მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ორივე კომპანია, რომლებსაც წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისას კონტრაქტები შეუწყვიტეს, "შავ სიაშია"

შავი სია

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტომ "შავ სიაში" შეიყვანა ორივე კომპანია, რომლებიც წერეთლის გამზირზე მუშაობდნენ და რომლებთანაც ხელშეკრულებები დროულად შეუსრულებელი სამუშაოების გამო შეწყდა.

16 იანვარს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ ორ კონტრაქტორს, “მილენიუმ ბილდერს გრუპსა” და “ერ-ტე-დე”-ს, ხელშეკრულებები გაუწყვიტა. მიზეზად სამუშაოების უხარისხოდ, ვადა გადაცილებით შესრულება სახელდებოდა.

მიმდინარე თვის დასაწყისში კი, ორივე კომპანია სააგენტოს "შავ სიაში" მოხვდა. იქამდე, მერმა დააანონსა, რომ მერიამ სააგენტოს მიმართა და ამ საკითხზე მუშაობა მიმდინარეობდა.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაციიდან გაშვების შემდეგ, 2 დღეში ცნობილი გახდა, რომ ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 15-მილიონიანი კონტრაქტი გაუფორმა შპს “ერ ტე დე"-ს. სხვა არც ერთ მიმდინარე ტენდერში, სადაც პროცესი შერჩევა-შეფასების ეტაპზეა, კომპანია ამ დროისთვის მონაწილეობას არ იღებს.

სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ 14.8 მლნ ლარის კონტრაქტით ,,ერ-ტე-დეს" კასპი-ახალქალაქის საავტომობილო გზის დაახლოებით 11 კმ-ს მშენებლობა დაუკვეთა. ხელშეკრულებას ხელი 18 იანვარს მოეწერა, წერეთლის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შეუსრულებლობის გამო კი, იგივე კომპანიას ხელშეკრულება 16 იანვარს შეუწყდა.

რაც შეეხება მეორე კომპანიას, ,,მილენიუმ ბილდერს გრუპს", ის 7 ტენდერში მონაწილეობდა, საიდანაც 6 სხვადასხვა მიზეზით შეწყვეტილია.

წერეთლის გამზირის ყოფილი კონტრაქტორი კომპანია „მილენიუმ ბილდერს გრუპ-ის“ პროექტების მენეჯერმა ვახტანგ ჯალიაშვილმა bm.ge-სთან განაცხადა, რომ მიზეზი სწორედ "შავი სიაა" და კანონმდებლობის მიხედვით, დარჩენილი ერთი ტენდერის შეწყვეტასაც ელიან.

"მივიღეთ წერილი, რომ უკვე შავ სიაში ვართ. კანონის შესაბამისად, ეს არის ყველა ტენდერის შეწყვეტის მიზეზი. არ ვიცი, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, გავასაჩივრებთ თუ არა და ა.შ. ეს დირქტორატზეა დამოკიდებული, მათ უნდა გადაწყვიტონ", - განაცხადა ჯალიაშვილმა.

ინფორმაციისთვის, შავ სიაში შესულ კომპანიებს ახალ ტენდერებში მონაწილეობის უფლება 1 წლით ეზღუდებათ. იმ კომპანიების შემთხვევაში კი, რომელიც შავ სიაში რამდენჯერმე სხვადასხვა თარიღით დარეგისტრირდა, ათვლა უახლესი თარიღიდან დაიწყება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები