ლატვიის თავდაცვის მინისტრი არტის პაბრიკსი პოლონეთში რუსული რაკეტების ჩავარდნის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„ჩემი სამძიმარი პოლონელ ძმებს. რუსეთის კრიმინალურმა რეჟიმმა გაუშვა რაკეტები, რომლის სამიზნეც არა მხოლოდ უკრაინელი მოქალაქეები იყვნენ, არამედ პოლონეთშიც ჩავარდა. ლატვია ამ დანაშაულის დაგმობაში პოლონელი მეგობრების გვერდით დგას“, – წერს ლატვიის თავდაცვის მინისტრი.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე წუთის წინ მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ უკრაინის საზღვრის მახლობლად მარცვლეულის საშრობ ქარხანასთან აფეთქება მოხდა და შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა. სოციალურ ქსელებში სხვადასხვა მედიასაშუალებები წერდნენ, რომ ეს იყო უკრაინის მიმართულებით ნასროლი ორი რუსული რაკეტა, რომელიც პოლონეთში ჩამოვარდა. თუმცა პოლონურ მხარეს აღნიშნულ ფაქტში რუსეთის მონაწილეობა ოფიციალურად ჯერ-ჯერობით არ დაუდასტურებია.
შეგახსენებთ, რომ პოლონეთი NATO-ს წევრი ქვეყანაა.
რუსეთმა უკრაინაზე დღეს მასობრივი სარაკეტო იერიში განახორციელა, რის გამოც უკრაინაში 7 მილიონამდე ადამიანი ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.