მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ დაეხმარება დასაქმების სააგენტო სამუშაოს მაძიებლებს?

5e1c8962c3899
სალომე მეცხვარიშვილი
14.01.20 10:15
3639
წელს, პირველი იანვრიდან დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ამოქმედდა. შესაბამისად, შრომის და დასაქმების ხელშეწყობის მიმართულებით ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს, რაც აქამდე სოციალური მომსახურების სააგენტოს ფუნქციებში შედიოდა, ახალშექმნილი სააგენტო შეასრულებს. მათ შორის არის პროფესიული უნარების განვითარება, მომზადება-გადამზადება, სტაჟირება, სუბსიდირება, კონსულტირება და კარიერის დაგეგმვა. ამავე სააგენტოს უფლებამოსილება იქნება ცირკულარული მიგრაციის საკითხების მართვა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივი კადრების გადამზადება და ლეგალური დასაქმება უცხოეთში მოხდება.

სანამ დასაქმების სააგენტო სსიპ-ად ჩამოყალიბდებოდა, მანამდე სამინისტროში სპეციალური დეპარტამენტი არსებობდა, რომელიც ასევე ასაქმებდა მოქალაქეებს ან მათ სამსახურის გაუმჯობესებაში ეხმარებოდა. ყოველწლიურად დეპარტამენტის მეშვეობით 2 ათასამდე ადამიანი საქმდებოდა, განახლებულ სააგენტოში კი ფიქრობენ, რომ წლიდან-წლამდე ამ მაჩვენებელს გააუმჯობესებენ. პირველ ეტაპზე, მაჩვენებლის 15%-ით გაზრდა იგეგმება.

2020 წლის პირველ კვარტალში დასაქმების სააგენტო საკუთარი კადრების მოძიებასა და სტრუქტურის საბოლოოდ ჩამოყალიბებაზე იქნება ორიენტირებული. დასაქმების სააგენტო თავისივე უწყებაში 100-მდე ადამიანს დაასაქმებს. ბიუჯეტი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ჩამოყალიბებული სააგენტოსთვის 4 მილიონი ლარი იქნება, ანუ იგივე, რაც გასულ წლებში შესაბამის დეპარტამენტს ჰქონდა, თუმცა ჯანფდაცვის მინისტრის მოადგილეს თამილა ბარკალაიას მიაჩნია, რომ არსებული თანხა უფრო ეფექტურად გაიხარჯება, რადგანაც ბენეფიციარებთან ინდივიდუალური მოდელი იმუშავებს. სააგენტოს ბენეფიციარის გადამზადებასთან ერთად შეუძლია არაუმეტეს 4 თვის განმავლობაში 480 ლარის ოდენობით ხელფასი დაუსუბსიდიროს, მაგრამ ეს მხოლოდ მოწყვლად ჯგუფებსა და რთულად დასაქმებად ბენეფიციარებზე გავრცელდება.

“ყველაზე დიდი პრობლემა, რაც დღეს გვაქვს არის “სტრუქტურული უმუშევრობა”, როცა ბაზარზე არსებობს მოთხოვნა და არის ვაკანტური ადგილები, მეორე მხრივ, არის საკმაოდ მაღალი უმუშევრობის დონე, თუმცა, უმუშევართა კვალიფიკაცია არ შეესაბამება ბაზარზე არსებულ მოვლენებს.

სწორედ აქ არის დასაქმების სააგენტოს, როგორც საშუამავლო სერვისის მიმწოდებელი უწყების, ფუნქციის მნიშვნელობა. გამოიკვეთა საჭიროება, რომ სახელმწიფო უფრო აქტიურად ჩაერთოს საშუამავლო სერვისებით ამ პროცესებში; მხარი დაუჭიროს ე.წ. რთულად დასაქმებად კატეგორიებს, რომ მათ შეძინოს შესაბამისი უნარები, რაც მათ დაეხმარება სამუშაოს პოვნაში.

ფაქტია, რომ სამუშაოს ყველა მაძიებელს არ აქვს ერთნაირი სამუშაო კვალიფიკაცია, შესაბამისად, მათ სჭირდებათ განსხვავებული მხადაჭერითი სერვისები. აქამდე მხარდაჭერითი სერვისები იყო ძლიან სტანდარტიზებული - მოკლევადიანი მომზადება-გადამზადების კურსები, რომლებიც ფინანსდება სახელმწიფოს მიერ და სტაჟირების სუბსიდირების პროგრამა”, - აცხადებს ბარკალაია.

მისი თქმით, მოხდება ბენეფიციარების კატეგორიებად დაყოფა: 1 - ადამიანები, რომლებსაც აქვთ სამუშაო გამოცილება და ეძებენ სამუშაოს 2 - პირები, რომლებსაც სურთ საკუთარი სამუშაო პირობების გაუმჯობესება; 3 - უმუშევარი პირები, რომლებსაც არ აქვთ სამუშაო გამოცდილება 4 - პირები, რომელთა კვალიფიკაცია მოძველებულია.

პირველ და მეორე შემთხვევაში დასაქმების სააგენტოს დახმარება შესაძლოა მხოლოდ იმით შემოიფარგლოს, რომ მიაწოდოს მათ ინფორმაცია ვაკანსიებისა და მოთხოვნადი პროფესიების შესახებ. მესამე და მეოთხე შემთხვევებში კი კონსულტანტების ჩართულობა უფრო მაღალი იქნება.

“ზოგჯერ, ბენეფიციარი მოდის საკუთარი კარიერის კონკრეტული ხედვით, რომელიც შეიძლება არ შეესაბამებოდეს ან მის კვლალიფიკაციას ან ბაზარზე არსებულ მოთხოვნებს. ჩვენი კონსულტანტები გაუწევენ მათ შესაბამის კონსულტაციას. შესაბამისად, მიმართავენ მის გეგმებს და დაეხმარებიან, დაგეგმონ საკუთარი კარიერა. საჭიროების შემთხვევაში გადამზადების კურსებზე გაგზავნიან, საჭიროების შემთხვევაში გარკვეულ კატეგორიას დაუფინანსდება სტაჟირება ან ხელფასი და მოხდება მათი საკვანძო კვალიფიკაციითა და ისეთი უნარებით აღჭურვა, როგორებიცაა - CV-ის შევსება, პრეზენტაციის მომზადება და ა.შ.”, - აცხადებს ბარკალაია.

კითხვაზე, რა არის დღეს შრომის ბაზარზე ყველაზე დიდი გამოწვევა, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს, რომ ეს ე.წ. სტრუქტურული დასაქმებაა, ანუ როდესაც ბაზარზე მოთხოვნა სხვა პროფესიებზეა, მუშახელს კი კვალიფიკაცია სხვა მიმართულებით აქვს. აღნიშნულიდან გამომდინარე დასაქმების სააგენტო აპირებს ამიერიდან ე.წ. დაკვეთა ბიზნესისგან მიიღოს და არა ბენეფიციარებისგან. ანუ დასაქმების სააგენტო დააფინანსებს იმ პროგრამებს და პროფესიებს, რომლებზეც მოთხოვნა ბიზნესისგან მოდის. ირკვევა, რომ ამ დროისთვის ყველაზე მოთხოვნადი პროფესიები სატრანსპორტო, სამშენებლო და ტურიზმის სექტორშია.



გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები