დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ერთი თვის წინ დააანონსა, რომ მერია ეკონომიკის და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ერთად, თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად ინტერესთა გამოხატვას გამოაცხადებდა, თუმცა როგორც bm.ge-ის თბილისის მთავრობაში განუცხადეს, ინტერესთა გამოხატვა, ჯერჯერობით, არ გამოცხადებულა.
"ამ ეტაპზე მიმდინარეობს ინტერესთა გამოხატვის პირობების საბოლოო დეტალების დაზუსტება და უახლოეს მომავალში გამოცხადდება. რაც შეეხება პირობებს, ის საჯარო გახდება ინტერესთა გამოხატვის გამოცხადების შემდეგ და ნებისმიერ პირს ექნება შესაძლებლობა, მიიღოს მონაწილეობა", - ამბობენ მერიაში.
ამასთან, თბილისის მერიაში ირწმუნებიან, რომ პროექტით უკვე დაინტერესებულია რამდენიმე კომპანია, თუმცა მათი ვინაობის დაკონკრეტებისგან თავს იკავებენ.
„უკვე დაინტერესებულია რამდენიმე კომპანია, რომელთან ერთადაც არაერთი შეხვედრა და კონსულტაცია გაიმართა, თუმცა დაინტერესება არ ნიშნავს იმას, რომ კომპანია აუცილებლად მიიღებს მონაწილეობას, ხოლო მონაწილეობის შემდეგ თვითონ ინტერესთა გამოხატვა გამოავლენს, თუ ვინ იქნება გამარჯვებული, რომელიც პირველ ეტაპზე განახორციელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას და დეტალურ პროექტირებას. მხოლოდ ამის შემდეგ მხარეები ერთობლივად მიიღებენ გადაწყვეტილებას პროექტის მშენებლობის და განხორციელების თაობაზე“, - უთხრეს bm.ge-ს მერიაში.
ცნობისთვის: თბილისის ანძაზე ტურისტული ინფრასტრუქტურის პროექტი ითვალისწინებს დაახლოებით, 70 მეტრის სიმაღლეზე გადმოსახედის მოწყობას, საიდანაც პანორამული ხედები გადაიშლება, ასევე, მოეწყობა კვების ობიექტები. კახა კალაძის ინფორმაციით, თბილისის ანძის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 10-დან 15 მლნ ლარამდე იქნება.