მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რიონის ხიდზე ჩამოშლილი ბურჯი კომპანია "აკკორდმა" ააშენა

63f6190a0881b
შოთა ტყეშელაშვილი
23.02.23 16:35
5616
სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდის ნაწილი მდინარე რიონის ადიდების გამო ჩამოიშალა. საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, ისინი მომხდარის მიზეზების შესწავლას მდინარის დონის დაწევის შემდეგ შეძლებენ. 

დეპარტამენტის ინფორმაციით, ნგრევა მშენებარე ხიდის მერვე ბურჯის ჩამოშლამ გამოიწვია, რასაც მასზე დაყრდნობილი ორი მალის ჩაწოლა მოჰყვა.

აღსანიშნავია, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველი მონაკვეთის მშენებლობა 2014 წლიდან მიმდინარეობს. პროექტის დასრულების არაერთხელ გადავადება არაკეთილსინდისიერმა კონტრაქტორებმა განაპირობეს. თავდაპირველად კონტრაქტი კომპანია “ალტკომთან” გაფორმდა, რომელმაც ჩარიცხული მრავალმილიონიანი ავანსების მიუხედავად, პროექტის მხოლოდ 24% შეასრულა. 2018 წელს “ალტკომი” კომპანია “აკორდმა” ჩაანაცვლა, რომელსაც 89-მილიონიანი ხელშეკრულება გაუფორმდა, თუმცა სამუშაოები ბოლომდე არც “აკორდმა” დაასრულა, რომელთანაც მთავრობამ კონტრაქტი გაწყვიტა. ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ჩამოშლილი მერვე ბურჯი სწორედ ამ კონტრაქტორმა ააშენა. 

კომპანია "აკკორდი" 2005 წელს აზერბაიჯანში დაფუძნდა. კომპანიამ სამშენებლო პროექტები ძირითადად ცენტრალური აზიის რეგიონში განახორციელა.

2021 წელს კი მთავრობამ ახალი ტენდერი გამოაცხადა, რათა პროექტის საბოლოო კონტრაქტორი შეერჩია. ტენდერში კომპანია “ჯეუ გრუპმა” გაიმარჯვა, რომელსაც 73.7-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმდა.

“ჯეუ გრუპის” დირექტორმა გიორგი თავართქილაძემ BMG-ისთან მომხდარის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, მდინარე რიონი გუშინ იმაზე მეტად ადიდდა, ვიდრე ეს მათთვის მიწოდებულ 100-წლიან ჰიდროლოგიურ კვლევაში იყო აღნიშნული.

გიორგი თავართქილაძე ასევე აცხადებს, რომ ხიდის კონკრეტული ბურჯი, რომელიც წყალმოვარდნისას დაზიანდა, წინა კონტრაქტორის მიერ იყო აშენებული.

“ჩვენ სამუშაოები დავიწყეთ 2022 წლის დასაწყისში. მანამდე იყო სამუშაოების გარკვეული ნაწილი შესრულებული და იყო დარჩენილი გარკვეული სამუშაოები. მაგალითად, ხიდზე თვითონ მალის მოწყობის სამუშაოები და რიონის ხიდზე უშუალოდ მეშვიდე ბურჯამდე იყო ხიმინჯები ჩასასხმელი და ხიმინჯები ამოსაყვანი და მალის მშენებლობა. მერვე ბურჯიდან ბოლო ბურჯამდე ეს ხიდი ჩვენ უკვე აშენებული დაგვხვდა. 

თავად ეს შემთხვევაც, რის გამო მოხდა დაზიანება, ვერანაირ ინფორმაციას ვერ გეტყვით იქიდან გამომდინარე, რომ ძალიან დიდი ნალექი მოვიდა. 100-წლიანი კვლევები რაც იყო, იმაზე მაღალი იყო ნალექი და წყლის მოვარდნა, რამაც დიდი ალბათობით გამოიწვია ამ ბურჯის გამორეცხვა.

დანარჩენ დეტალებზე დღესაც მუშაობენ ექსპერტები და სანამ წყალი არ დაიწევს, დეტალური დასკვნის გაკეთება რთული იქნება, მაგრამ ამ ეტაპზე თავად მშენებლობა არის პროცესში და არ დასრულებულა.

ასეთი ტიპის შეცდომების აღმოჩენა უფრო მარტივია მშენებლობის პროცესში; იმედი გვაქვს, რომ ძალიან მალე იქნება დეტალური დასკვნა და მალევე მოხდება ყველა ამ დეფექტის აღმოფხვრა.

ჩვენ დასკვნების წარდგენას სიმტკიცეა თუ სხვა მახასიათებლებზე ვახდენთ იმ ნაწილზე, რომელიც ჩვენი შესრულებულია. დარწმუნებული ვარ, იმ ნაწილზე, რომელიც იყო უკვე შესრულებული, ასეთი დასკვნა არსებობს და მათ საფუძველზე მოხდა იმ ნაწილის ჩაბარება.

ჩვენ უახლოეს მომავალში უკვე ვასრულებთ სამშენებლო სამუშოებს. დაახლოებით, ერთი თვის ჭრილში საბოლოო სახეს ვაძლევდით ამ პროექტს, თუმცა მომხდარიდან გამომდინარე, გაუგებარ სიტუაციაში ჩავვარდით. თუკი ჩვენი მხრიდან იქნება საჭიროება, ჩვენ აუცილებლად ჩავერთვებით,” - განაცხადა გიორგი თავართქილაძემ.

მდინარე რიონზე აშენებული ხიდის საერთო სიგრძე 810 მეტრს შეადგენს. ჯერჯერობით, უცნობია რამდენი ხანი დასჭირდება არსებული დაზიანების აღმოფხვრას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები