მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სუროგაცია უანგაროდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეთათვის - კანონპროექტი საჯაროა

6492aa8823425
BM.GE
21.06.23 17:38
953
საქართველოს პარლამენტის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა უცხოელებისთვის სუროგაციის ამკრძალავი საკანონმდებლო პაკეტი. მისი მიხედვით, მედიცინის დახმარებით რეპროდუქციული სერვისების ბენეფიციარი მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეიძლება იყვნენ. ამასთან, კანონის მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებისთვის სუროგაციის სერვისის მიწოდება სუროგატი დონორისგან მხოლოდ უანგაროდ უნდა მოხდეს. შესაბამისად, სუროგატი დედებისთვის მატერიალური სარგებლის შეთავაზება კანონით იზღუდება.

კანონპროექტის მიხედვით, სუროგაციის და სხვა რეპორუქციული სამედიცინო სერვისების (რომლებიც კანონპროექტშია ჩამოთვლილი) ბენეფიციარები მხოლოდ 55 წლამდე პირები შეიძლება იყვნენ.

აქვე აღსანიშნავია, რომ კანონით იკრძალება პროცედურები, რომელიც ინვიტრო განაყოფიერებას ეხება. 

კანონპროექტი განსაზღვრავს სხვადასხვა პროცედურის ჩატარების წესს, ასევე იმ პირთა წრეს, რომელთაც ამ სერვისით სარგებლობა შეეძლებათ:

მედიცინის დახმარებით რეპროდუქცია (შემდგომ - მდრ) - რეპროდუქცია, რომელიც ხორციელდება სხვადასხვა ინტერვენციების, პროცედურების, ქირურგიული ჩარევებისა და ტექნოლოგიების საშუალებით, ორსულობის მიღების მიზნით. ეს მოიცავს ოვულაციის ინდუქციას, საკვერცხეების სტიმულაციას, ოვულაციის გამოწვევას, დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიის ყველა პროცედურას, საშვილოსნოს გადანერგვას და საშვილოსნოს შიდა, ინტრაცერვიკალურ და ინტრავაგინალურ ინსემინაციას ქმრის/პარტნიორის ან დონორის სპერმით;

დამხმარე რეპროდუქციული ტექნოლოგიები (შემდგომ - დრტ) - ყველა ჩარევა, რომელიც მოიცავს ადამიანის კვერცხუჯრედებისა და სპერმის ან ემბრიონების ინ ვიტრო (ორგანიზმის გარეთ) დამუშავებას რეპროდუქციის მიზნით. ეს მოიცავს (მაგრამ არ შემოიფარგლება) ინ ვიტრო განაყოფიერებას (IVF) და ემბრიონის გადატანას (ET), კვერცხუჯრედების ასპირაციას/ექსტრაქციას საკვერცხეებიდან, სტანდარტულ ინსემინაციას, სპერმის ინტრაციტოპლაზმურ ინექციას (ICSI), ემბრიონის ბიოფსიას, პრეიმპლანტაციურ გენეტიკურ ტესტირებას (PGT), ემბრიონის გარსის ხელოვნურ დარღვევას (Assited Hatching), სპერმის ასპირაციას/ექსტრაქციას მამაკაცის სათესლე ჯირკვლიდან და დანამატიდან, გამეტების/სასქესო უჯრედების, ემბრიონებისა და ქსოვილების კრიოპრეზერვაციას და საცავში შენახვას, სპერმის, კვერცხუჯრედების და ემბრიონების დონაციას, გესტაციური სუროგაციას, გამეტებისა და ემბრიონების გაყინვას, კვერცხუჯრედის ორგანიზმის გარეთ მომწიფებას (IVM), სასქესო უჯრედის ფალოპის მილებში გადატანას (GIFT), განაყოფიერებული კვერცხუჯრედის ფალოპის მილში გადატანას. დრტ არ მოიცავს დამხმარე ინსემინაციას ქალის ქმრის/პარტნიორის ან დონორის სპერმის გამოყენებით;

ინსემინაცია - საშვილოსნოსშიდა, ინტრაცერვიკალური და ინტრავაგინალური განაყოფიერების პროცედურა, რომლის დროსაც ქმრის/პარტნიორის ან დონორის ლაბორატორიულად დამუშავებული სპერმა თავსდება საშვილოსნოში/საშვილოსნოს ყელში/საშოს ღრუში, ორსულობის მცდელობის მიზნით;

სუროგაცია - დრტ-ის გამოყენებით, დონორების ან ბენეფიციარების რეპროდუქციული უჯრედების განაყოფიერების შედეგად შექმნილი ემბრიონის გესტაციური სუროგატის საშვილოსნოში გადატანა, ორსულობა და ბავშვის გაჩენა;

დონორი - ადამიანის რეპროდუქციული უჯრედების ან ქსოვილის ან ემბრიონის წყარო. დონორად არ მიიჩნევა ის ქალი ან მამაკაცი, რომელიც გასცემს რეპროდუქციულ უჯრედებს, რათა ისინი გამოყენებულნი იქნენ მდრ-ის პროცესში მისივე გამრავლების მიზნით;

დონაცია - ადამიანის ქსოვილების, უჯრედების ან ემბრიონების გაცემა მდრ-თან დაკავშირებულ საქმიანობაში გამოყენების მიზნით;

მდრ-თან დაკავშირებულ მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა:

1. მდრ-თან დაკავშირებული მომსახურება უშვილობის მკურნალობის მიზნით ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის, სამოქალაქო ქორწინებაში მყოფი ან სამოქალაქო ქორწინებაში არმყოფი წყვილებისთვის, მარტოხელა ქალებისა და მარტოხელა მამაკაცებისათვის, რომელთაც სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლის მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად და ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულებას.

2. მდრ-ის მომსახურება, ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის ქალების ან მამაკაცებისთვის, რომლებსაც არ აქვთ უნაყოფობის დიაგნოზი, თუმცა მათ მიერ რეპროდუქციული ფუნქციის შესრულება საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას ან რისკის შემცველია ორსულობის ან მშობიარობის ნორმალური მიმდინარეობისთვის ანდა არსებობს ნაყოფისთვის/შთამომავლობისთვის გენეტიკური ან ინფექციური დაავადების გადაცემის საფრთხე და რომელთაც, სავარაუდოდ, შეეძლებათ მშობლების მოვალეობების გონივრულად, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შესრულება.

3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტებით განსაზღვრული პირების გარდა, მდრ-ის მომსახურება საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების გამოყენების საშუალებით, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სრულწლოვანი, 55 წლამდე ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, რომელთაც გადადეს საკუთარი რეპროდუქციული უჯრედების გამოყენება რეპროდუქციული ფუნქციის სამედიცინო მიზეზით შესაძლო შემცირების ან დაკარგვის გამო ან ოჯახის დაგეგმვის მიზეზით.

4. არასრულწლოვნებს, რომლებიც სამედიცინო მიზეზების გამო რეპროდუქციული ფუნქციის შემცირების ან დაკარგვის რისკის ქვეშ იმყოფებიან, ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობით, უფლება აქვთ, შეინარჩუნონ და შეინახონ რეპროდუქციული უჯრედები ან ქსოვილი შემდგომი გამოყენებისთვის.

5. ამ მუხლით გათვალისწინებულ მომსახურებად მიიჩნევა მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულების ან მდრ-ის განმახორციელებელი ბანკის მიერ რეპროდუქციული უჯრედების, ემბრიონების შექმნასთან, დამუშავებასთან, გაყინვასთან, შენახვასა და მიწოდებასთან დაკავშირებული მომსახურებები. მდრ-თან დაკავშირებული მომსახურების მიღებისთვის სამედიცინო ჩვენებები და უკუჩვენებები დგინდება მინისტრის ბრძანებით და განისაზღვრება შესაბამისი სპეციალობის მქონე ექიმის მიერ.

დონაციის სახეები:

დონაციის ნებაყოფლობითობა და უანგარობა

1. დონაცია, დონორის გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება იყოს ანონიმური ან ღია (არაანონიმური). ამასთანავე, დონაცია, დონორისა და პოტენციური მშობლების გადაწყვეტილების შესაბამისად, შეიძლება იყოს პირდაპირი.

2. მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობები ეფუძნება ნებაყოფლობით და უანგარო დონაციას, დონორის ალტრუიზმს და სოლიდარობას დონორსა და რეციპიენტს შორის (რეპროდუქციული უჯრედების, ქსოვილების და ემბრიონების დონორების ჩათვლით).

3. ბანკი საქმიანობს არაკომერციულ საფუძველზე არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ორგანიზაციულ - სამართლებრივი ფორმით.

ფინანსური სარგებლის მიღების აკრძალვა:

1. აკრძალულია ფინანსური მოგების ან სხვა სახის მატერიალური სარგებლის მიღება ან შეთავაზება/მიცემა რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონის დონაციის სანაცვლოდ. რეპროდუქციული უჯრედების/ქსოვილების ან ემბრიონების დონორები არ უნდა იღებდნენ რაიმე სახის ფინანსურ მოგებას ან სხვა სახის მატერიალურ სარგებელს დონაციის ან სუროგაციის სანაცვლოდ.

2. აკრძალულია რეპროდუქციული უჯრედებით/ქსოვილებით ან ემბრიონებით ვაჭრობა, აგრეთვე, მდრ-სთან დაკავშირებული საქმიანობის პროცესში იმ რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების გამოყენება, რომლებიც მიღებულია ვაჭრობის შედეგად.

3. თუ მდრ-ის პროცედურებში მონაწილე პერსონალს აქვს დასაბუთებული ეჭვი, რომ რეპროდუქციული უჯრედები ან ემბრიონები მიღებულია (მოპოვებულია) ამ კანონის მოთხოვნების დარღვევით, ის ვალდებულია, შეაჩეროს მდრ-ის პროცედურა და ამის შესახებ დაუყოვნებლივ შეატყობინოს კომპეტენტურ უწყებას.

4. ფინანსური მოგებად ან სხვა სახის მატერიალურ სარგებლად არ ჩაითვლება: ა) დონორების კომპენსაცია შემოსავლის დაკარგვის, პროცედურებთან დაკავშირებული დისკომფორტის და ნებისმიერი სხვა სახის გამართლებული ხარჯების გამო, რომელიც გამოწვეულია რეპროდუქციული უჯრედების ან ემბრიონების დონაციით ან მათთან დაკავშირებულ სამედიცინო გამოკვლევებთან (ტრანსპორტირება, საცხოვრებლით უზრუნველყოფა, კვების საფასური და ა.შ.); ბ) კომპენსაცია, მდრ-ის პროცედურებთან დაკავშირებული გაუთვალისწინებელი დაზიანების შემთხვევაში; გ) დონაციასთან დაკავშირებით გაწეული, აუცილებელი სამედიცინო ან მასთან დაკავშირებული ტექნიკური მომსახურების დასაბუთებული საფასური; დ) საფასური ამ კანონის მე-6 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული, მდრ-სთან დაკავშირებული მომსახურების გაწევისთვის; ე) ამ მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა კომპენსაცია, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

5. მდრ-ის განმახორციელებელი დაწესებულება პასუხისმგებელია, რომ დონორის ყველა სამედიცინო ხარჯი, რომელიც წარმოიქმნება ან უკავშირდება დონაციის პროცესს ან გესტაციური სუროგატის მომსახურებას, იქნება დაფარული.

6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული კომპენსაციის/საფასურის გაცემის წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.

გესტაციური სუროგატის შერჩევა, ტესტირება და შეფასება

1. მდრ-ის განმახორციელებელმა დაწესებულებამ მდრ-თან დაკავშირებულ საქმიანობებში გესტაციური სუროგატის ჩართვამდე უნდა განახორციელოს გესტაციური სუროგატის შერჩევა, ტესტირება და შეფასება.

2. გესტაციური სუროგატი უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ კრიტერიუმებს:

ა) იყოს არანაკლებ 20 წლის;
ბ) გაჩენილი ჰყავდეს არანაკლებ 1 ბავშვი;
გ) გავლილი ჰქონდეს სამედიცინო შეფასება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
დ) გავლილი ჰქონდეს ფსიქოლოგის შეფასება ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით;
ე) გავლილი ჰქონდეს იურიდიული კონსულტაცია შესაბამის კვალიფიციურ პირთან ამ კანონის მე-20 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე, ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი წესით,”- ნათქვამია კანონპროექტში.

კანონი ძალაში შედის 2024 წლის 1-ელი იანვრიდან. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები