საქართველოს მთავრობა ხორბლისა და ქერის ექსპორტს მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე კრძალავს. ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ შამუგიამ განაცხადა.
მისი განმარტებით, რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს.
ოთარ შამუგია ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) და მცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს.
რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა და ირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი, ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის საპროგნოზო მოსავალი 60 ათასი ტონის ფარგლებში მერყეობს. დღეის მდგომარეობით, 2,5 ათას ტონაზე მეტი უკვე ექსპორტირებულია.
„ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, მიმდინარე წლის 4 ივლისიდან 2023 წლის 4 ივლისამდე, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს. ამ ეტაპზე, შეზღუდვები არ ვრცელდება სიმინდის ექსპორტზე.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ხორბლისა და ქერის მწარმოებლებთან არაერთი შეხვედრა გამართა და მათი პოზიციები მოისმინა. მწარმოებლების განცხადებით, ადგილობრივი ბაზარი, არსებული მოთხოვნიდან გამომდინარე, ქვეყანაში წარმოებულ მოსავალს სრულად აითვისებს“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.