მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის ეყოლება ტურიზმის ადმინისტრაციას ახალი უფროსი? - მარიამ ქვრივიშვილის პასუხი

632b2ce121edb
თელარა გელანტია
22.09.22 12:30
1106
საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას მეორე წელია ხელმძღვანელი არ ჰყავს. აღნიშნული თანამდებობა ვაკანტურია 2020 წლის დეკემბრიდან ანუ მას შემდეგ, რაც თავად მარიამ ქვრივიშვილი დეპუტატი გახდა, მაგრამ რამდენიმე თვეში პარლამენტარის მანდატზე უარი თქვა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილე გახდა. ამ დრომდე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოვალეობას მედეა ჯანიაშვილი ასრულებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელს თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი. გამომდინარე იქიდან, რომ ტურიზმი მარიამ ქვრივიშვილის საკურატორო სფეროა, ამ საკითხზე BMG-მ რამდენიმე კითხვა მას დაუსვა.

- როდის ეყოლება ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას ახალი ხელმძღვანელი და რატომ ვერ მოიცალა აქამდე ეკონომიკის სამინისტრომ სსიპ-ისთვის ახალი უფროსის შესარჩევად?

- ეკონომიკის სამინისტროსთვის და ზოგადად, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც ამ გუნდის წევრია, ტურიზმის ინდუსტრია ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული სექტორია და სწორედ ამიტომაც მოცლა-არ მოცლაზე საუბარი არაა..

- მაშინ რა არის მიზეზი, რატომაც მეორე წელია, სსიპ-ის ახალი ხელმძღვანელი არ დაინიშნა?

- ტურიზმის ადმინისტრაციას ჰყავს ძალიან წარმატებული და პროფესიონალი ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ქალბატონი მედეა ჯანიაშვილი. დღეს მე ძალიან ამაყად შემიძლია შევაფასო მისი საქმიანობა როგორც ძალიან წარმატებულის, რომელიც სრულ კოორდინაციაშია ეკონომიკის სამინისტროსთან და კერძო სექტორთან.

- არც აპირებთ კონკურსის გამოცხადებას ან ახალი უფროსის დანიშვნას?

- არ ავჩქარდეთ, არ გავუსწროთ მოვლენებს. ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ტურიზმის ინდუსტრია წარმატებით ვითარდება; ტურიზმის ადმინისტრაცია აგრძელებს წარმატებულ საქმიანობას და ამ შემთხვევაში ეს არის მთავარი კრიტერიუმი, რომლითაც ყველა ვხელმძღვანელობთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები