მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსული „აზიმუტი“ საქართველოში ფრენების დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავს - RBC

6460ab5c7d94d
ვიქტორია მღებრიშვილი
14.05.23 13:33
1361
რუსული ავიაკომპანია „აზიმუტი“ და ქართული „ჯორჯიან ეარვეისი“ საბოლოო ფორმალობების დაცვის შემთხვევაში მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენის დაწყებას მომავალი კვირიდან გეგმავენ. ინფორმაციას RBC რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს, რასაც გამოცემასთან „აზიმუტთან“ დაკავშირებული პირიც ადასტურებს.

გამოცემის ცნობით, „აზიმუტმაი“ ვნუკოვოს აეროპორტიდან თბილისის მიმართულებით ფრენები შესაძლოა 16 მაისიდან დაიწყოს, Geogian Airways-მა კი 18 მაისიდან. „შესაძლოა 18 მაისის ნაცვლად უფრო გვიან დაიწყოს, ვიმედოვნებ, ფრენებს უახლოესი 10 დღის განმავლობაში დავიწყებთ“, - უთხრა RBC-ს Georgian Airlines-ს დამფუძნებელმა თამაზ გაიაშვილმა.

რუსეთიდან საქართველოში ფრენების დაწყების შესახებ შესაბამისი შეტყობინებით ავიაკომპანიებმა თბილისის აეროპორტის მმართველ TAV Airports-ის კორპორაციული კომუნიკაციის დირექტორმა ერხან უსტუნდაგმა დაუდასტურა და გამოცემა ინფორმაციის დასადასტურებლად საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან გადაამისამართა. RBC წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ „აზიმუტი“ თბილისში ფრენას კვირაში 6 სიხშირით გეგმავს.

Georgian Airways-ის დამფუძნებელი თამაზ გაიაშვილი გამოცემასთან ამბობს, რომ მოსკოვში ფრენების განახლებისთვის კომპანიას არანაირი წინააღმდეგობა არ აქვს. „უბრალოდ ყველაფერი კარგად უნდა დაიგეგმოს, ყველა გარემოება გათვალისწინებულ იქნას, რომელიც დღეისთვისაა“, - აღნიშნა მან. მისივე თქმით, საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენისთვის ფორმალური საკითხების მოგვარებაზე შეიძლება რამდენიმე დღე იყოს საჭირო. ქართულ ავიაკომპანიაში კი მოსკოვის მიმართულებით ბილეთების გაყიდვის დაწყების დროს მომავალი კვირის დასაწყისში განიხილავენ.

შეგახსენებთ: რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 10 მაისს ხელი მოაწერა 2019 წლის 21 ივნისს, საქართველოსთან დაწესებული ავიაემბარგოს გაუქმებას. აღნიშნული ემბარგო 20 ივნისს განვითარებული მოვლენების შემდეგ იყო დაწესებული, რის გამოც, რუსეთთან ავიამიმოსვლა მესამე ქვეყნების (ძირითადად სომხეთის) გავლით ხორციელდებოდა. პირდაპირი ფრენების ნებართვა 15 მაისიდან გაიცა. 10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ასევე საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. საქართველოს მოქალაქეები რუსეთში შესვლას 90 დღემდე ვადით უვიზოდ შეძლებენ.

BM.GE მოსკოვი-თბილისის პირდაპირი ფრენების დაწყების შესახებ ინფორმაციის გადამოწმებას საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები