მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რატომ შეჩერდა ხელოვნური კუნძულის მოწყობის პროცედურა? – „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ განმარტებას აკეთებს

648c1b7a54ba2
ელენე გოგბერაშვილი
16.06.23 12:42
13453
კომპანია „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მხრიდან ხელოვნური კუნძულის მოწყობასთან დაკავშირებული განცხადების განხილვის შეჩერებასა და დამატებითი დოკუმენტაციის მოთხოვნის შესახებ bm.ge-სთან განმარტებას აკეთებს.

კომპანიის იურისტის განმარტებით, სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილია დამატებითი დოკუმენტაცია, რაც მარტივად შესასრულებელია. კომპანია კი მზადაა მოთხოვნილი დოკუმენტაცია გარემოს ეროვნულ სააგენტოს მაქსიმუმ მომავალ კვირაში წარუდგინოს.

„სახელმწიფოს მხრიდან მოთხოვნილია ორი მარტივი დოკუმენტი. ერთი არის კუნძულის პროექტის განხორციელების დასაბუთებულობა და ამ მიმართულებით ფორმალური თვალსაზრისით არის შესავსები დოკუმენტი.

მეორე ძირითადი მოთხოვნა არის, რომ წარდგენილი იყო სახელმწიფოსთვის მიწის ნაკვეთის shp ფაილები, ხოლო გარემოს ეროვნულმა სააგენტომ წამოაყენა მოთხოვნა, რომ მთლიანი მიწის shp ფაილებთან ერთად წარდგენილი იყოს თვითონ კუნძულის მაიდენტიფიცირებელი shp ფაილები, რომელიც არის ძალიან მარტივად გადასაწყვეტი ამოცანა და ჩვენ მომავალ კვირაში მაქსიმუმ ამ დოკუმენტაციას შევავსებთ“,-განმარტავს „ამბასადორი ბათუმი აილენდის“ იურისტი გოჩა კამკია.

მისი თქმით, კანონმდებლობით გათვალისწინებული რეგულაციების შესასრულებლად დაახლოებით 4-5 თვეა საჭირო, რის შემდეგადაც კომპანია უკვე ხელოვნური კუნძულის პროექტის განხორციელების ეტაპზე გადავა.

„კომპანია გამოთქვამს აბსოლუტურ მზაობას დაიწყოს პროექტის განხორციელება, დანარჩენი ეს არის კანონმდებლობა. მოთხოვნები არის დასაკმაყოფილებელი და ესეც არის ბუნებრივი პროცესი. კომპანია მზად არის წარმოადგინოს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც არის მოთხოვნილი, ვინაიდან კომპანიის უკან დგას საერთაშორისო მაღალრეპუტაციული არქიტექტურული და საინჟინრო კომპანია და მსგავსი მოთხოვნები არის მარტივად გადასაწყვეტი ამოცანა“,-აცხადებს კამკია.

სკოპინგის ანგარიშის მიხედვით, კუნძულის მოწყობა გათვალისწინებულია შავი ზღვის აკვატორიაში 108,5 ჰა ფართობის ტერიტორიაზე.

პროექტის ფარგლებში, რომლის საინვესტიციო ღირებულება 100 მლნ დოლარია, ორი ხელოვნური ნახევარკუნძულისა და ერთი კუნძულის ტერიტორიას გააერთიანებს, პლაჟები, აქტიური და პასიური დასვენების კუთხეები, სასეირნო პრომენადები და ზღვისპირა ბულვარი მოეწყობა და აკვაპარკები, იახტკლუბი, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სავაჭრო ცენტრები, სასტუმროები და საცხოვრებელი დანიშნულების ნაგებობები აშენდება.

პროექტის განმახორციელებელი „ამბასადორი ბათუმი აილენდი“ 2021 წლის14 ივნისს დაფუძნდა. კომპანიას ორი აქციონერი ჰყავს, ესენია ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულების ოფშორშირეგისტრირებული კომპანია Property Assets Investment LTD-ი, რომელსაც პროექტის 82%-იანი წილი ეკუთვნის და შპს„ბათუმი აილენდი“, რომელიც პროექტის 18%-იან წილს ფლობს, რომლის100%-იანი წილი ბიზნესმენ ფრიდონ ქათამაძეს ეკუთვნის.

კომპანია ხელოვნური კუნძულის პროექტის დასრულებას 3 წელიწადში გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები