თბილისს საზღვარი ეცვლება - 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობი შესაძლოა გარდაბანს გადაეცეს. საქმე ის არის, რომ საქართველოს მთავრობამ პარლამენტს ახალი ინციატივით მიმართა, რაც თბილისისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტების საზღვრების ცვლილებას ითვალისწინებს.
საკითხი განსახილველად რეგიონული მართვისა და თვითმმართველობის კომიტეტს გადაეცა.
"პატრიოტთა ალიანსიდან" პარლამენტის წევრ ფრიდონ ინჯიას თქმით, ინიციატივაში წერია, რომ საქმე ეხება 1 მლნ კვ/მ მიწის ფართობს, რომელიც ახლა თბილისს ეკუთვნის და გარდაბანს უნდა გადაეცეს.
„როგორც დოკუმენტში ვკითხულობ, თბილისის 1 მლნ კვ/მ მიწის გადაცემა ხდება გარდაბნისთვის. საქმე ეხება კონკრეტულ უცხოურ ფირმას, რომელმაც 2006 წელს შეისყიდა მიწა და ახლა უცბად მოუნდათ, რომ მიწა გადავიდეს გარდაბნის შემადგენლობაში. საინტერესოა, თბილისი გადასახადებს კარგავს? რამდენად სამართლიანი იქნება ეს გადაწყვეტილება?“, - იკითხა ბიუროს სხდომაზე ფრიდონ ინჯიამ და იქვე დაინტერესდა, რატომ ადევს აღნიშნულ კომპანიას ყადაღა, თუმცა თავად ფირმის სახელი არ უთქვამს.
ბიუროს სხდომაზევე უპასუხა მას უმრავლესობის დეპუტატმა ბექა დავითულიანმა, რომელიც დეპუტატობამდე, თბილისის საკრებულოს წევრი იყო. მისი თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ინფორმირებულია.
„მე ამ საკითხზე ინფორმირებული ვარ. ეს არის „გოლფ კლუბი“ შავნაბადის მთის ფერდზე; როცა კომპანია ახორციელებდა ინვესტიციას, მთავრობასთან მემორანდუმი იყო დადებული და გათვლები ისე ჰქონდა გაკეთებული, რომ ინვესტიცია გარდაბანში უნდა გაეკეთებინა, უბრალოდ, თბილისის მიწების ნაწილი მოხვდა იქ. მარტო ამას არ ეხება საქმე, ეს ეხება მთლიანად საზღვრების გავლებასაც თბილისსა და სხვა მუნიციპალიტეტებს შორის, თუმცა ეს მომენტიც იყო. ახლა გამოდის, რომ სამართლებრივად ინვესტორს უდიდესი ნაწილი აქვს გარდაბანში, ნაწილი თბილისში და უბრალოდ, ადმინისტრირება/მენეჯმენტი გაუჭირდა. ეს კომპანია ამას ითხოვს წლებია“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავას თქმით, საკითხი შესაბამის კომიტეტზე განხილული იქნება და ყველა კითხვას გაეცემა პასუხი.
პროექტის შესახებ უფრო ვრცლად წაიკითხეთ სტატიაში
თბილისის საზღვრების ცვლილების პროექტი:
: