სამკერვალო კომპანია „ელსელემას“ საქმიანობა დაახლოებით ორი წელია გაჩერებულია. ამის მიზეზი 2021 წელს კომპანიის სასამართლოს გადაწყვეტილებით 200 000 ლარით დაჯარიმება გახდა. საუბარია პანდემიის პერიოდში სამკერვალოს მიერ თავდაცვის სამინისტროსთან დადებული ხელშეკრულების პირობების დროულად ვერშესრულებაზე, რის გამოც კომპანია „შავ სიაში“ აღმოჩნდა, სახელმწიფო ტენდერებში ვეღარ მონაწილეობდა და საბანკო ვალდებულებების მომსახურებაც გაუჭირდა.
როგორც bm.ge-ის „ელსელემას“ დამფუძნებელმა, ელგუჯა მამასახლისმა განუცხადა, მომდევნო სასამართლო სხდომა ივნისშია დაგეგმილი, სადაც კომპანია თავისი წინადადებით წარდგება.
„პანდემიის შემდეგ სამკერვალო ბიზნესი გაჩერებული გვაქვს, მიზეზი გაზრდილი ჯარიმებია. კომპანია გაჩერდა, თუმცა შემოსავლების სამსახური გვარიცხავს ჯარიმებს, კატასტროფულად იზრდება ჯარიმების რაოდენობა და საერთო ჯამში, ნახევარ მილიონ ლარს გასცდა. ჩვენ სასამართლო სხდომაზე ჩვენს წინადადებას წარვადგენთ: ჩამოგვაწერონ ამ ხნის მანძილზე დარიცხული ჯარიმების პროცენტები და აღვადგენთ მუშაობას. ჩვენ იძულებული გავხდით გავჩერებულიყავით პანდემიის გამო და არა ჩვენი სიზარმაცის გამო. ვნახოთ, რა იქნება“, - აცხადებს ელგუჯა მამასახლისი.
მისივე თქმით, ამ ორი წლის განმავლობაში კომპანია „ელსელემას“ ქონებებიც გაიყიდა, - „ჩვენი ქონებები აუქციონებზე გავიდა და გაიყიდა. „ელსელემას“ ფაქტობრივად საკუთარი შენობა-ნაგებობა აღარ გააჩნია, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანია იყო სამკერვალო ბიზნესში“, - აღნიშნა მან.
ქონებების გაყიდვა პანდემიამდე საავანსო ჩარიცხვებმა განაპირობა, კერძოდ, ქონების ნაწილი [ლანჩხუთის სამკერვალო] სადაზღვევო კომპანიამ გაყიდა, თბილისის სამკერვალო კი თავად „ელსელემამ“, რათა ბანკის ვალი დაეფარა. თუმცა, ვალები ჯერ არ ამოწურულა, - „კიდევ გვაქვს ერთ-ერთი სადაზღვევოს ვალი ნახევარ მილიონამდე“, - ამბობს ელგუჯა მამასახლისი, - „უნდა მოგვეცეს მუშაობის საშუალება, საქმიანობის უფლება შეჩერებული არ გვაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში აზრი არ აქვს მუშაობას, ვინაიდან ასე ხელფასებს ვერ გადავიხდით. უაზრობაა მუშაობა, სანამ არ მოხდება შეთანხმება ისე, რომ მუშაობა აღვადგინო და ხელფასები გავცე. ვალი გვაქვს ჯარიმების სახით, რომელიც პანდემიის პერიოდმა განაპირობა და ეს თუ ბრუნვის საშუალებას არ მოგვცემს, რა აზრი აქვს. ივნისში დაგეგმილ სასამართლო სხდომაზე ჩვენს წინადადებას უნდა წამოყვნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯარიმები იზრდება და მათთვისაც აზრი არ აქვს, ქონება აღარ აქვს კომპანიას და არაფერი“.
ცნობისთვის, სამკერვალო კომპანია „ელსელემა“ დაახლოებით 25 წელი ფუნქციონირებდა და თბილისსა და ლანჩხუთში სამკერვალოებს ამუშავებდა. სამკერვალო თანამშრომლობდა ისეთ ცნობილ ბრენდებთან, როგორიცაა "მონკლერი", "კოტონი". ასევე კომპანია "ქამელეონთან" პარტნიორობით „ელსელემას" შვეიცარიის პოლიციისათვის უნიფორმებს, ჯავშანჟილეტებს და შესაბამის აქსესუარებს კერავდა.
„ელსელემაც“ წლების განმავლობაში აქტიურად მონაწილეობდა სახელმწიფო შესყიდვებშიც და უნიფორმებს შინაგან საქმეთა და თავდაცვის სამინისტროებისთვის კერავდა. ასე იყო 2020 წლამდე, ვიდრე, როგორც ბიზნესმენი ყვება, „შავ სიაში“ არ აღმოჩნდა, რადგან პანდემიის გამო თავდაცვის სამინისტროს შეკვეთა დროულად ვერ ჩააბარა.
„იყო დრო, როცა 450 ადამიანს ვასაქმებდი. ლანჩხუთის სამკერვალოში აღორძინების პერიოდი გვქონდა, მზარდი იყო და ორი ახალი ხაზის დამატებას ვაპირებდი“, - აცხადებს ელგუჯა მამასახლისმა და იმედოვნებს, რომ სახელმწიფოსთან მორიგებას შეძლებს და საქმიანობას აღადგენს.