მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის გამოჩნდება ბაზარზე ქართული „კომბუჩა“ - კომპანიის გეგმები

5f0486d933706
ვიქტორია მღებრიშვილი
07.07.20 19:01
3581
კომპანია „კომბუჩა ბრუერს ჯორჯია“ ნოემბრიდან საქართველოში გამაგრილებელ-გამაჯანსაღებელი სასმელის - კომბუჩას წარმოებას იწყებს, - ამის შესახებ BM.GE-ის კომპანიის მმართველმა პარტნიორმა და დირექტორმა აკაკი ადამიამ განუცხადა.

დღეს, საპარტნიორო ფონდის მიერ გავრცელებულ რელიზში აღნიშნული იყო, რომ კასპის მუნიციპალიტეტის პირობით გამყოფ ზოლთან სოფელ ყარაფილაში კომბუჩას საწარმოს მშენებლობას ჩაეყარა საფუძველი.

როგორც კომპანიის ერთ-ერთი პარტნიორი ამბობს, მათი ბიზნეს პროექტი რამდენიმე ფაზას მოიცავს და პირველი ფაზის თანადაფინანსებას, რაც წარმოების ამოქმედებას და ადგილობრივ ბაზარზე პროდუქტის შემოტანას გულისხმობს, საპარტნიორო ფონდის შვილობილი კომპანია „სტარტაპ საქაღთველო“ და USAID-Zrda-ს ახორციელებს.

„კომბუჩა ეს არის ბუნებრივად გაზიანი სასმელი, რომელიც ჩაის ნაყენისგან მზადდება და შეიცავს პრებიოტიკებს. მას აქვს ანტიოქსიდანტური და იმუნური თვისებები. ანალოგიურ სასმელს საზღვარგარეთ ცხოვრებისა და სწავლის პერიოდში ვსვამდით და იქ დავიწყეთ იმაზე ფიქრი, რომ ჩამოვსულიყავით საქართველოში და ჩვენი წარმოება აგვემოქმედებინა. თავდაპირველად საპარტნიორო ფონდთან ერთად სოფელ ნატახტარში ვაპირებდით საწარმოს გახსნას, თუმცა შემდგომში ამას დაემატა USAID-ZRDA-ს საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფლებში ბიზნესის ხელშეწყობის ინიციატივა. პირველი ფაზის ინვესტიციის მოცულობა 700 000 ლარია, საიდანაც ჩვენი მონაწილეობა, დაახლოებით, 300 000 ლარია, „სტარტაპ საქართველოსი“ - 100 000 ლარამდეა, ხოლო USAID-ZRDA-ს წილი 100 000 დოლარია.

ვფიქრობ, საკმაოდ კარგი საქმე გამოვა, რადგან ჩვენი პროექტი სოფლის მეურნეობასთან ახლოს არის და ეს მოგვცემს საშუალებას დავასაქმოთ ადგილობრივები და ამავე დროს მათგან წარმოებისთვის საჭირო სოფლის მეურნეობის პროდუქტები ჩავიბაროთ. მშენებლობის პერიოდში, დაახლოებით, 15 ადამიანი იქნება დასაქმებული და ეს დიდხანს არ გაგრძელდება. შემდგომში საწარმოს განვითარება რამდენიმე ფაზად გვაქვს გამოყოფილი. საწყოს ეტაპზე საწარმოში 10 ადამიანამდე დასაქმდება, საიდანაც, დაახლოებით, 7 ადგილობრივი იქნება“, - ამბობს აკაკი ადამია.

მისივე თქმით, პირველ ეტაპზე საწარმოს წარმადობა 300 000 ბოთლი იქნება და წვენი 330 მლგრ-იან შუშის ბოთლებში ჩამოისხმევა.

"გვინდა, რომ „კომბუჩა“ გაყიდვაში ნოემბერში ჩავუშვათ. მოლაპარაკებები სარეალიზაციო ობიექტებთან დაწყებული გვაქვს და ნატურალური წვენები წარმოდგენილი იქნება თითქმის ყველა ცნობილ სარეალიზაციო ობიექტში. ჩვენი მოლოდინებით პირველი ფაზის დახურვას 1 წელზე მეტი არ უნდა დასჭირდეს, ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რამდენად მოიპოვებს პოპულარობას კომბუჩა ადგილობრივებში“, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები