მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სამკერვალო კომპანია „ელსელემამ“ თბილისის ქარხანა გაყიდა

608185d3d403a
თელარა გელანტია
22.04.21 19:05
2189
"ელსელემამ“ თბილისის ქარხანა დახურა. სამკერვალო კომპანიის გამოწვევებსა და პრობლემებზე bm.ge-ისთან ინტერვიუში მისმა მფლობელმა ელგუჯა მამასახლისმა ისაუბრა.

როგორც ირკვევა, ბიზნესმენმა ქარხნის დახურვის და ტერიტორიის გაყიდვის გადაწყვეტილება იმ პრობლემების გამო მიიღო, რომლის წინაშეც პანდემიურ 2020 წელს აღმოჩნდა. მამასახლისი ყვება, რომ სახელმწიფო შეკვეთების დროულად ვერჩაბარების გამო, კომპანია „შავ სიაში“ აღმოჩნდა და საბანკო ვალდებულებების მომსახურება გაუჭირდა.

„30 წელი სრულდება, რაც „ელსელემა“ ბაზარზეა და ძირითადად, ვკერავთ უნიფორმებს. ბოლო წლებში ექსპორტზეც გაგვქონდა პროდუქცია, მაგრამ წარმოების 60% მაინც ადგილობრივ ბაზარზე, სახელმწიფო შეკვეთებზე მოდიოდა. აქტიურად ვმონაწილეობდით სამინისტროების შესყიდვებშიც. უნიფორმებს ვკერავდით როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის, ისე თავდაცვის უწყებისთვის - ჩვენი შეკვეთების ლომის წილი სწორედ თავდაცვის სამინისტროზე მოდიოდა. შარშან კი უწყებამ ხელშეკრულება გაგვიწყვიტა და ასიათასობით ლარის პროდუქცია მიწყვია საწყობში. საქმე ისაა, რომ ნედლეულს საზღვარგარეთ ვყიდულობთ, რადგან საქართველოში ქსოვილი არ იწარმოება.

2019 წლის დეკემბერშიც პირადად ვიყავი ჩინეთში, უხანის რეგიონში და ვცდილობდი, შეკვეთილი საქონელი დროულად წამოსულიყო საქართველოში, მაგრამ თურმე იქ უკვე კორონავირუსის პანდემია მძვინვარებდა... მოკლედ, პროცესები გაჭიანურდა და პრობლემებიც აქედან დაიწყო. თავდაცვის სამინისტრომ ეს სიტუაცია არ გაითვალისწინა. ძალიან დიდი თანხა, მეც პირადად, ჩინეთში დავკარგე... ამდენად, არავინ არაფერი გაითვალისწინა. შეგვიწყდა ხელშეკრულებები, შეგვიყვანეს „შავ სიაში“ და საერთოდ ვეღარ ვმუშაობდით; გვქონდა საბანკო ვალდებულებები, რომელსაც მომსახურება სჭირდებოდა, ამიტომ გადავწყვიტე, „ელსელემას“ თბილისის ქარხანა გამეყიდა. მხოლოდ „ქართუ ბანკის“ სესხი გვქონდა 650 000 დოლარის ფარგლებში და კიდევ სხვა მიმდინარე დავალიანებები“, - განაცხადა bm.ge-სთან ინტერვიუში ელგუჯა მამასახლისმა და დასძინა, რომ ვალდებულებები კიდევ დარჩა, რომელსაც კომპანია უნდა მოემსახუროს.

„ამიტომაც ვცდილობ, „ელსელემას“ ლანჩხუთის ქარხანა ინტენსიურად ავამუშაო, რათა კომპანია გადავარჩინო. გაჩერებას არ ვაპირებთ, მეტიც, თბილისში ქარხნის დაბრუნებაზე ვფიქრობ“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

ელგუჯა მამასახლისის ინფორმაციითვე, თბილისის ქარხნის დახურვამდე „ელსელემა“ დედაქალქში 80 ადამიანს ასაქმებდა, თუმცა წინა წლებში ეს რიცხვი რამდენიმე ასეული იყო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები