მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა

5f4b6fd06db96
შოთა ტყეშელაშვილი
30.08.20 13:20
5668
საქართველოს დამოკიდებულება რუსულ ხორბალზე 100%-მდე გაიზარდა. ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, 2020 წლის 7 თვის განმავლობაში საქართველოში იმპორტირებული 223 ათასი ტონა ხორბლის 100% რუსული იყო.

რუსეთს ხორბლის იმპორტში გასული წლების განმავლობაშიც წამყვანი პოზიცია ეჭირა, თუმცა 2020 წლისგან განსხვავებით, 2019 წელს ბაზარზე სხვა მოთამაშეებიც იყვნენ. მაგალითად 2019 წლის 7 თვის მდგომარეობით, რუსეთზე ხორბლის იმპორტის 74.9% მოდიოდა, მის შემდეგ კი მეორე ადგილს ყაზახეთი იკავებდა. 2019 წლის ჯამური მაჩვენებლებით კი რუსული ხორბალი საქართველოს იმპორტის 87.3%-ს შეადგენდა.

ქვეყნები, საიდანაც 2019 წელს ხორბლისა და მესლინის იმპორტი ხორციელდებოდა (ტოპ 5 ქვეყანა):

1. რუსეთი - $90.6 მლნ დოლარი, 430,236 ტონა (2018 წ. – 95.8 მლნ დოლარი, 483,505 ტონა);
2. ყაზახეთი - $13.2 მლნ დოლარი, 56,248 ტონა (2018 წ. – 18.2 მლნ დოლარი, 88,865 ტონა);
3. აშშ - $1.1 მლნ დოლარი, 6,000 ტონა;
4. ირანი - $45.5 ათასი დოლარი, 230 ტონა;
5. თურქეთი - $24.1 ათასი დოლარი, 46 ტონა (2018 წ. – 672.5 ათასი დოლარი, 3 117 ტონა);

ჯამურად 2020 წლის შვიდი თვის განმავლობაში ხორბლის იმპორტის მოცულობამ თანხობრივად $49.3 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.3%-ით ნაკლებია.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობამ განაცხადა, რომ ყაზახეთის მთავრობა საქართველოში ხორბლის ექსპორტის წახალისებას სუბსიდირების გზით განიხილავდა.

„ყაზახეთში შემდგარი მოლაპარაკების თანახმად, ყაზახეთის მთავრობა ქვეყნის ბიუჯეტიდან საქართველოს ბაზარზე ხორბლის ტრანსპორტირების სუბსიდირებას მოახდენს და 50%-მდე დაწევს ტარიფებს, რაც მოგვცემს საშუალებას, ყაზახური ხორბალი შედარებით ხელმისაწვდომ ფასებად მივიღოთ,”- 2019 წელს განაცხადა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები