მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

შვედეთი COVID-19-თან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის

5f8df55eacc6e
თამთა ჯიჯავაძე
20.10.20 00:21
6475
შვედეთი კორონავირუსთან ბრძოლის სტრატეგიას ცვლის და მისი მეზობელი ქვეყნების მსგავსად შემზღუდველი ზომების დაწესებას აპირებს.

ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის, ანდერს ტეგნელის განცხადებით, ის აპირებს შეხვდეს ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს უახლოესი კვირის განმავლობაში, რათა განიხილონ ახალი ზომები, რასაც დედაქალაქ სტოკჰოლმსა და მის ახლოს მდებარე ქალაქ უფსალაში ეპიდემიის შეჩერების მიზნით დააწესებენ.

ცნობისთვის, შვედეთმა მისი მეზობელი და სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, ვირუსის პირველი ტალღის დროს არ გამოაცხადა „ლოქდაუნი“. ამის ნაცვლად პრემიერ-მინისტრ სტეფან ლევენის გადაწყვეტილებით, მაღაზიები, ბარები და რესტორნები, ასევე სკოლები ჩვეულ რეჟიმში აგრძელებდნენ მუშაობას.

ამ სტრატეგიის გამო, შვედეთში კორონავირუსით სიკვდილიანობის გაცილებით უფრო მაღალი რიცხვი დაფიქსირდა, ვიდრე მის მეზობელ ქვეყნებში. კერძოდ, ბოლო მონაცემებით, შვედეთში ვირუსს ემსხვერპლა 5 918 ადამიანი, მაშინ როდესაც ნორვეგიაში 278 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 351 პაციენტი ფინეთში.

ამგვარად, შვედეთი ახლა სტრატეგიას ცვლის და ადგილობრივ მთავრობებს აძლევს უფლებას გარკვეული ზომები მიიღონ. ეს ზომები კი შეიძლება იყოს პირბადის ტარება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაგალითად სავაჭრო ცენტრებში, მუზეუმებში, სავარჯიშო დარბაზებში, კონცერტებსა და ფეხბურთის მატჩებზე. შვედებს ასევე შესაძლოა მოუწოდონ თავი აარიდონ საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობას და კონტაქტებს იმ ადამიანებთან, რომლებიც ვირუსის მიმართ ყველაზე მოწყვლადები არიან.

თუმცა, როგორც ქალაქ უფსალას ინფექციური დაავადებების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა იოჰან ნოიდმა განაცხადა, ის კიდევ უფრო მკაცრი ზომების მიღებას განიხილავს, როგორიცაა მაგალითად სტუმარმასპინძლობაზე შეზღუდვები, თუ ქალაქში შემთხვევებმა იმატა.

სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, შვედეთში რეგულაციების დარღვევისთვის ჯარიმების დაწესებას არ აპირებენ. როგორც შვედეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სამსახურის წარმომადგენელმა განაცხადა, ახალი წესები დაახლოებით "რეგულაციებსა და რეკომენდაციებს“ შორის იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები