მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

არაუგვიანეს ხვალისა, წერეთლის გამზირზე სამუშაოები გაგრძელდება - კალაძის მოადგილე

გამზირი

დღეს ცნობილი გახდა, რომ თბილისის მერიამ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციაზე პასუხისმგებელ კომპანიებს ხელშეკრულებები შეუწყვიტა. მიზეზებზე თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანი, მედიასთან საუბრობს.

“მერიის შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ 24-საათიან მონიტორინგს ნებისმიერ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, მსგავსად ხდებოდა წერეთელზეც. დაფიქსირდა გარკვეული სახის დარღვევები, როგორებიც არის ვადების გადაცილება, გეგმა-გრაფიკთან ჩამორჩენა, გარკვეულ ნაწილში იყო უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები, რომლის გამოსწორებაც მოუწევთ კომპანიებს და ამ მიმართულებით მუნიციპალიტეტიდან ხარჯები არ გადახდილა, ვიდრე სამუშაოები სრულად არ გამოსწორდება”, - ამბობს ირაკლი ბენდელიანი.

მერის მოადგილე ადასტურებს, რომ უკვე მიმდინარეობს ალტერნატიული კომპანიების მოძიება და დათქმულ ვადაში, იანვრის თვის ბოლოს, წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა ორმხრივად გაიხსნება.

“ახლა მიმდინარეობს დაჩქარებული წესით ალტერნატიული კომპანიების მოძიება. ვინაიდან ჩვენ მოქალაქეების წინაშე ვალდებულება გვაქვს აღებული, რომ იანვრის თვის ბოლოს უნდა გაიხსნას წერეთლის გამზირზე საგზაო მოძრაობა, დაჩქარებული რეჟიმით მიმდინარეობს მოლაპარაკებები. არაუგვიანეს მომდევნო დღისა მოხდება ხელშეკრულებების გაფორმება და გაგრძელდება შეუფერხებლად სამუშაოები. ის ვადა, რაც მოსახლეობისთვის გვქონდა ნათქვამი, არ გადაიწევს, იანვრის ბოლოს დასრულებული იქნება სამუშაოები და აღდგება მოძრაობა ორმხრივად”, - აცხადებს ბენდელიანი.

ის განმარტავს, რომ კომპანიებს უხარისხოდ შესრულებული სამუშაოების გამოსწორებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულება აქვთ, რის შემდეგაც შესრულებული სამუშაოსთვის მუნიციპალიტეტი შესაბამის თანხას გადაუხდის. ბენდელიანი განმარტავს, რომ წერეთლის გამზირის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი არ გაიზრდება.

“ამ მასშტაბის ობიექტზე როდესაცაა სამუშაოები, შეიძლება, რაღაც გაკეთდეს უხარისხოდ, მაგრამ ვალდებულება აქვს კომპანიას, რომ ეს უხარისხო სამუშაოები გამოასწოროს და, როდესაც ის ჩვენ დადგენილ სტანდარტებთან და კანონით დადგენილ ნორმებთან შესაბამისობაში მოვა, ამის შემდეგ მოხდება თანხის გადახდა.

ის ბიუჯეტიდან, რაც წერეთლის გამზირისთვის იყო გამოყოფილი, არც ერთი ლარით მეტი არ დაიხარჯება ამ მიმართულებით. რა თანხაც იყო გამოყოფილი, დარჩენილი თანხის ფარგლებში მოხდება ახალ კომპანიებთან ხელშეკრულების გაფორმება”, - აცხადებს მერის მოადგილე.

წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია 2023 წლის აპრილში დაიწყო. პროექტს ორი კონტრაქტორი - მილენიუმ ბილდერს გრუპი (ორი ლოტი, 22 მლნ ლარი) და "ერ ტე დე" (ერთი ლოტი 9 მლნ ლარი) აშენებდა, რომლებსაც სამუშაოები 2024 წლის 31 იანვარს უნდა დაესრულებინათ. თბილისის მერიამ გამზირის რეაბილიტაციისთვის ახალი გამარტივებული შესყიდვა უკვე გამოაცხადა. მისი ღირებულება 17.7 მილიონი ლარია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები