მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველო-ჩინეთის 2020: თითქმის გასამმაგებული ექსპორტი

5fd6a68fb55fd
ეგნატე შამუგია
15.12.20 09:45
3774
საქართველოსა და ჩინეთს შორის ეკონომიკური ურთიერთობა მრავალ წელს ითვლის, რაც უპირველეს ყოვლისა, ვაჭრობას უკავშირდება. ამ უკანასკნელს კი გამოკვეთილი ზრდის ტენდენცია ახასიათებს, რაც ძირითადად იმპორტის ნაწილში იკვეთებოდა, თუმცა 2013 წლიდან არამხოლოდ იმპორტი, არამედ საქართველოდან ჩინეთში საქონელი და მომსახურების ექსპორტის მკაფიოდ გამოკვეთილი ზრდის ტემპია, რამაც მიმდინარე წელს ყველაზე მაღალ ნიშნულს მიაღწია. გლობალური ეკონომიკური რეცესიის და შესაბამისად, საერთაშორისო ვაჭრობის შემცირების ფონზე, საქართველოს ნომერ პირველი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა სწორედ ჩინეთი გახდა, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოში ნომერ პირველი ექსპორტიორი ქვეყანა და მისი წილი გლობალურ ეკონომიკაში გასული საუკუნის 80-იანი წლებიდან იზრდება, რაც 2025 წლისთვის 20.6%-ითაა ნავარაუდევი. აღნიშნული კი 1978 წელს ეკონომიკის სტრუქტურული გარდაქმნების შემდეგ, სწრაფი ეკონომიკური ზრდის შედეგია. კერძოდ, ბოლო 40 წლის მანძილზე ჩინეთის ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე 23-ჯერ გაიზარდა. ესე იგი, საშუალოდ ერთი მოსახლე დღეს 23-ჯერ უფრო მდიდარია, ვიდრე 40 წლის წინ.

მიუხედავად იმისა, რომ "დიდი ჩაკეტვის" შედეგად გლობალური ეკონომიკის 4.4%-იანი კლებაა მოსალოდნელი, ჩინეთის ეკონომიკური განვითარების პროცესი მიმდინარე წელსაც გაგრძელდება. მართალია, წინა პერიოდთან შედარებით დაბალი ტემპით, მაგრამ 2020 წლისთვის ეკონომიკის 1.9%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, ხოლო მომდევნო წლისთვის კი - ზრდის 8.2%-იანი ნიშნული. ამდენად, 2020 წლისთვის გლობალურ ეკონომიკაში ჩინეთის წილი 18.6%-ითაა პროგნოზირებული, რაც რიგით მეორე უმსხვილეს ეკონომიკის - აშშ-ს წილს 2.6 პ.პ. -ით აღემატება. შესაბამისად, დღეს არსებული პროგნოზების მიხედვით, გლობალურ ეკონომიკაში ამ უკანასკნელის წილი მზარდია, რაც მოცულობით ნომერ პირველი ეკონომიკის სტატუსის სტაბილურობას უზრუნველყოფს.


ფიგურა 1: ჩინეთის ეკონომიკური განვითარების ტენდენცია
წყარო: საერთაშორისო სავალუტო ფონდი; ავტორის გამოთვლები

როგორც აღვნიშნეთ, მიმდინარე წელს საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა ჩინეთი გახდა, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს ნომერ პირველი სავაჭრო პარტნიორი ყველაზე დიდი ბაზრის მქონე ქვეყანაა. კერძოდ, 2020 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, მთლიანი ექსპორტის 15.43% ჩინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურებაა, რომელიც აბსოლუტურ მაჩვენებლებში 418.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს. მიმდინარე წელს მიღწეული ნიშნული არამხოლოდ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან, არამედ მთლიანად 2019 წლის მაჩვენებელთან შედარებითაც უფრო მაღალია. 2019 წელს კი, საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილი, 223.1 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების გატანით, 5.87%-ს შეადგენდა. ამ პერიოდში კი, სავაჭრო ბრუნვაში წილი 10.83%-მდე გაიზარდა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მხოლოდ 2.75 პ.პ. -ით მატებაა. მიზეზი კი, ჩინეთიდან იმპორტის შემცირებაა, რომელიც უფრო დიდი მოცულობით ხორციელდება, ვიდრე - ექსპორტი. 2020 წლის ათ თვეში ჩინეთიდან 572.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების საქონელი და მომსახურების იმპორტი განხორციელდა, რაც მთლიანი ღირებულების 8.89%-ს შეადგენს. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია, რადგან 2019 წლის აღნიშნულ პერიოდში 721,2 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იმპორტი განხორციელდა, რითაც ჩინეთი საქართველოს მთლიან იმპორტში 9.34%-იანი წილი იკავებდა.

ფიგურა 2: საქართველოს-ჩინეთის სავაჭრო მაჩვენებლების წილი (%)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მთლიან ექსპორტში ჩინეთის წილის ზრდა არა სხვა ქვეყნებთან ექსპორტის შემცირებას, არამედ ამ უკანასკნელთან მისი რეალურ ზრდას უკავშირდება. კერძოდ, 2020 წლის ათი თვის მონაცემებით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ჩინეთში ექსპორტის რეალური მაჩვენებელი 163.8%-ითაა გაზრდილი. აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველოდან ჩინეთში განხორციელებული ექსპორტის ღირებულება, 2019 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოს სამ უმსხვილეს [რუსეთი, აზერბაიჯანი და სომხეთი] სავაჭრო პარტნიორ ქვეყანაში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების ღირებულებას აღემატება. ჩინეთში ექსპორტის ზრდა კი ამ ქვეყანაში [და არა მხოლოდ] საქართველოს ნომერ პირველ საექსპორტო საქონელს - სპილენძის მადნებს უკავშირდება. კერძოდ, მიმდინარე წლის იანვარის მდგომარეობით, ჩინეთში ექსპორტირებული მადნების ღირებულებამ 350.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლინად 2019 წელს 171.6 მლნ აშშ დოლარი იყო.

ფიგურა 3: საქართველო-ჩინეთის ვაჭრობის რეალური მაჩვენებლები (ათასი აშშ დოლარი; გლობალური ფასების ინდექსის მიხედვით)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

გარდა სპილენძის მადნების და კონცენტრატებისა, საქართველოდან ჩინეთში საექსპორტო საქონელს შორისაა ღვინო, რომლის ექსპორტის ღირებულება მიმდინარე წლისთვის 10.9 მლნ აშშ დოლარს შეადგენს, რაც ზომის ერთეულში 2 824 772 ლიტრია. აღსანიშნავია, რომ ამ მხრივ, ყველაზე მეტი მოცულობის ღვინის ექსპორტი 2017 წელს, 5 413 272 ლიტის ოდენობით განხორციელდა, რამაც ჯამში, 20.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. 2019 წელს კი, საქართველოდან ჩინეთში 5 204 196 ლიტრი ღვინის ექსპორტი განხორციელდა, რაც 18.9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების იყო. შესაბამისად, გასულ წელს ჩინეთში ექსპორტირებული ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულება 3.6 აშშ დოლარს შეადგენდა, რაც წინა 2018 წელს 4.0 აშშ დოლარს აღწევდა. მიმდინარე წელს კი საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული ერთი ლიტრი ღვინის საშუალო ღირებულება 3.8 აშშ დოლარია, რაც 0.6 დოლარით აღემატება ევროკავშირში ექსპორტირებულს, ხოლო ისტორიულად ქართული ღვინის ნომერ პირველ საექსპორტო ქვეყნის -რუსეთის შემთხვევაში კი საშუალოდ 0.9 აშშ დოლარით ძვირია. ამდენად, ქართული ღვინო ჩინურ ბაზარზე უფრო ძვირად იყიდება, ვიდრე რუსეთის და ევროკავშირის, რაც არამხოლოდ ბოლო წლების, არამედ ადრეული ტენდენციაა.

ფიგურა 4: ჩინეთში ექსპორტირებული ღვინის მოცულობა და ფასი (მლნ ლიტრი; აშშ დოლარი)
წყარო: სტატისტიკის ეროვნული სამსახური; ავტორის გამოთვლები

როგორ ვნახეთ, გლობალური რეცესიის მიუხედავად ჩინეთის ეკონომიკა იზრდება, თუმცა მიმდინარე წლისთვის ზრდის ტემპი შედარებით დაბალია. სწორედ, ამ ფონზე ჩინეთი საქართველოს ნომერ პირველი საექსპორტო ქვეყანა გახდა, რაც სხვა სავაჭრო პარტნიორებთან ექსპორტის შემცირებას არ უკავშირდება. მიზეზი, ჩინეთში საქართველოდან ექსპორტის რეალური ზრდაა. ეს კი საქართველოდან ჩინეთში სპილენძის მადნების გაორმაგებულ ექსპორტს უკავშირდება. თავის მხრივ, სპილენძის მადნები ის ძირითადი საქონელია, რაც საქართველოს უმსხვილეს საექსპორტო პროდუქციაა და შესაბამისად, საქართველოდან ჩინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 83.6%-ს შეადგენს. გარდა მადნებისა, ღვინოც საექსპორტოს საქონელს შორისაა, რომლის წილი ჩინეთში ექსპორტირებული საქონელი და მომსახურების 2.6%-ს იკავებს, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩინეთში ქართული ღვინო უფრო მეტად ფასობს, ვიდრე რუსეთსა და ევროკავშირში, რადგან ჩინეთში მათთან შედარებით 17.2% და 30.8%-ებით უფრო ძვირია. თავის მხრივ, მომდევნო პერიოდში ზრდის პოტენციალი არამხოლოდ სპილენძის მადნებს, არამედ სხვა საქონელსაც გააჩნია, რომლის საფუძველი 2018 წელს ამოქმედებული საქართველოსა და ჩინეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი და ამ უკანასკნელის ეკონომიკური ზრდის პროგნოზია. კერძოდ, 2021 წლისთვის ჩინეთის ეკონომიკის 8.2%-იანი და საშუალოვადიან პერიოდში კი, საშუალოდ 6.2%-იანი ზრდაა ნავარაუდევი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები