) შემოთავაზებული ტარიფი − დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ შემოთავაზებული ტარიფი;

პ) საპროექტო არეალი − ელექტროსადგურის პროექტის განხორციელების პოტენციური X და Y კოორდინატები.

2. მხარდაჭერის სქემაში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მნიშვნელობები.

მუხლი 3. მხარდაჭერის სქემა

1. მხარდაჭერის სქემა მოიცავს მხარდაჭერის პერიოდს ელექტროსადგურის ექსპლუატაციაში შესვლიდან 15 (თხუთმეტი) წლის განმავლობაში, განახლებადი ენერგიების სხვადასხვა წყაროსთვის, ყოველი წლის შემდეგ თვეებზე:

ა) ჰიდროელექტროსადგურისთვის − 8 თვე (სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი);

ბ) ქარის ელექტროსადგურისთვის − 9 თვე (აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი, იანვარი, თებერვალი, მარტი და აპრილი);

გ) მზის ელექტროსადგურისთვის − 12 თვე (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი);

დ) სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურისთვის − 12 თვე (იანვარი, თებერვალი, მარტი, აპრილი, მაისი, ივნისი, ივლისი, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბერი, ნოემბერი, დეკემბერი).

2. მხარდაჭერის სქემა ხორციელდება ესკოს მიერ. ამ მიზნით, ესკოსა და მხარდაჭერის სქემით მოსარგებლე პირს შორის ურთიერთობა რეგულირდება „საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის (ესკოს) მიერ საბითუმო საჯარო მომსახურების ვალდებულებების განხორციელების პრინციპების“ შესაბამისად.

მუხლი 4. ფასთა სხვაობის გადახდის პირობები

1. ესკოს მიერ ფასთა სხვაობა გადაიხდება, როგორც საბითუმო ფასზე დამატება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში საბითუმო ფასი ნაკლებია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.

2. დაინტერესებული პირის მიერ ესკოსთვის ფასთა სხვაობის გადახდა ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ელექტროსადგურის მიერ მხარდაჭერის პერიოდის განმავლობაში ელექტროენერგიის საბითუმო ფასი მეტია ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ტარიფზე.

3. ფასთა სხვაობა ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობებით გადაიხდება შესაბამის საათში ელექტროსადგურის მიერ სალტეზე გაცემულ ელექტროენერგიის მოცულობაზე.

4. ამ დადგენილების საფუძველზე, ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული წესით ფასთა სხვაობის ანაზღაურება ხორციელდება ეროვნულ ვალუტაში იმ პირობით, რომ ასანაზღაურებელი თანხის გაანგარიშება და აღიარება ხდება დღიურად, საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე/დღიურ ბაზარზე ვაჭრობის ყოველი დღის საათობრივი მონაცემების მიხედვით, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დღით ადრე/დღიურ ბაზარზე ვაჭრობის შესაბამისი დღისათვის დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის ფასთა სხვაობის შესაბამისი ჯამური თანხის ანაზღაურება განხორციელდება ყოველი თვის დასრულების შემდეგ.

მუხლი 5. სიმძლავრის აუქციონის კომისია

1. სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიმძლავრის აუქციონში საუკეთესო განაცხად(ებ)ის შერჩევას და სამინისტროსთვის წარდგენას უზრუნველყოფს სიმძლავრის აუქციონის კომისია.

2. სიმძლავრის აუქციონის კომისიის შემადგენლობაშია:

ა) სამინისტრო;

ბ) საქართველოს ფინანსთა სამინისტრო;

გ) სსიპ − საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტო;

დ) სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა“.

3. განაცხადების შეფასების დროს შესაძლებელია ასევე სიმძლავრის აუქციონის კომისიის წევრად მოწვეულ იქნენ სპეციფიკური ცოდნის ექსპერტ(ებ)ი/სპეციალისტ(ებ)ი, სიმძლავრის აუქციონის კომისიაში ხმის უფლებით ან მის გარეშე.

4. აუქციონის საქმიანობის წესი და აუქციონის კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებით.

მუხლი 6. აუქციონის გამოცხადება, განაცხადების განხილვა და გადაწყვეტილების მიღება

1. სამინისტრო ვალდებულია უზრუნველყოს აუქციონის გამოცხადება ამ დადგენილების შესაბამისად.

2. დაინტერესებული პირ(ებ)ის განაცხადებისა და თანდართული დოკუმენტაციის ამ მხარდაჭერის სქემის მე-8 მუხლის მოთხოვნებთან შესაბამისობას ამოწმებს სიმძლავრის აუქციონის კომისია.

3. სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ დოკუმენტაციის განხილვის შემდგომ აღმოჩენილი ხარვეზის გამოსასწორებლად დაინტერესებულ პირს განესაზღვრება ვადა (არაუმეტეს 10 (ათი) კალენდარული დღისა). აღნიშნული ვადის გასვლის შემდგომ დაინტერესებული პირის მიერ წარდგენილი განაცხადი არ ექვემდებარება განხილვას და განაცხადს აღარ მიეცემა შემდგომი მსვლელობა.

4. დაინტერესებული პირ(ებ)ის მიერ მე-8 მუხლით დადგენილი მოთხოვნების დაცვით წარდგენილ განაცხადებს სიმძლავრის აუქციონის კომისია განიხილავს განაცხადის მიღებიდან არა უგვიანეს 1 (ერთი) თვის ვადაში. საჭიროების შემთხვევაში აღნიშნული ვადა შესაძლებელია, გაგრძელებულ იქნეს ისე, რომ განაცხადის განხილვის საერთო ვადა არ აღემატებოდეს 3 (სამ) თვეს.

5. დაინტერესებული პირის მოთხოვნის შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონის კომისია ვალდებულია დაიცვას ამ მხარდაჭერის სქემის მიხედვით წარდგენილი განაცხადების (შესაბამისი დოკუმენტაციის) კონფიდენციალურობა.

6. ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი ალტერნატიული განაცხადების არსებობისას, უპირატესობა მიენიჭება იმ განაცხადს, რომლით შემოთავაზებული ტარიფიც იქნება უფრო დაბალი. იმ შემთხვევაში, თუ ორ ერთსა და იმავე საპროექტო არეალში ორი ან მეტი განაცხადით შემოთავაზებული ტარიფი იქნება ერთი და იგივე, სამინისტრო ვალდებულია ჩანიშნოს განმეორებითი აუქციონი, „სიმძლავრის აუქციონის წესების“ შესაბამისად.

7. პროექტებს შორის აუქციონით გათვალისწინებული დადგმული სიმძლავრე გადანაწილდება ამ მხარდაჭერის სქემით გათვალისწინებული ყველაზე დაბალი ტარიფის მიხედვით, აღნიშნული სიმძლავრეების სრულ ათვისებამდე, მედიანური ტარიფის პრინციპით.

8. სიმძლავრის აუქციონის კომისია უფლებამოსილია, შეწყვიტოს აუქციონი და დაუბრუნოს დაინტერესებულ პირს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ფასთა სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებამდე ნებისმიერ დროს.

9. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონის გამოცხადების დღიდან დაინტერესებულ პირთან ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებამდე სამინისტროს მიმართავს სხვა დაინტერსებული მხარე იმავე საპროექტო არეალში, „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების საფუძველზე პროექტის განხორციელების ინიციირების მიზნით, დაინტერესებული პირის მიერ აუქციონზე წარდგენილი განაცხადი არ განიხილება გამოცხადებულ აუქციონში და განმცხადებელ დაინტერესებულ პირს უარის თქმიდან 30 (ოცდაათი) დღის განმავლობაში დაუბრუნდება მის მიერ წარდგენილი განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია სრულად.

მუხლი 7. ხელშეკრულების გაფორმება

1. სამინისტრო, ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად, სიმძლავრის აუქციონის კომისიის მიერ მომზადებულ წინადადებას, რომელიც აკმაყოფილებს მოქმედი კანონმდებლობისა და ამ მხარდაჭერის სქემის მოთხოვნებს, წინადადების მომზადებიდან 60 (სამოცი) დღის განმავლობაში, თანდართულ დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოუდგენს საქართველოს მთავრობას გადაწყვეტილების მისაღებად.

2. წარმოდგენილი წინადადების საქართველოს მთავრობის მიერ მოწონების შემთხვევაში, შესაბამისი სამართლებრივი აქტის გამოცემის შემდგომ, საქართველოს მთავრობასა და დაინტერესებულ პირს შორის იდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულების შემთხვევაში ფასთა სხვაობის ხელშეკრულების გაფორმებას. იმ შემთხვევაში, თუ აუქციონში შერჩეულ პირთან აუქციონის გამოცხადებამდე გაფორმებული იყო ხელშეკრულება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების ან/და „იმ ელექტროსადგურების მშენებლობის ტექნიკურ-ეკონომიკური შესწავლის, მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების შესახებ წინადადებების საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსათვის წარდგენისა და განხილვის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე, რომლებიც არ წარმოადგენს საჯარო და კერძო თანამშრომლობის პროექტს“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 ოქტომბრის №515 დადგენილების შესაბამისად, საქართველოს მთავრობის სამართლებრივი აქტით დადგინდება აღნიშნული პროექტის განვითარების საჯარო და კერძო თანამშრომლობის ეტაპი და დაინტერესებული პირის მიერ მომზადებული და სამინისტროსთვის წარდგენილი კვლევები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ჩაითვლება შესრულებულად.

3. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სამინისტრო.

4. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებიდან და შესაბამისი საბანკო გარანტიის წარდგენიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის განმავლობაში დაინტერესებულ პირს განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია დაუბრუნდება სრულად.

5. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს მთავრობის შესაბამისი აქტის გამოცემიდან 3 (სამი) თვის განმავლობაში დაინტერესებულმა პირმა ხელი არ მოაწერა ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებას, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, სრულად გამოითხოვოს განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია.

6. ფასთა სხვაობის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით განსაზღვრული ვადის განმავლობაში, დაინტერესებული პირი ვალდებულია ივაჭროს საქართველოში ელექტროენერგიის დღით ადრე ან დღიურ ბაზარზე, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირი, ამ მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, გავა მხარდაჭერის სქემიდან.

7. დაინტერესებულ პირს უფლება აქვს, ელექტროსადგურის მიერ ოპერირების დაწყებიდან ყოველი 5 (ხუთი) წლის გასვლის შემდეგ უარი თქვას ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებაზე და გავიდეს ხელშეკრულებიდან, თუ ამის შესახებ იგი სამინისტროს წერილობით შეატყობინებს ყოველი 5 (ხუთი) წლის გასვლამდე 6 (ექვსი) თვის განმავლობაში. სხვა შემთხვევაში დაინტერესებული პირი კარგავს ფასთა სხვაობის ხელშეკრულებიდან გასვლის უფლებას.

მუხლი 8. სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობისთვის წარსადგენი დოკუმენტაცია

1. დაინტერესებული პირი, სამინისტროს მიერ გამოცხადებულ სიმძლავრის აუქციონში მონაწილეობის მიზნით, წარადგენს განაცხადს აუქციონის გამოცხადების დღიდან მის დასრულებამდე, წერილობითი ფორმით, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) განმცხადებლის შესახებ სრულ ინფორმაციას (კომპანიის დასახელებას; ამონაწერს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ − საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან ან უცხო ქვეყნის შესაბამისი უწყების მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლითაც დასტურდება შესაბამისი იურიდიული პირის არსებობა, მისი სარეგისტრაციო მონაცემები, ინფორმაცია პარტნიორების/ დამფუძნებლების და დირექტორების შესახებ და რომელიც შესაბამისად დადასტურებული უნდა იყოს აპოსტილით ან უნდა იყოს ლეგალიზებული; იურიდიულ და ფაქტობრივ მისამართს; საკონტაქტო ინფორმაციას);

ბ) პოტენციური ელექტროსადგურის პროექტის შესახებ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას;

გ) შემოთავაზებულ ტარიფს;

დ) პროექტის განხორციელების სავარაუდო გეგმა-გრაფიკს;

ე) განაცხადის უზრუნველყოფის საბანკო გარანტიას − ყოველი 1 მეგავატი დადგმული სიმძლავრისთვის 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით;

ვ) „სიმძლავრის აუქციონის წესებით“ მოთხოვნილ სხვა დოკუმენტაციას.

2. დაინტერესებული პირის განაცხადს თან უნდა ერთოდეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:

ა) ობიექტის განთავსების ადგილმდებარეობა და ძირითადი პარამეტრები;

ბ) პოტენციური მშენებარე ობიექტის ტერიტორიის ტოპოგრაფიული რუკა (მასშტაბი – 1:25000);

გ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის მოკლე გეოლოგიური მონაცემები, გეოლოგიური რუკა (მათ შორის, ფონდურ მასალებზე დაყრდნობით);

დ) ობიექტის განთავსების ტერიტორიის სეისმური მონაცემები, სეისმური რუკა;

ე) ჰიდროლოგიური და მეტროლოგიური მონაცემები (საშუალო თვიური მაჩვენებლები), ქარის ელექტროსადგურის შემთხვევაში – ქარის დაკვირვების მონაცემები, ხოლო მზის ელექტროსადგურის შემთხვევაში – მზის დაკვირვების მონაცემები (მათ შორის, ფონდურ მასალებზე დაყრდნობით);

ვ) ენერგეტიკული მოდელი (სავარაუდო გამომუშავების შესახებ);

ზ) პირველადი მონაცემები გარემოზე ზემოქმედების შესახებ;

თ) ქსელზე მიერთების სავარაუდო სქემა და ქსელის შესაძლებლობა, მიიღოს გამომუშავებული ელექტროენერგია;

ი) ინფორმაცია ინფრასტრუქტურის თაობაზე (არსებული და მშენებარე გზები დატანილი უნდა იყოს ტოპო-რუკებზე, სავარაუდო მანძილების მითითებით);

კ) სავარაუდო ხარჯთაღრიცხვა;

ლ) ეკონომიკური ანგარიში (პროექტის ეკონომიკური ანალიზი, რომელიც ითვალისწინებს ინვესტიციის მოცულობას, ხანგრძლივობას, საკრედიტო განაკვეთს);

მ) ფინანსური მოდელი როგორც ბეჭდური, ასევე ელექტრონული ფორმით.

3. ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს ქართულ ენაზე როგორც მატერიალური, ასევე ელექტრონული ფორმით (ელექტრონული ვერსია განთავსებული უნდა იყოს CD დისკზე ან ფლეშმეხსიერების ბარათზე).

4. სიმძლავრის აუქციონის კომისია უფლებამოსილია, მოსთხოვოს დაინტერესებულ პირს აგრეთვე სხვა ინფორმაცია.

მუხლი 9. ხელშეკრულებასთან დაკავშირებით წარსადგენი საბანკო გარანტიები

1. დაინტერესებული პირი ვალდებულია ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, რომელიც არ უნდა იყოს გაფორმებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი, ამავე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, საქართველოს მთავრობის სასარგებლოდ სამინისტროს წარუდგინოს წინასამშენებლო გარანტია, რომელიც გაცემული უნდა იყოს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) წევრ ნებისმიერ ქვეყანაში ან/და საქართველოში ლიცენზირებული ბანკის მიერ. საბანკო გარანტიის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს გარანტიის გამცემი ბანკის სააქციო კაპიტალის 15 (თხუთმეტი) პროცენტს. ამასთან, საბანკო გარანტიის ვადა არანაკლებ 10 (ათი) თვით უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების ვადას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, წინასამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ 10 000 (ათი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ევროს ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად).

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, სამშენებლო გარანტია წარმოადგენს საბანკო გარანტიას, ელექტროსადგურის ჯამური დადგმული სიმძლავრის მიხედვით, ყოველი მეგავატისათვის არანაკლებ 20 000 (ოცი ათასი) აშშ დოლარის ან მისი ეკვივალენტი ევროს ოდენობით (საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ იმ პერიოდისათვის დადგენილი კურსის შესაბამისად).

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და ვადაში საბანკო გარანტიის წარდგენის ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება წყდება ავტომატურად, რის თაობაზეც სამინისტრო წერილობით აცნობებს პროექტის განმახორციელებელ პირს.

5. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში და პირობებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულებისა, გამოიწვევს დაინტერესებული დამრღვევი პირისთვის პირგასამტეხლოს დაკისრებას, რომლის ოდენობაც შეადგენს წინასამშენებლო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. ამასთან, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა უნდა განხორციელდეს განაცხადის დაინტერესებული პირის მიერ სამინისტროს მოთხოვნის მიღებიდან 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღის ვადაში, ხოლო, თუ აღნიშნულ ვადაში გადახდა არ განხორციელდა, საქართველოს მთავრობის სახელით, სამინისტრო უფლებამოსილია, დაკისრებული პირგასამტეხლოს გადაუხდელი ოდენობის თანხა გამოითხოვოს საბანკო გარანტიიდან. საბანკო გარანტიის ოდენობის შემცირების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის ვადაში შეავსოს საბანკო გარანტია.

6. ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის მომზადების ეტაპზე, თუ კომპანიაზე დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა აღემატება მთლიანი წინასამშენებლო საბანკო გარანტიის 50 (ორმოცდაათი) პროცენტს, საქართველოს მთავრობა უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების მოქმედება. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული მთლიანი თანხის გამოთხოვა და პროექტი და შესაბამისი ქონება (მათ შორის, პროექტთან დაკავშირებული ინტელექტუალური საკუთრება) გადაეცემა სახელმწიფოს უსასყიდლოდ საკუთრებაში.

7. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე დაინტერესებულ პირზე დაკისრებული პირგასამტეხლოს თანხა გამოთხოვილია საბანკო გარანტიიდან და არ განხორციელდა 30 (ოცდაათი) კალენდარულ დღეში საბანკო გარანტიის შევსება გამოთხოვილი თანხის ოდენობით, საქართველოს მთავრობა ავტომატურად, ცალმხრივად შეწყვეტს ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების მოქმედებას. ასეთ შემთხვევაში საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელდება საბანკო გარანტიით გათვალისწინებული დარჩენილი თანხის გამოთხოვა.

მუხლი 10. პროექტის განმახორციელებელი პირის პასუხისმგებლობა

1. პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია დაიცვას ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებითა და ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები და მათ შესრულებაზე სამინისტროს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს ინფორმაცია გონივრულ ვადაში, რომელიც არ შეიძლება იყოს 2 (ორ) თვეზე მეტი.

2. პროექტის განმახორციელებელ პირს არ აქვს უფლება, პროექტის განხორციელების უფლება საქართველოს მთავრობის წინასწარი თანხმობის გარეშე სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს ან ნებისმიერი ფორმით დატვირთოს. ამასთან, ის პასუხისმგებელია პროექტის ფარგლებში აშენებული ელექტროსადგურის ექსპლუატაციაზე, მოვლა-პატრონობასა და დაცვაზე, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

3. საქართველოს მთავრობის თანხმობის შემთხვევაში, ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროექტის განხორციელების უფლების გასხვისების შემთხვევაში, პროექტის განმახორციელებელი პირი ვალდებულია პროექტის განხორციელების უფლება ახალ მესაკუთრეზე გაასხვისოს იმავე პირობებით, რაც გათვალისწინებული იყო საქართველოს მთავრობასთან დადებული ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით.

4. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროექტის განმახორციელებელი პირის მიერ პროექტის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, ახალი მესაკუთრე, პროექტის განმახორციელებელ პირთან ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს ფასთა სხვაობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე.

5. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულების შემდეგ ინფორმაცია, სამინისტროს შეფასების შემდგომ, წარმოედგინება საქართველოს მთავრობას.

6. ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ამ ხელშეკრულების მხარეები იმოქმედებენ ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.

მუხლი 11. აუქციონზე წარდგენილ განაცხადსა და ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას შორის სხვაობა

1. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობა არის 10%-ზე მეტი, მაგრამ 15%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, მშენებლობის ფაზის ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 10%-ით.

2. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობა არის 15%-ზე მეტი, მაგრამ 30%-ზე ნაკლები, დაინტერესებულ პირს, ელექტროსადგურის პროექტის მშენებლობის, ფლობისა და ოპერირების ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში, შემოთავაზებული ტარიფი შეუმცირდება 30%-ით.

3. იმ შემთხვევაში, თუ დაინტერესებული პირის მიერ აუქციონის განაცხადით წარდგენილ წინარე ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში წარმოდგენილ საშუალო წლიურ გამომუშავებასა და სრულ ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევაში მიღებულ საშუალო წლიურ გამომუშავებას შორის სხვაობა არის 30%-ზე მეტი, დაინტერესებულ პირს, შეთანხმებული ტარიფი შეუმცირდება 100%-ით.

მუხლი 12. პროექტის ვადა და ვადის ცვლილება

ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულების გაფორმებიდან ელექტროსადგურების ექსპლუატაციაში გაშვებამდე ვადა ჯამში არ უნდა აღემატებოდეს:

ა) ჰიდროელექტროსადგურებისთვის − 5 (ხუთ) წელს;

ბ) ქარის ელექტროსადგურებისთვის − 4 (ოთხ) წელს;

გ) მზის ელექტროსადგურებისთვის − 3 (სამ) წელს;

დ) სხვა განახლებად ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებისთვის − 5 (ხუთ) წელს.

მუხლი 13. გარდამავალი დებულებები

1. პროექტები, რომელთა განვითარება დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე და მიმდინარეობს „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების მხარდაჭერის სქემის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების საფუძველზე, განხორციელდება საქართველოს მთავრობის 2020 წლის 2 ივლისის №403 დადგენილების თანახმად განსაზღვრული მხარდაჭერის სქემის შესაბამისად.

2. ამ მხარდაჭერის სქემის შესაბამისად გამოცხადებულ აუქციონში მონაწილე ყველა ის დაინტერესებული პირი, რომელიც ვერ გაიმარჯვებს აუქციონში ან რომელთანაც არ გაფორმდება ელექტროსადგურის ტექნიკურ-ეკონომიკური განხორციელებადობის ხელშეკრულება, უფლებამოსილია, პროექტი განავითაროს იმ სამართლებრივი აქტის შესაბამისად, რომლის საფუძველზეც მოპოვებული ჰქონდა პროექტის განვითარების უფლება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები