მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როგორ ნაწილდება "ბორჯომის" მესაკუთრეთა სია საქართველოსთვის 7.7%-ის ჩუქების შემდეგ

62a73b6688352
შოთა ტყეშელაშვილი
13.06.22 17:55
10744
დღეს საქართველოს მთავრობამ ბორჯომის აქციების პაკეტის მიღებისთვის დადგენილება გამოსცა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ საუბარია არა საკონტროლო პაკეტზე, არამედ კომპანიის 7.73%-იან წილზე, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო მიიღებს.

სააქციო პაკეტთან ერთად, საქართველოს კომპანიის დირექტორთა საბჭოში ორი წევრი ეყოლება, რომელთაგან ერთი თავად საბჭოს თავმჯდომარე იქნება.

მთავრობის სხდომის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ჩამოთვალა, თუ რომელი კომპანიები იქნებიან IDS Borjomi International-ის აქციონერები. ეს სია ასე ნაწილდება:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 49.99%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● საქართველოს სახელმწიფო - 7.73%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

საუბარია არა "IDS ბორჯომი საქართველოს" წილებზე, არამედ IDS Borjomi International-ზე, რომელიც დსთ-ში მინერალური და სასმელი წყლის უმსხვილესი მწარმოებელია. ბორჯომის, ლიკანის და ბაკურიანის ბრენდების გარდა, კომპანია ქარხნებს ფლობს რუსეთსა და უკრაინაშიც, სადაც მორშინსკის და სვიატოი ისტოჩნიკის ბრენდების მტკნარ წყლებს ასხამს. 2020 წელს კომპანიის ჯამური შემოსავალი 461 მილიონი დოლარი, 2019 წელს კი 505 მილიონი დოლარი იყო.

მიხაილ ფრიდმანის “ალფა ჯგუფი” IDS Borjomi International-ის საკონტროლო წილს 2012 წლის დეკემბრიდან ფლობდა. გარიგებამდე კომპანიის მთავარი აქციონერი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომელმაც $460 მილიონ დოლარად “ბორჯომის” 60%-იანი წილი “ალფა ჯგუფს” მიჰყიდა. 40%-იანი წილი კი პატარკაციშვილების ოჯახის საკუთრებას წარმოადგენდა. 2012-2020 წლების განმავლობაში აქციათა თანაფარდობა სწორედ 40-60%-ზე იყო, ხოლო 2021 წლის პირველ ნახევარში მასში გაჩნდნენ სხვა მინორიტარი აქციონერები 3.79%-ის წილით.

2021 წლის პირველი ნახევრიდან დღემდე კომპანიის აქციონერები ასე ნაწილდებოდნენ:

● Erasmony Limited (მიხაილ ფრიდმანი) - 57.72%
● Black Waters Limited (პატარკაციშვილების ოჯახი) - 38.48%
● “ყოფილი თანამშრომელი და სხვადასხვა აქციონერი” - 3.79%

აქციონერთა რიგებში საქართველოს გამოჩენის შედეგად, “ალფა ჯგუფის” წილი 49.99%-მდე შემცირდა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ალფა ჯგუფმა” კომპანიის საკონტროლო პაკეტი დაკარგა. ანუ სანქცირებული პირები კომპანიის ნახევარზე მეტს აღარ ფლობენ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები