მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოს რკინიგზა წელს ₾278-მილიონიან მოგებაზეა

636e0e1ca3684
შოთა ტყეშელაშვილი
11.11.22 12:57
1074
საქართველოს რკინიგზამ 2022 წლის 9 თვეში 507 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღო - ამის შესახებ გადაცემა "საქმის კურსის" ეთერში რკინიგზის დირექტორმა დავით ფერაძემ განაცხადა. მისი თქმით, რეკორდულადაა გაზრდილი კომპანიის მოგებაც და ის 278 მილიონს შეადგენს. ეს წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 25-ჯერ დიდი მოგებაა.

კომპანიის შემოსავლის მატება 20%-ით, 11 მილიონ ტონამდე გაზრდილმა ტვირთბრუნვამ განაპირობა. დავით ფერაძის თქმით, რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებულმა ომმა საქართველოს სატრანსპორტო დერეფანზე მოთხოვნის ზრდა განაპირობა.

“არაერთი ტვირთი მობრუნდა ჩვენ დერეფანში და ბოლო პერიოდში საკმაოდ დიდი ზრდა დაფიქსირდა სატვირთო დერეფანში, ბოლო 3 კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 22%-ით გაზარდა თავისი შემოსავლები და ეს არის, დაახლოებით, 507 მილიონი ლარი, ზრდის მსგავსი პრეცედენტი საქართველოს რკინიგზის ისტორიაში. ასევე უნდა ითქვას, რომ წელს თითოეული კვარტალი დავხურეთ მოგებით, წლის პირველ სამ კვარტალში კომპანიის მოგება 278 მილიონი ლარი იყო. ეს არის ოცდახუთჯერ გაზრდილი წმინდა მოგება წინა წელთან შედარებით. წლის ბოლომდე ველოდებით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის დამატებას.

საქართველოს რკინიგზა წლის ბოლომდე პროგნოზირებს 14-15 მილიონი ტონის გადაზიდვას, რაც ბოლო 10 წელია არ ყოფილა ჩვენ კომპანიაში. ნავთობის გარდა, დაემატა კიდევ ახალი ტვირთები ეს არის მაგალითად, შაქრის ნედლეული, რომელიც ევროპიდან აზიის მიმართულებით გადაადგილდება, ასევე არის გაზრდილი ქიმიკატების ტრანზიტი. რაც შეეხება მარჟიან ტვირთებს, აქაც ზრდა არის საკონტეინერო ტვირთებზე, წელს 232%-იანი ზრდაა ჩინეთიდან ევროპის მიმართულებით საკონტეინერო გზავნილებზე. ასევე გაზრდილია ტვირთბრუნვა ბაქო-თბილისი-ყარსის მიმართულებით,” - განაცხადა დავით ფერაძემ.

კითხვაზე - თუ როდის შეიძლება ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა სრულფასოვნად ამოქმედდეს, დავით ფერაძე პასუხობს, რომ ეს, სავარაუდოდ, წლის ბოლოს უნდა მოხდეს, ხოლო ექსპლოატაციაში შესვლის პირველივე წელსვე მან 5-6 მილიონი ტონა ტვირთები უნდა გაატაროს.

“ბოლო 4-5 წელია რაც სატესტო რეჟიმში მიმდინარეობს ამ მონაკვეთის ექსპლოატაცია. დღესდღეობით ამ ხაზზე ვატარებთ მხოლოდ საკონტეინერო გზავნილებს და მშრალ ტვირთებს. უკვე ავედით დაახლოებით 0.8-0.9 მილიონ ტონაზე და გაშვებისთანავე ველოდებით 5-6 მილიონი ტონის ნაკადს.

ამ პროექტს ახორციელებს აზერბაიჯანული მხარე და აზერბაიჯანული კომპანია და როგორც გვაქვს ინფორმაცია, წლის ბოლოს უნდა იყოს დასრულებული ეს პროექტი,”- განაცხადა დავით ფერაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები