ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრმა (EPRC) COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ უკვე გადადგმული და დაანონსებული ნაბიჯები შეისწავლა. ჯამში, ისეთი ორგანიზაციები, როგორიცაა მსოფლიო ბანკი, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი და სხვა დონორი ორგანიზაციები ათობით მილიარდი დოლარის მოცულობის პროგრამებს აანონსებენ. კერძოდ:
"მსოფლიო ბანკმა და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციამ (IFC) 17 მარტისათვის გაზარდეს სწრაფი რეაგირებისათვის განკუთვნილი პაკეტის ზომა 14$ მილიარდამდე, რათა დაეხმარონ კომპანიებსა და ქვეყნებს COVID-19-ის პრევენციას, იდენტიფიცირებასა და საპასუხო რეაგირებაში.
აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 18 მარტს, 6.5$ მილიარდიანი ფინანსური პაკეტი გამოყო COVID-19-ის პანდემიით დაზარალებული წევრი განვითარებადი ქვეყნების დასახმარებლად. 3.6$ მილიარდით მოხდება პანდემიის წინააღმდეგ საპასუხო ქმედებების დაფინანსება ჯანდაცვისა და ეკონომიკის მიმართულებით. 1.6$ მილიარდი მოხმარდება კერძო სექტორს.
ADB ასევე მობილიზებას გაუკეთებს, დაახლოებით, 1$ მილიარდ შეღავათიან რესურსს მიმდინარე პროექტებიდან და პროექტების გაუთვალისწინებელი ხარჯებიდან. დამატებით კი, გამოყოფს 40$ მილიონს ტექნიკური დახმარებისა და სწრაფი გრანტებისთვის.
EBRD-მა 1$ მილიარდიანი სოლიდარობის პაკეტი გამოყო პანდემიით დაზარალებული კომპანიების დასახმარებლად (13 მარტს). ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯია და EBRD მზაობას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში. უფრო დიდი რესურსების მობილიზება მოახდინოს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდმა (IMF) 80-მდე ქვეყნიდან (რომელთა შორის საქართველოც არის) მიღებული დახმარების თხოვნის შედეგად მზაობა გამოთქვა, სრულად აითვისოს არსებული 1$ ტრილიონიანი გასასესხებელი კაპიტალი. IMF-მა მარტის თვის დასაწყისშივე (4 მარტს) გამოყო 50$ მილიარდი პანდემიის შედეგად დაზარალებული წევრი ქვეყნების ეკონომიკების დასახმარებლად; IMF განიხილავს ნასესხობის სპეციალური უფლებების (Special Drawing Right) გააქტიურებასაც ისე, როგორც მსოფლიო ფინანსური კრიზისისას მოხდა.
G20-ის სამიტის შემდეგ (26 მარტს) გავრცელებული განცხადების მიხედვით, წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ 5$ ტრილიონიან ინექციას გააკეთებდნენ მსოფლიო ეკონომიკაში, თუმცა დეტალები ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
საქართველო მოლაპარაკებებს აწარმოებს IMF-თან და მნიშვნელოვანი რესურსების მოზიდვას ელოდება ფონდიდან. ასევე, საქართველომ მიიღო 45$ მილიონიანი დაფინანსება მსოფლიო ბანკისგან „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის". მიუხედავად იმისა, რომ პროექტის პირდაპირ მიზანს წარმოადგენს არა COVID-19 პანდემიის ეკონომიკური გავლენის შემსუბუქება, არამედ საქართველოში მიმდინარე რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა, ეს მნიშვნელოვანი დახმარებაა ქვეყნისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ინფორმაციით, აშშ საქართველოს გადასცემს $1.1 მილიონ დოლარს ჯანდაცვის სფეროს დასახმარებლად. ჯამში, აშშ დახმარება ჯანდაცვის მიმართულებით უტოლდება თითქმის 139 მილიონ ამერიკულ დოლარს, ყველა დანარჩენი მიმართულებით კი, 3.6 მილიარდ აშშ დოლარს აჭარბებს.
დახმარების მზაობა გამოითქვა ADB-ის და ევროკავშირის ელჩის მხრიდან, თუმცა დეტალები ჯერჯერობით ცნობილი არ არის.
საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მიერ გატარებული ადრეული პრევენციის ზომები ბადებს მოლოდინს, რომ განვითარებად ეკონომიკებს (საქართველოს ჩათვლით) ეკონომიკური რეაბილიტაციის ფაზის გავლა სრულიად დამოუკიდებლად არ მოუწევთ და ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ ფინანსური და ტექნიკური დახმარება საერთაშორისო საზოგადოებისაგან. რამდენად შეძლებს ქვეყნის ეკონომიკა ვირუსის დარტყმასთან გამკლავებას, ეს დამოკიდებული იქნება შედეგების საბოლოო მასშტაბზე და იმაზე, თუ როგორ შეძლებს ქვეყანა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან მუშაობას და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, მოზიდული თანხების ეფექტიანად გამოყენებას," - ნათქვამია EPRC-ის ანგარიშში.