მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თეა წულუკიანს სამი მოადგილე ჰყავს

605af0221ff6f
ვიქტორია მღებრიშვილი
24.03.21 11:54
3036
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა დღეს სამინისტროში გამართული შეხვედრის შემდეგ 3 მოდგილე დაასახელა.

თეა წულუკიანის თქმით, მისი მოადგილეები კახა სიხარულიძე, სოსო გიორგაძე და იოსებ ბაღათურია იქნებიან.

„დღეს ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მინისტრის მოადგილეებს. პირველ რიგში, წარმოგიდგენთ მინისტრის პირველ მოადგილე კახა სიხარულიძეს. ის ყველაზე პატივსაცემი ადამიანია. მას აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის ყველაზე დიდი გამოცდილება და ასევე აქვს პოლიტიკურ თანამდებობებზე ყოფნის ჩვენზე მეტი გამოცდილება. კახა სიხარულიძე გახლავთ კარიერული დიპლომატი. ის დიპლომატიურ სამსახურში ემსახურება საქართველოს 1993 წლიდან და საგარეო საქმეთა სამინისტროში სხვადასხვა დროს მინისტრის პირველი მოადგილის, მოადგილის და სხვადასხვა დეპარტამენტების ხელმძღვანელების თანამდებობა ეკავა. ის იყო საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი. კახა სიხარულიძე გახლდათ ჩვენი ქვეყნის ელჩი ჩეხეთში, ჩინეთში, იტალიაში, სან-მარინოსა და მალტაზე. ის გახლავთ ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი. იტალიის დიპლომატთა ასოციაციის საპატიო წევრი და ავტორი წიგნისა ვაჟა ფშაველას პუბლიცისტიკა. ის ჩემთან ერთად იმუშავებს საერთაშორისო საკითხებზე, რომელიც ამ სამინისტროში მრავლადაა და მთლიანად სფეროს და თითოეულ შემოქმედს დაეხმარება, რომ ქართული კულტურა უფრო მეტად გახდეს ხელმისაწვდომი საერთაშორისო ასპარეზზე.

კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება სოსო გიორგაძე. მას ჩემთან ერთად წარდგენა ნაკლებად სჭირდება. ის, როგორც პროფესიონალი იურისტი წლების მანძილზე, როდესაც ჩვენ ფეხს ვიდგამდით პოლიტიკაში, ჩემი გუნდის წევრი იყო, მათ შორის 2012 წლის ზაფხულში და ის სხვადასხვა დროს სისტემაში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. იყო იუსტიციის სახლის გენერალური დირექტორი; სერვისების განვითარების სააგენტოს თავმჯდომარე და 1 აპრილამდე კვლავ იქნება იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ხოლო 1 აპრილიდან ის ამ სამინისტროში მინისტრის მოადგილის თანამდებობას დაიკავებს და ახალგაზრდობის და სპორტის საკითხებს უხელმძღვანელებს.

კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე იქნება ასევე იოსებ ბაღათურია. მაღალკვალიფიციური, გამოცდილი და რაც ძალიან მნიშვნელოვანია იურისპრუდენციაში პრაქტიკოსი იურისტი. ის არის იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი. ის ასევე გახლავთ სოციალურ მეცნიერებათა დოქტორი. ის მუშაობდა ხელმძღვანელ თანამდებობებზე იუსტიციის სამინისტროს სისტემაში და წლების მანძილზე აღსრულების ეროვნულ ბიუროს ხელმძღვანელობდა. მას აქვს საქართველოს გენერალურ პროკურატურაში სასამართლოს სისტემაში პრაქტიკული მნიშვნელოვანი გამოცდილება. ის იქნება ჩვენი სამინისტროს საპარლამენტო მდივანი და სათავეში ჩაუდგება საქართველოს კულტურის კოდექსის შემქნის პროცესს“, - განაცხადა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა.

შეგახსენებთ: მთავრობამ კულტურის სამინისტროს აღდგენის გადაწყვეტილება 2020 წლის ბოლოს მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები