მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საშემოდგომო სესიაზე „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ კანონპროექტს განიხილავენ

631864ada30e7
მარიამ ვარადაშვილი
07.09.22 14:05
3611

მთავრობამ პარლამენტის 2022 წლის საშემოდგომო სესიის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა წარადგინა. მათ შორის არის ეკონომიკის სამინისტროს მიერ წარდგენილი „კერძო ნებაყოფლობითი პენსიის შესახებ“ მომზადებული კანონპროექტი. 

განმარტებითი ბარათის თანახმად, ქვეყანაში ეფექტიანი საპენსიო სისტემების დანერგვის და მოქალაქეებისათვის  ღირსეული პენსიის მიღების უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია შეიცვალოს და განახლდეს არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის საკანონმდებლო ჩარჩო. 

ეკონომიკის სამინისტროში მიაჩნიათ, რომ კანონპროექტის შემუშავება ხელს შეუწყობს კერძო დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებას სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად. 

2018 წელს მიღებულმა კანონმა „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საპენსიო რეფორმის ხელშეწყობის გარდა აგრეთვე კაპიტალის ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობა შექმნა. 

დაგროვებით საპენსიო სქემაში გაწევრიანება სავალდებულოა ყველა დასაქმებულისათვის, ხელფასის სახით მიღებული შემოსავლის ნაწილში, გარდა იმ დასაქმებულისა, რომელსაც კანონის ამოქმედებამდე (2018 წლის 6 აგვისტო) შეუსრულდა 60 წელი [კაცი] და 55 წელი [ქალი].

“ღირსეული პენსიის უზრუნველსაყოფად და მოსახლეობისათვის საპენსიო სქემაში მონაწილეობის უფრო მეტი მოქნილობისთვის აუცილებელია განახლდეს „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“ კანონიც. ეს უკანასკნელი (მსოლფიო ბანკის მიერ ე.წ. მესამე სვეტის საპენსიო სქემა) ხელს შეუწყობს კერძო ნებაყოფლობითი დაგროვებითი საპენსიო სქემების განვითარებას სავალდებულო დაგროვებითი პენსიის პარალელურად”, - წერია პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ გეგმაში.

ავტორების განცხადებით, კანონპროექტი ასოცირების შეთანხმების ფარგლებში ნაკისრი ვალდებულების შესრულებით უფრო დაახლოებს ასეთი სქემების რეგულირების მექანიზმებს ევროკავშირის სტანდარტებთან და გახდის მათ უფრო მეტად დაცულს. მიუხედავად იმ გარემოებისა, რომ ამ ტიპის სქემებში ჩართულობა უმეტეს ქვეყანაში დაბალია, ის თავისუფლებას აძლევს დასაქმებულებს, დამსაქმებლებსა და აქტივების მმართველ კომპანიებს, ისევე როგორც სადაზღვევო კომპანიებს დასაქმებულების კონკრეტული სეგმენტისათვის შექმნან კონკურენტუნარიანი საპენსიო პროდუქტი. 

კანონპროექტით გათვალისწინებული იქნება აგრეთვე ინდივიდუალურ კერძო საპენსიო სქემებში მონაწილეობა, ხოლო რაც შეეხება სქემის დამფუძნებლებს, კანონპროექტი საკმაოდ მოქნილია ამ მიმართულებით და ასოციაციებს და სხვა პროფესიულ კავშირებს მისცემს საშუალებას, დააფუძნონ კერძო საპენსიო სქემები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები