მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სანქციების გამო "IDS ბორჯომი" წარმოებას დროებით აჩერებს - კომპანიის განცხადება

626b9cb9006d3
ვიქტორია მღებრიშვილი
29.04.22 12:06
8261
მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანია IDS ბორჯომი წარმოებას დროებით აჩერებს. ამის შესახებ განცხადებას კომპანია ავრცელებს, სადაც განმარტებულია მიზეზი, რის გამოც მენეჯმენტმა აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

BM.GE კომპანიის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„გაცნობებთ, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების დაწყების დღიდან კომპანია IDS ბორჯომი საქართველო მძიმე ვითარებაში აღმოჩნდა. კომპანიის პროდუქციის რეალიზაციის ძირითად ბაზრებზე შექმნილ რთულ ვითარებას დაემატა საბანკო ანგარიშებზე შეზღუდული წვდომა, რამაც კომპანიას ჩაუკეტა სავალუტო შემოსავლების მიღებისა და კრედიტორებთან ანგარიშსწორების შესაძლებლობა.

კომპანია დღემდე სიტუაციის არსებითი გამოსწორების იმედით აგრძელებდა ფუნქციონირებას, რაც სამწუხაროდ ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია იძულებულია, ა/წ 29 აპრილიდან დროებით შეაჩეროს ბორჯომის ჩამომსხმელ ორივე ქარხანაში წარმოების პროცესი.

იმედს ვიტოვებთ, რომ ვითარება უახლოეს მომავალში გამოსწორდება და მოგვეცემა ფუნქციონირების განახლების შესაძლებლობა“, - ნათქვამია IDS ბორჯომის განცხადებაში.

კომპანიის ინფორმაციით, კომპანია საქართველოში 1 000-მდე ადამიანს ასაქმებდა. 

რატომ შეეხო ბორჯომს სანქციები:

2013 წლიდან IDS Borjomi-ის საკონტროლო 60%-იან პაკეტს რუსეთის ერთ-ერთი უმსხვილესი კერძო საინვესტიციო ჰოლდინგი “ალფა ჯგუფი” ფლობს. ამ გარიგებამდე მინერალური წყლების კომპანიის საკონტროლო პაკეტის მფლობელი პატარკაციშვილების ოჯახი იყო, რომლებმაც ეს აქტივი $460 მილიონად გაასხვისეს. 

დღეს თავად “ალფა ჯგუფის” დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებულ ოლიგარქთა სიაშია. 

IDS Borjomi International-ის ქტივებში შედის არამხოლოდ საქართველოში, არამედ სხვა ქვეყნებში მდებარე მინერალური და მტკნარი წყლების მწარმოებელი კომპანიებიც. კომპანიის საკუთრებაშია წყლის ჩამომსხმელი საწარმოები უკრაინის ქალაქ მირგოროდსა და მორშინში, რომელიც მინერალურ წყალ Моршинськ-ს ასხამენ. კომპანია ასევე ფლობს რუსეთის ერთ-ერთ წამყვან მტკნარი წყლის ბრენდს Святой источник-ს.

უშუალოდ “აიდიეს ბორჯომი საქართველო, შპს აიდიეს ბორჯომი ბევერიჯიზ კომპანის საქართველოს ფილიალი" საკუთარ ფინანსურ ანგარიშგებებს საჯაროდ აქვეყნებს. Reportal-ისთვის წარდგენილი დოკუმენტის თანახმად, კომპანიის შემოსავალმა 2020 წელს $119.7 მილიონი შეადგინა, ზარალი კი $64.3 მილიონი იყო. 2019 წელს კი კომპანიამ $140.17 მილიონი გამოიმუშავა, ხოლო მისი წმინდა მოგება $17.3 მილიონი იყო. თავად “აიდიეს ბორჯომი საქართველოს” ძირითად ბრენდებს “ბორჯომი”, “ლიკანი”, “ბაკურიანი” და “მიტარბი” წარმოადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები