მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სავაჭრო ცენტრებს ქონების გადასახადის შეღავათი არ შეეხებათ - ნათია თურნავა

6011519324df4
ვიქტორია მღებრიშვილი
27.01.21 15:47
807
სავაჭრო ცენტრები მთავრობას საგადასახადო შეღავათებისა და მთავრობის მხარდაჭერის ანტიკრიზისულ პაკეტში შეყვანის მოთხოვნით გასული წლიდან მიმართავდნენ. BM.GE-სთან საუბრისას „თბილისი ცენტრალის“ დირექტორი ლევან ყარალაშვილი შეხვედრის დაწყებამდე აცხადებდა, რომ გასული წლის განმავლობაში მოლები 5 თვის განმავლობაში უმოქმედოდ იყვნენ და ქონების გადასახადის გადახდა უსამართლობა იქნებოდა. თუმცა როგორც შეხვედრის შემდეგ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, სავაჭრო ცენტრებს საგადასახადო შეღავათები არ შეეხებათ.

„საგადასახადო შეღავათებთან დაკავშირებით საუბარი არ არის, რადგან ვაჭრობა ის სექტორია, რომელიც შედარებით სწრაფად აღდგება, ამასთან წინასაახალწლო პერიოდშიც ვამუშავეთ, შესაბამისად სხვა შეზღუდულ ბიზნესებთან შედარებით მათ შეუძლიათ მოიკრიბონ ძალები და საკუთარი რესურსით გააგრძელონ საქმიანობა“, - განაცხადა თურნავამ.

მინისტრის შეფასებით, მოსახლეობაში ვაჭრობის მოთხოვნა დიდია და ამიტომ ინდუსტრია სწრაფად შეძლებს აღდგენას. ის თვლის, რომ გასული წლებისგან განსხვავებით 2021 წლის თებერვალი სექტორისთვის შემოსავლიანი იქნება.

„ეს არის კომპრომისული გადაწყვეტილება, რომ ამ ეტაპზე მთელი ქვეყნის მასშტაბით გავხსნათ სავაჭრო ინდუსტრია. პანდემიამდე ვიცით, რომ თებერვალი მკვდარი თვე იყო. თუმცა პანდემიის პერიოდში მომხმარებელთა ქცევა განსხვავებულია. მოსახლეობაში დაგროვილია პროდუქტის შეძენის საჭიროება და გადააწყობს თავის ქცევას და მივა სავაჭროდ. ბევრი საჭიროება დაგროვდა - ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, ოჯახები, ვისაც ბავშვები ჰყავთ და ფეხის ზომა სწრაფად ეზრდებათ და უნდა შეუცვალონ ფეხსაცმელი, ასეთი მომხმარებელი მოლოდინის რეჟიმშია და თებერვალიც საკმაოდ აქტიური იქნება“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები