ზაფხულის სეზონზე საუდის არაბეთის 5 ქალაქიდან თბილისსა და ბათუმში პირდაპირი რეისები შესრულდება - ამის შესახებ განცხადება ეკონომიკის მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა გააკეთა, თუმცა დეტალები არ დაუკონკრეტებია. მისივე თქმით, მოლაპარაკებები მიმდინარეობს საუდის არაბეთის ერთ-ერთ ავიაკომპანიასთან, რომელიც საქართველოს ბაზარზე ოპერირებას პირველად დაიწყებს.
“საშუალოდ 400-მე მეტი სიხშირით შესრულდება პირდაპირი საჰაერო მიმოსვლები საქართველოს სხვადასხვა აეროპორტში. გამოვყოფდი საუდის არაბეთს ჩვენთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვან სამიზნე ბაზრად. მე ძალიან მოხარული ვარ, რომ უკვე მოკლე პერიოდში წარმატებით დავხურავთ ერთ-ერთ მსხვილ ადგილობრივ ავიაკომპანიასთან მოლაპარაკებებს, რომელიც ზაფხულის სეზონზე პირველად დაიწყებს ოპერირებას საქართველოს ტურისტულ და საავიაციო ბაზარზე. გარდა ამისა, საუდის არაბეთიდან ზაფხულის სეზონზე შესრულდება 5 ქალაქიდან პირდაპირი რეისები თბილისსა და ბათუმში. სავარაუდოდ, კვირაში ჩვენ 54 სიხშირეს ველოდებით", - აცხადებს ეკონომიკის მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი.