მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საკონსტიტუციო სასამართლო აზარტულ თამაშებში მოგების გადასახადის შესახებ სარჩელს სწავლობს

5feca6dcec62f
BM.GE
30.12.20 21:00
1633
საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გამოქვეყნებული გადაწყვეტილებიდან ირკვევა, რომ სასამართლოს მეორე კოლეგიამ არსებით განხილვაში მიიღო კომპანია "ჩემპიონები 111"-ის, ანუ "ევროპა ბეთის" სარჩელი, რომელიც ტოტალიზატორების მოგების გადასახადით დაბეგვრის წესს შეეხება. საუბარია ნორმაზე, რომლის თანახმადაც კომპანიები ვალდებული არიან მოგების გადასახადის ოდენობით გადაიხადონ პერიოდის განმავლობაში მიღებული ფსონების 7%-ის ტოლფასი თანხა. კომპანია სარჩელში მიუთითებს, რომ მოგების გადასახადი უნდა ბეგრავდეს კომპანიის მოგებას, ხოლო ამ შემთხვევაში ისინი შესაძლოა ზარალზე იყვნენ, მაგრამ მაინც ფსონების 7%-ის ოდენობის მოგების გადასახადის გადახდა უწევდეთ, რაც მოგების გადასახადის შინაარსს ეწინააღმდეგება.

“მოსარჩელე მხარის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილი ტოტალიზატორისათვის დადგენილი გადასახადი მოქცეულია მოგების გადასახადის მარეგულირებელ ნორმებში, მისი დაბეგვრის რეჟიმი სრულიად განსხვავდება მოგების გადასახადისაგან. ამ განსხვავებაზე, პირველ რიგში, მეტყველებს ის ფაქტი, რომ ტოტალიზატორის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობის შემთხვევაში ხდება რეზიდენტი საწარმოს დაბეგვრა საწარმოს ფსონების ჯამიდან და არ გაითვალისწინება გამოქვითვები, მეტიც, ამ შემთხვევაში საერთოდ არ ხდება მხედველობაში იმის მიღება, აქვს თუ არა საწარმოს გასანაწილებელი მოგება. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ დაბეგვრის ობიექტად ფსონების ჯამის განსაზღვრით, გადასახადი გადაიხდება ამ საქმიანობის ფარგლებში დადებითი ბალანსის არქონის შემთხვევაშიც კი, კერძოდ, როდესაც მოთამაშეთა მიერ მიღებული ჯამური მოგება დადებული ჯამური ფსონების სიდიდეს გადააჭარბებს ტოტალიზატორი მიიღებს ზარალს, თუმცა მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, მას მაინც მოუწევს მოგების გადასახადის გადახდა მიღებული ფსონების ჯამის 7 პროცენტის სახით, რაც წინააღმდეგობაში მოდის მოგების გადასახადის არსთან და ნათლად მიუთითებს ამ გადასახადის განსხვავებულ ბუნებაზე.

აღნიშნულ არგუმენტაციაზე დაყრდნობით, მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ მოცემული გადასახადი წარმოადგენს მოგების გადასახადის ალტერნატიულ/ჩამნაცვლებელ ბრუნვის გადასახადს, რომლის ზღვრული განაკვეთი 2016 წლის 16 დეკემბრის №97-Iს საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებულ ცვლილებამდე შეადგენდა 5 პროცენტს. შესაბამისად, სადავო ნორმის საფუძველზე, გადასახადის განაკვეთის 5 პროცენტიდან 7 პროცენტამდე გაზრდით, მოხდა ამ გადასახადის განაკვეთის ზედა ზღვრის ცვლილება, ამასთან, აღნიშნულმა ცვლილებამ და გადასახადის ადმინისტრირების განსხვავებული წესის შემოღებამ გაზარდა გადამხდელის საგადასახადო ტვირთი,”- ნათქვამია სარჩელში.

როგორც ირკვევა, “ევროპა ბეთმა” ამ სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს გასული წლის დეკემბერში მიმართა, თუმცა საქმე არსებით წარმოებაში მხოლოდ ახლა მიიღეს.

"მიღებულ იქნეს არსებითად განსახილველად №1465 კონსტიტუციური სარჩელი („„შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) სასარჩელო მოთხოვნის იმ ნაწილში, რომელიც შეეხება საქართველოს საგადასახადო კოდექსის 309-ე მუხლის მე-16 ნაწილის კონსტიტუციურობას საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველ და მე-2 პუნქტებთან მიმართებით,"- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

გაიგეთ რამდენი მილიონი ლარის შემოსავლები და წმინდა მოგება აქვთ აზარტული თამაშების კომპანიებს საქართველოში.